1732386875
„ძალიან შევაშინე მშობლები, ძმა, მეუღლე… იყო მომენტი, როცა თითქოს სხეულიდან გავედი” - შოთი ტატიშვილი
ცნობილი შოუმენისა და ექიმის, ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი, შოთი, საზოგადოების წინაშე პირველად მუსიკალურ ტელეკონკურსზე გამოჩნდა და მენტორების დადებითი შეფასება დაიმსახურა. მისი სიყვარული მუსიკისადმი პირველად ოჯახში შეამჩნიეს, როცა უფროსი ძმის, ზუკას, მიბაძვით სიმღერა დაიწყო და დრამზე დაკვრით დაინტერესდა. დედა, ექიმი ეკა არჩვაძე, შვილის ყველანაირად უწყობდა ხელს. შოთიმ რამდენიმე კონკურსში კიდევ მიიღო მონაწილეობა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მუსიკაში თავს დაიმკვიდრებდა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა და ჯანდაცვის მართვის ფაკულტეტზე ჩააბარა.
მასთან ინტერვიუ ჟურნალმა „სარკემ“ ჩაწერა. ნახეთ ინტერვიუს ამონარიდი:
– შოთი, ცნობილია, რომ კოვიდი მძიმედ გადაიტანეთ. პირველ რიგში, ამაზე გკითხავთ, როგორ გადაიტანეთ ეს რთული პერიოდი თქვენ და თქვენმა ოჯახმა.
-იმდენად გამირთულდა, ვგრძნობდი, სუნთქვას ვერ ვახერხებდი. იყო მომენტი, ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს სხეულიდან გავედი და თეთრი სივრცე დავინახე, სადაც ისე ეწვეთებოდა ფერადი წვეთები, როგორც სხვადასხვა საღებავები. ეს ის წუთები იყო, როცა რეანიმაციაში გადავყავდი. გონება მალე დამიბრუნდა, ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მოვკვდებოდი. ჩემს თავს ვუმეორებდი, შენ აუცილებლად გადარჩები-მეთქი.ბატონმა ლევან რატიანმა მითხრა, ერთადერთი, რამაც გადაგარჩინა, ეს იყო შენი უზარმაზარი სურვილი სიცოცხლისა, არ შეეპუე, ბოლომდე იბრძოლეო.
ძალიან შევაშინე მშობლები, ძმა, მეუღლე. ზუკა საავადმყოფოსთან ათენებდა და აღამებდა, რეკავდა საზღვარგარეთ, რომ გართულების შემთხვევაში ჩემი გადაყვანა მოესწროთ. ასევე იყვნენ მშობლებიც. ჩემი მეუღლე, მარიამი, როგორც მითხრეს, ოთახიდან არ გამოდიოდა, საჭმელსაც არ ჭამდა ჩემს მოლოდინში.