რატომ გადაიყვანეს მოსწავლეები კლინიკაში - ახალი დეტალები ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

ბათუმის სკოლა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან დღეს ერთდროულად ათი მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასში, ერთ-ერთმა მოსწავლემ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც რამდენიმე ბავშვს თავის ტკივილი დაეწყო.

სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის განცხადებით, მოსწავლეები კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და მალე დატოვებენ კლინიკას.

დირექტორის თქმით, ჯერ ვერ დააკონკრეტებს, იყო თუ არა გამოყენებული წიწაკის სპრეი, ეს მოკვლევის შედეგად გაირკვევა.

„შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. ბავშვებს აღენიშნებოდათ თავის ტკივილი. რა თქმა უნდა, ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. თავად გამოვიძახე მედიკოსები. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ბავშვები პრევენციის მიზნით გადავიყვანეთ კლინიკაში. არც ერთი მათგანი თავს ცუდად არ გრძნობს და ყველა მალე დატოვებს კლინიკას. დანარჩენი დეტალები მოკვლევის შედეგად გაირკვევა“, – განაცხადა ნატალია მგელაძემ.

შემთხვევის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.