1749042430
„ფარერის კუნძულებთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გიორგი ლორია იქნება“ - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან ამხანაგურ შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ ვარჯიში გამართა, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ზარია გამოაკლდა. მის ნაცვლად სანიოლმა შეკრებაზე აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი გამოიძახა.
„სეზონის ბოლოს სანაკრებო მატჩები ფეხბურთელებისთვის რთულია, მაგრამ ყველას სურს, რომ თამაშებს მომზადებული შეხვდეს. აქ მოთამაშეები იმისთვის არიან, რომ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ.
ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, სექტემბერში ვის მოვიწვევ. ეს მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოემზადებიან თამაშებისთვის. ახალგაზრდულ ნაკრებსაც დავაკვირდები. ნაკრების კაპიტანს რაც შეეხება, ხვალ სამკლავურით გუნდს გიორგი ლორია გაიყვანს.
საბა ხარებაშვილი 16 წლისაა, ჯერ ძალიან პატარაა და ძალიან ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ აქვს შანსი, რომ ითამაშოს. წინასწარ არ მაქვს გადაწყვეტილი ვის ვათამაშებ. ეს ფეხბურთელების მზადყოფნაზეა დამოკიდებული.
რას ველოდებით ფარერების ნაკრებისგან? დაცვაში მჭიდროდ თამაშობენ, რის გამოც სომხეთსა და ჩეხეთს პრობლემები შეუქმნეს. ამიტომ, იოლ შეხვედრას არ უნდა ველოდოთ. გაგუას ცოტა მეტი დრო უნდა, რომ თავისი პოტენციალი გამოავლინოს. ამ შეკრებაზე ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა – მას წარმატების მისაღწევად პოტენციალი გააჩნია.
რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას გამარჯვება? ხვიჩას შეუძლია ლიდერის როლი შეითავსოს და ახალგაზრდებისთვის მაგალითი გახდეს. მას შემდეგ, რაც ის გამოჩნდა, საქართველოში ბევრი სკაუტი ჩამოდის და ზოგადად, ხვიჩა უცხოეთში საქართველოს კარგი ელჩი გამოდგა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს შეხვდება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.