გარდაიცვალა „რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი
1731651782
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და სტაფს საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ოქროს მონეტები გადასცა.
ოქროსა და ვერცხლის 5 ლარის ნომინალი საკოლექციო მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება, ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნად, მიმდინარე წლის მარტში მიიღო. აღნიშნული მონეტები საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებასთან არის დაკავშირებული.
მონეტებისთვის დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინის ავტორი ბაჩო ლაგვილავა). მისი თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება ნაკრების ბრენდბუქს.
მონეტის ავერსზე გამოსახულია მთავარი სიმბოლო - ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ამ ლოგოს დიზაინიდან ამოღებული მხედრის გამოსახულება (ცხენზე ამხედრებული გმირის პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც შიშის სიმბოლოს. მთავარი სიმბოლოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერპრეტაციაც საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და ამით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა. მონეტაზე დატანილია ბრენდის სლოგანი "მე ვარ საქართველო", რომელიც ახმოვანებს მის იდეოლოგიას როგორც ბრენდის, ისე ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მხრიდან.
მონეტის რევერსზე გამოსახულია ფეხბურთელის მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც შეიქმნა ნაკრების ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად და ირეკლავს ბრენდის ფილოსოფიას და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს. მონეტა ასევე შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს. მონეტების რეალიზაციის შესახებ დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.