თემურ მღებრიშვილი: ძებნა-შველის ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვითარებას ართულებს ის, რომ ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩახერგილია ნაშალი მასალა, ისევ გამოწვევად რჩება საფრთხე ხელახალი ნგრევის

თემურ მრებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ძებნა-შველის ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოებს ართულებს ის, რომ ხელახალი ნგრევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

„ვითარებას ართულებს ის, რომ ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩახერგილია, ჩამოშლილია ნაშალი მასალა. ამასთან ერთად, რაც ისევ გამოწვევად რჩება, ეს არის საფრთხე ხელახალი ნგრევის. შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის ტერიტორიაზე, ვაკვირდებით ამ პროცესებსაც, თუმცა კონტაქტზე ჯერ არავინ გამოსულა. სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ კვადრატში მიმდინარეობს ამ წუთს დამატებითი ძალების მობილიზებით გადამოწმება ტერიტორიის, იმედს არ ვკარგავთ“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ექვსის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

✕