1728312638
ცნობილია კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც შემოსავალი ეზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება შრომის ასანაზღაურებლად
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება როგორც ე.წ. ფოსტერ ოჯახის შრომის ანაზღაურებაც და უშუალოდ ბავშვთა საჭიროებებისთვის განკუთვნილი თანხა.
ვის რამდენით ეზრდება შემოსავალი? ამ კითხვას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ უპასუხა.
"რეგულარული მინდობით აღზრდის ანაზღაურება დღეში 16 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა, ნათესაური მინდობით აღზრდა კი - თვეში 200 ლარიდან 230 ლარამდე. ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ანაზღაურება 375 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება, სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის და ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება 30 ლარიდან 35 ლარამდე გაიზარდა.
ასევე, გაიმიჯნა მინდობით აღზრდაში მყოფი 2 წლამდე ბავშვები და ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება ნაცვლად 16 ლარისა 35 ლარი იქნება. გარდა ამისა, 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება სრულ თვეზე 600 ლარს შეადგენს." - განმარტავენ უწყებაში.
დღეის მდგომარეობით მინდობით აღზრდაში 1812 ბენეფიციარი იმყოფება, მათ შორის 430 შეზღუდული შესაძლებლობის პირია.