1740141413
„სესხს ვერ ვიხდი, მაგრამ ბინა არ მაქვს ბანკში ჩადებული, შეიძლება, გამიყიდონ ჩემი ბინა?“ - ნახეთ ადვოკატის პასუხი

„თუ ფინანსური ვალდებულება გამაჩნია, მაგრამ ბინა არ მაქვს ბანკში ჩადებული, შეიძლება თუ არა, რომ გამიყიდონ ჩემი ბინა?“ - ამ კითხვას იურისტებს ხშირად უსვამენ. ამჯერად მას ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პასუხობს:
„არ აქვს მნიშვნელობა, ბინა ჩადებული გაქვთ თუ არა, თუ ფულადი ვალდებულება გაგაჩნიათ და ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გამოიწერება სააღსრულებლო ფურცელი, თქვენ მოვალეთა რეესტრში მოხვდებით. აღმასრულებელი აგიკრძალავთ თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების უფლებას, ანუ ყადაღას დაადებს მას. შეაფასებს უძრავ ქონებას და აუქციონზე გამოიტანს. აუქციონზე პირველად ბინა გამომდის საბაზრო ღირებულის 75%-ად. თუ ქონების რეალიზაცია არ მოხდა, ბინა პირველ განმეორებით აუქციონზე გამოდის და საწყის ფასად საბაზრო ღირებულების ნახევარი განისაზღვრება. თუ ამ შემთხვევაშიც არ გასხვისდა, მაშინ მეორე განმეორებითი აუქციონი ჩატარდება და საწყის ფასად ქონების ღირებულის 5% დადგინდება. თუ ქონებით ამ შემთხვევაში არავინ დაინტერესდა, ბინას ყადაღა ეხსნება და მეპატრონეს უბრუნდება.
აქ ერთი გამონაკლისი არსებობს: თუ თქვენი კრედიტორი სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველი აუქციონის შემდეგ ბინა შეიძლება ნატურით გადაეცეს სახელმწიფოს. უმეტეს შემთხვევაში ბინას კრედიტორები ყიდულობენ. რადგან თუ ბინაში ვინმე ცხოვრობს, მათ გამოსახლებას წლობით სასამართლოში სირბილი სჭირდება, რაც ჩვეულებრივ მყიდველს არაფერში აწყობს.
ასე რომ, ვალის არსებობის შემთხვევაში, თქვენი უძრავ-მოძრავი ქონება საფრთხის ქვეშაა. ამიტომ ან ვალი მოიშორეთ, ან ბინა“ - ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი.