ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან საჩუქრად 7 500 ლარამდე დაფინანსებას ბიზნესის წამოსაწყებად - დეტალები

puli

თუ ბიზნესის წამოწყება გსურთ, ფიქრობთ, რომ მეწარმე გახდეთ და ხართ, ან დევნილი, ან ეკომიგრანტი, მაშინ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეს პროგრამა თქვენთვისაა. 

7 500 ლარამდე საჭირო ნივთებს სააგენტო შეგისყიდით. 

"პრაიმტაიმი" ამის შესახებ მოკლე ინფორმაციას გთავაზობთ: 

"დევნილთა და ეკომიგრანტთა ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად დევნილთა სააგენტო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის შემოსავლის ზრდის მხარდაჭერა და შემოსავლის ზრდა. ეს განსაკუთრებით ქალებს და ახალგაზრდებს ეხებათ. 

სააგენტო დაინტერესებულ პირებს, ვისაც სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება სურს და ფინანსურ დახმარებას საჭიროებს, 5 საჭირო სერვისს დაუფინანსებს, ამისთვის საჭირო თანხის ოდენობა 7 500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

პროგრამის განხორციელების შედეგად, დაფინანსდება 26 მიკრო, მცირე ან საშუალო მეწარმე, რომლებიც თავის მხრივ დაასაქმებენ მინიმუმ 26 დევნილს/ეკომიგრანტს.

პროგრამის განხორციელების შედეგად, მხარდაჭერილი იქნება დევნილებისა და ეკომიგრანტების მიერ სამიზნე რეგიონებში მართული სამეწარმეო საქმიანობა, რათა გაიზარდოს მათი საწარმოების ბრუნვა, განხორციელდეს სერვისების გაზრდა/გაფართოება, პროდუქციის/მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ან/და ახალი მომხმარებლის მოზიდვა,

ასევე, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. გარდა ამისა, პროგრამის მიზანია, მოხდეს ქალებისა და შშმ პირების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის წახალისება. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე მიიღებს მხარდაჭერას სამეწარმეო საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ამ მიზნით, შეძენილი იქნება მეწარმის მოთხოვნის შესაბამისად, ძირითადი საშუალება არაუმეტეს 5 ერთეულის ოდენობით შესაბამისი მომსახურებით, რომლის თაობაზე, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ინვოისი.

ინვოისით გათვალისწინებული ძირითადი საშუალების ჯამური ღირებულება (თუ შეძენა ხორციელდება თანამდევი მომსახურებით, მის ჩათვლით) უნდა იყოს არაუმეტეს 7 500 ლარის ფარგლებში. ამასთანავე, თითო ნივთის ღირებულება არ უნდა იყოს 300 ლარზე ნაკლები. თუ მოთხოვნილია, ერთი და იგივე ნივთის ერთზე მეტი ოდენობით შეძენა, ასეთ შემთხვევაში, არ გავრცელდება რაოდენობრივი შეზღუდვა.

მეწარმემ მხარდაჭერის მიღების შემდეგ, არანაკლებ 6 თვის ვადით უნდა დაასაქმოს მინიმუმ 1 პირი. დასაქმებული იყოს დევნილი ან/და ეკომიგრანტი."

ამ პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.