ბრიტანული მედიის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ ჯეკ გრილიშის გაყიდვას და მის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას განიხილავს

ჯეკ გრილიში

ბრიტანული მედიის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ ჯეკ გრილიშის გაყიდვას და მის ნაცვლად „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას განიხილავს.

როგორც გამოცემა HITC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, „სიტი“ უკმაყოფილოა 28 წლის გრილიშის გახშირებული ტრავმებით და მოედანზე მისი ეფექტიანობით.

„სიტიში“ ფიქრობენ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი, რომლის ხელფასიც კვირაში 300 000 გირვანქას შეადგენს, ბოლო 12 თვის განმავლობაში აღარ პროგრესირებს. „ქალაქელებთან“ გრილიშის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გრილიშის პოტენციურ შემცვლელად „სიტი“ კვარაცხელიას განიხილავს, თუმცა იმის გამო, რომ „ნაპოლის“, დიდი ალბათობით, ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეაპოლელებმა კვარაცხელიას გაყიდვაც მოისურვონ.

თუმცა, HITC ასევე ციტირებს კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ კარგი წინადადების მიღების შემთხვევაში, „ნაპოლი“ კვარაცხელიას დაემშვიდობება.