VIDEO: შემაშფოთებელი და მძიმე კადრები სამეგრელოდან - „განადგურებულია ყველაფერი, ასეთი ზარალი არასდროს გვინახავს“

სტიქია სამეგრელოში

წვიმის გადაღების შემდეგ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხვი ნალექისა და წყალმოვარდნის შედეგად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებული ზიანი კი აბაშასა და სენაკს მიადგა.

ხობის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მოსახლეობა სტიქიის შედეგად ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მდინარე ხობისწყალმა, სოფელ ბიაში, ცენტრალური გაზსადენის მილი დააზიანა.

მხარის გუბერნატორის გიორგი გუგუჩიას ინფორმაციით,სამუშაოებს, შესაძლოა, ორი კვირა დასჭირდეს.
ადგილზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ასევე უნდა დაიკლოს მდინარეზე წყლის დონემ.

მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. წყალდიდობამ სტიქიის ზონებში დააზიანა ხიდები, გზები, ნაპირსამაგრები.

დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. წყალდიდობამ დააზიანა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც წყლის მიწოდება ამ დრომდე შეზღუდული აქვს სენაკისა და ფოთის 32 ათას აბონენტს, ასევე გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილია ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

„განადგურებულია ყველაფერი, ასეთი ზარალი არასდროს გვინახვს. სახლსი იატაკი აღარ გვაქვს. სულ ამოყარა წყალმა. ზარალს ვინ დათვლის და ან ვინ აგვინაზღაურებს. არაფერი აღარ ეშველება ამას. ყველაფერი გაფუჭდა, რაც პირველ სართულზე გვქონდა. კარადები, საწოლები...“,- ამბობენ ადგილობრივები.