„როცა ჩემი შვილი, ნოე გაიზრდება, მინდა თქვას, რომ ქუთაისელია“ - ლევან წვერავას ოჯახური იდილია და ოცნების სახლი ქუთაისში

ლევან წვერავა

ახლახან მომღერალი ლევან წვერავა 42 წლის გახდა. როგორც ამბობს, რაც წლები ემატება, უფრო და უფრო ენერგიულია და ცხოვრებაც მეტად საინტერესო ხდება. მისი და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური ცხოვრება საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან „თბილისელებმა“ ჩაწერა

– შენ და ნინიმ საკუთარ თავს არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთეთ – სახლი ქუთაისში.

– ნამდვილად ასეა. მე რომ ქუთაისი მიყვარს, ამაში გასაკვირი არაფერია, აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ამ ქალაქის მიმართ ნინის სიყვარულიც იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მოტივაცია მომცა ეს ნაბიჯი გადამედგა. მას თბილისზე ნაკლებად არ უყვარს ქუთაისი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ქუთაისშიც გვქონოდა ბინა.

გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებას სხვა ძალიან დიდი პლუსიც აქვს. ყველაფერი, რასაც ჩვენი მსმენელი ისმენს, ქუთაისში, ჩვენს სტუდიაში იქმნება. ეს ქალაქი ჩვენთვის თილისმასავით არის. მე რომ ეს საქმე, ერეკლესთან ერთად, ქუთაისში არ დამეწყო, ამდენს ვერ გავაკეთებდი. დედაქალაქს თავისი რიტმი აქვს, დიდია და სანამ ერთი უბნიდან მეორეში მიხვალ, შეიძლება, მთელი დღე გავიდეს. მე ამაზე თავიდანვე ვიფიქრე, როცა „ლეონის“ პროექტს ვიწყებდი.

მივხვდი, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, ჩემს ქუთაისს დავბრუნებოდი. ქუთაისში ჩემი სახლიდან სტუდიაში ველოსიპედით გადავდივარ და ამისთვის სულ ოთხი წუთი მჭირდება. აქ უფრო მეტ საქმეს ასწრებ. ყველაფერთან ერთად ძალიან თბილი და ტკბილი ქალაქია, სხვა პეწი აქვს.

მე და ჩემი „სეიშენის“ ბიჭები თბილისში 2000 წელს ჩამოვედით. დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში, ქუთაისში მხოლოდ „გავლით“ ჩავდიოდი ხოლმე. მაქსიმუმ ერთი კვირა გავჩერებულიყავით, მეტი დრო არ გვქონდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სულ გზაში ყოფნა რთულია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ წელს ქუთაისში ვატარებთ, ნახევარს – თბილისში. სულ მიდი-მოდიში ვართ, რადგან ჩვენს საქმეს ასე სჭირდება.

ამის მესამე და მთავარი მიზეზია ის, რომ როცა ჩემი შვილი, ნოე გაიზრდება, მინდა თქვას, რომ ქუთაისელია. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

– მეორე საკითხია სახლის გალამაზება და რემონტი, რომელიც ვაღიაროთ, რომ მარტივი პროცესი არ არის.

– გამორიცხულია, როცა რემონტი კეთდება, ცოლმა და ქმარმა არ იკამათოს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი (იცინის). მამაკაცებს არ გვაქვს იმხელა ფანტაზია და დეტალებზე კონცენტრირების უნარი, როგორიც ქალბატონებს. ნინი იმდენ რამეს აქცევდა ყურადღებას, რომ მე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი. გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დიზაინერის დახმარების გარეშე, თავისი გემოვნებით გაეკეთებინა და ვაღიარებ, ძალიან დიდ ბრძოლად დაუჯდა, თუმცა, ღირდა. დავრწმუნდი, რომ რემონტი და დიზაინი 99 პროცენტით ქალის თემაა. მეც მივყევი, სხვა რა გზა მქონდა, ბოლოს მაინც თავისი გაჰქონდა (იცინის). შედეგი ძალიან ლამაზი და კომფორტული გამოვიდა, რაც მთავარია, ძალიან გვსიამოვნებს ჩვენ მიერ შექმნილ გარემოში ყოფნა. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ნინის ყოველდღე ახალ-ახალი იდეები აქვს, სულ რაღაცის შეძენის პროცესშია და ვეკითხები ხოლმე, როდის უნდა მოვრჩეთ-მეთქი. მპასუხობს, არ ინერვიულო, ბოლოში გავდივართო და მეც არ ვნერვიულობ, პირიქით, ძალიან მიხარია და მომწონს (იცინის).