,,უსაზღვროდ მიხარია..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი

,,უსაზღვროდ მიხარია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს კვლავ შევხვდები ჩემს უძვირფასეს მაყურებელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ჩვენი ახალი პროექტით “მეხსიერების ბარათი #2” უკვე მეცხრედ ვუმასპინძლებთ საზოგადოებას", - ამის შესახებ კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კონცერტი, რომელიც 22 აპრილს გაიმართება, ,,ცისფერი ტრიოს" სოლისტის, თამაზ სეფერთელაძის ხსოვნას მიეძღვნება.

,,22 აპრილის კონცერტი ჩვენთვის მეტად განსაკუთრებული იქნება, რადგან მას “ცისფერი ტრიოს” თამაზ სეფერთელაძეს მივუძღვნით, საოცარ მეგობარსა და მუსიკოს-შემსრულებელს, რომლისთვისაც უკანასკნელი საკონცერტო პროექტი აღმოჩნდა ჩვენი კინომუსიკის საღამოები.

არ ვიცი კიდევ როდის გავიმეორებთ ჩვენს ამ პროგრამას, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არ კლებულობს ინტერესი და დასწრების სურვილი, ამიტომ ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ ჩვენი მუსიკალურ-ვიზუალური პერფორმანსი, გირჩევთ, არ გადადოთ და იჩქაროთ ბილეთების შეძენა, რადგან, როგორც ვიცი, თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა დარჩენილი.

ვაზიარებ biletebi.ge-ს ლინკს და აგრეთვე ჩვენი პროექტის ფარგლებში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოს, რომელიც დღეს უკვე ისტორიაა, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქართული სასიმღერო მუსიკის ისტორიისთვისაც…", - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.