რა ვითარებაში დაიკარგა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძრიდან ფაჩუჩი

ფაჩუჩი

გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრიდან წმინდანის უხრწნელ სხეულზე ნაცვამი ფაჩუჩი მოიპარეს. 

"პრაიმტაიმთან" საუბრისას ამ ფაქტს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე წუწუნავა ადასტურებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვინც ეკლესიიდან სიწმინდე წაიღო, დააბრუნებს. სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ტაძარში შესაწირი ყუთი ხელუხლებლად დახვდათ. 

"სამართალდამცველებისთვის არ მიგვიმართავს. უბრალოდ, ეს სამწუხარო ფაქტი რომ მოხდა, ჩვენი სოციალური ქსელის გვერდიდან ვამცნეთ საზოგადოებას, თუ ვიზუალურად ვინმეს ეცნო, იქნებ დაგვიბრუნონ. თუმცა, ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ტაძარი ძირითადად დაკეტილია, რადგან აქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ხელოსნებს ვთხოვე კარი ღია იყოს, რათა გამვლელ-გამომვლელმა ნახონ, რომ ტაძარი ღიაა-მეთქი. მეორე საღამოს აღმოვაჩინეთ, რომ ლუსკუმიდან ეს სიწმინდე ამოღებულია. მას მატერიალური ღირებულება არ აქვს, რომ გვეფიქრა ამ საცდურით ჩაიდინა მან, ვინც წაიღო. ზოგიერთს სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად სიწმინდეა. ხელუხლებლად დარჩა შესაწირი ყუთი.

თვითონ ეს ფაქტი ხომ გულსატკენია, მაგრამ კიდევ უფრო გულსატკენია ვიღაცები რომ ამაზე იცინიან. ვერ დამიჯერებია ბოლომდე, რომ ვიღაცას სახლში უნდოდა ჰქონოდა წმინდანის უხრწნელ სხეულზე ნაცვამი ფაჩუჩი.

ეს სიწმინდე საბერძნეთიდან ერთმა ოჯახმა შემოგვწირა, რადგან ეს ტაძარი წმინდა სპირიდონის სახელობისაა. იქნებ აღსარებისას თქვას, ან რომელიმე ტაძარს შესწიროს, ან გამოჩნდეს, არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ..." - აცხადებს დეკანოზი იოანე წუწუნავამ.