1732386875
ნინო ცქიტიშვილი Balenciaga-ს ახალ კამპანიაში გადაიღეს
ქართველი ანტრეპრენერი და მოდელი ნინო ცქიტიშვილი Balenciaga-ს ახალ კამპანიაში სახელად “Fitting Rooms”-ში გადაიღეს. კამპანია ბრენდის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისაა, ხოლო რაც შეეხება ნინოს ლუქს, მას ფოტოზე დემნას ესთეტიკისათვის დამახასიათებელი დიდი ზომის პიჯაკი და გრძელი ქვედაბოლო აცვია, ისევე, როგორც ბრენდის IT-ჩანთის, Hourglass-ის ახალი ვერსია.
როგორც კამპანიის სახელწოდება გვკარნახობს, მისი თემატიკა გამოსაცვლელი ოთახების იმიტაციაა, რომლებშიც მოდელები თითქოს სარკეში “სელფის” იღებენ. თემატური კამპანიები დემნას ბალენსიაგასთვის სიახლე არაა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ხშირად გვინახავს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Balenciaga-სა და ქართველ მოდელებს შორის, ეს პირველი მსგავსი თანამშრომლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მოდელები ბალენსიაგას პოდიუმზე დროდადრო ჩნდებოდნენ, მათ შორის დეა თავაძე, რომელიც ბრენდის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ, კამპანიებში ქართველი მოდელი კვლავ იშვიათი მოვლენაა.