ოკუპირებულ აფხაზეთში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დეიდა დააკავეს

პოლიციის სირენა

ოკუპირებული აფხაზეთის "გენერალურმა პროკურატურამ", 4 წლამდე გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა დააკავა.

გამოძიების ვერსიით, კრისტინა ლახინამ, რომელიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, განზრახ მიაყენა მცირეწლოვანს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკითა და დამცირებით იმ პირის მიმართ, რომელიც აშკარად უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმეს გულრიფშის რაიონის პროკურატურა იძიებს. სოციალური ქსელებიდან გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში სწორედ დეიდამ მიიყვანა.

ექიმებმა გოგონას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.