მდინარეში დაკარგულ ძმებს, სოფელ უჯარმაში, უკვე რამდენიმე საათია ეძებენ

მდინარეში

მდინარე იორში დღეს დაკარგული ძმები, დედის მშობლიურ სოფელ უჯარმაში, თბილისიდან იყვნენ ჩასულები.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, 16 და 20 წლის ბიჭები საბანაოდ მამიდაშვილთან ერთად წავიდნენ.

„გუშინაც უბანავიათ, ბიჭებს დღესაც დაუნახავთ, ნამგალი ეჭირათ ხელში და მიდიოდნენო. დედა სვანიძე ჰყავთ გვარად, აქ ჩამოსულები არიან, დედის სოფელში მამაც კახეთიდან არის, წარმოშობით. ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა. მთელი სოფელი აქ არის, მაშველები ეძებენ“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მდინარეში დაკარგულ ძმებს, სოფელ უჯარმაში, უკვე რამდენიმე საათია ეძებენ.

ადგილზე პოლიცია, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება.