1749736140
ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს

საქართველოს ფეხბურთელთა21-წლამდე ნაკრები 11 ივნისს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ჟილინას სტადიონზე პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშამდე ერთი დღით ადრე, გუნდმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართა ოფიციალური პრესკონფერენცია.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი უკვე მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ამასთან ჩვენი ქვეყანა ზედიზედ მესამე ზაფხულია წარმოდგენილია ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიური შრომით მივაღწიეთ. ამ საერთო საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული. დარწმუნებული ვარ, ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და გავაგრძელებთ წინსვლას. პოლონეთის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. კარგად დაბალანსებული გუნდია. მათ დიდი პატივს ვცემთ, მაგრამ გვაქვს ჩვენი გეგმები და ვეცდებით სისრულეში მოვიყვანოთ. ჩვენი გეგმა ყოველთვის უცვლელია. ნებისმიერ თამაშზე გავდივართ დადებითი შედეგის მისაღწევად. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტოპ ნაკრები, საშუალო თუ შედარებით დაბალი კლასის გუნდი, ჩვენთვის არაფერი იცვლება“, - განაცხადა სვანაძემ.
პოლონეთი - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.