ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როცა ჩემს სახელს დიდ ჩემპიონებს შორის ახსენებენ - მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილმა ნიუ ჯერსიში ჩატარებულ UFC 316-ზე სუპერსმუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.

აღნიშნული ბრძოლისა და სამომავლო გეგმების შესახებ 34 წლის ქართველმა მებრძოლმა ჟურნალისტ არიელ ჰელვანის გადაცემაში ისაუბრა.

„მსურს, UFC-ს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. ზოგჯერ ვამბობ რაღაცას, რაც შეიძლება ორგანიზაციას არ მოეწონოს – ახლა უკვე უკეთ ვაცნობიერებ ამას. მაგრამ არაფერს ვნანობ. მე ის ვარ, ვინც ვარ – ასე გავიზარდე. დედამ და მამამ მასწავლეს, ყოველთვის ჩემი სიმართლე ვთქვა და მივყვე იმას, რაც სწორად მიმაჩნია.

პირველ ბრძოლასთან შედარებით ო’მალი უკეთ გამოიყურებოდა, მიწაზე გადაყვანისგანაც თავს კარგად იცავდა. როგორც ჩანს, მან ჩემს ბრძოლებს უყურა, თუმცა მეც უკეთესი ვიყავი და ყველა ის შეცდომა გამოვასწორე, რომელიც წინა ბრძოლისას დავუშვი. პირველ დაპირისპირებაში უბრალოდ ქამრის მოპოვება მინდოდა და სიფრთხილეს ვიჩენდი, ახლა კი ვცდილობდი, რაღაც უკეთესი გამეკეთებინა.

საკუთარ თავს სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლად არ ვთვლი, UFC-ში ყოფნითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ჩემპიონის სტატუსი მაქვს და მიხარია, როცა ჩემს სახელს დიდ ჩემპიონებს შორის ახსენებენ. მთავარი მიზანია, ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ვცდილობ, გავცდე ჩემს შესაძლებლობებს. თითოეული გამარჯვება ჩემი ქვეყნისთვის და გუნდისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ძალიან მინდა, დავეხმარო ახალგაზრდა ქართველ მებრძოლებს. უკვე ვმუშაობ იმაზე, რომ საქველმოქმედო დარბაზი ავაშენო – ადგილი, სადაც ახალგაზრდებს პროფესიულ დონეზე ვარჯიშის საშუალება ექნებათ. საქართველოში ბევრი დარბაზია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პატარა, ცუდად აღჭურვილი, მწვრთნელის გარეშე. მინდა, ეს ყველაფერი უკეთესისკენ შევცვალო. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, რაღაც დავუბრუნო ჩემს ქვეყანას“, – განაცხადა დვალიშვილმა.