კარგი ამბავი ბორჯომიდან - ხანძრის სრულად ლიკვიდირება შესაძლოა დღის ბოლომდე მოხერხდეს

მეხანძრე ბორჯომში

მე-11 დღეა მეხანძრე-მაშველები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ, დღის მეორე ნახევარში ყველაზე ცხელი წერტილი იყო, დღეს დაკვამლიანება ძალიან მცირეა. ამჟამად შეინიშნება მხოლოდ მცირე კერები, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები ახლა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოს ართულებს რელიეფი, ვინაიდან არსებულ კერებთან მისვლას, ავიაციის გარდა, სჭირდება ხელით დამუშავება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე, და შესაძლებელია, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხერხდეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.