A$AP ROCKY ბოტეგა ვენეტას ახალ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა

A$AP ROCKY

2023 წელს, როდესაც იტალიურმა ბრენდმა, ბოტეგა ვენეტამ A$AP ROCKY-ის პაპარაცული ფოტოები სარეკლამო კამპანიად აქცია, რთულად წარმოგვედგინა, რომ ახლო მომავალში, მოდის სახლი კიდევ ერთხელ შეძლებდა ამერიკელ რეპერთან უფრო საინტერესო პროექტის შექმნას. დღეს საპირისპიროში დავრწმუნდით. 

ამერიკელი რეპერი აგრძელებს თანამშრომლობას Bottega Veneta-სთან, თუმცა ამჯერად, სარეკლამო კამპანიაში არა მარტო, არამედ შვილებთან ერთად პოზირებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეისაპისა და რიანას შვილებს ოფიციალურ კამპანიაში ვხედავთ. სიმბოლურია ისიც, რომ ბრენდმა ახალი ფოტოები მამის დღეს გამოაქვეყნა. 

რეპერმა ახალი კამპანიის გამოსვლასთან ერთად, განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ახლა ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზე იმყოფება და მისი პრიორიტეტები ოჯახი და შვილებია. “როდესაც A$AP Rocky გესმით, ფიქრობთ ფლეიბოიზე, ლამაზ ბიჭზე, რომელსაც სცენაზე ქალები ბიუსჰალტერებს ესვრიან. ეს (კამპანია) მე წარმომაჩენს, როგორც კაცს, რომელსაც გვერდით ერთი ქალი ჰყავს, როგორც ოჯახის მამაკაცს. ეს არის ის, რაც ახლა ჩემს ცხოვრებას სრულყოფს.“ – ამბობს A$AP Rocky. 

რიანას და ეისაპ როკის რომანტიკულ ურთიერთობაზე პრესა პირველად 2020 წლის ნოემბერში ალაპარაკდა. 2021 წელს, ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში, წყვილმა გავრცელებული ხმები დაადასტურა. გასულ ორ წელში, ვარსკვლავურ წყვილს ორი ბიჭი შეეძინა – Riot და RZA.