„ეგონა, რომ ცოლი მოკლა და...“ - იმერეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

პოლიცია

საზარელი შემთხვევა ქუთაისთან ახლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მოხდა. ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, 48 წლის კაცს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა, უარის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

„დაუნახავთ, კაცი ყოფილ ცოლს ეჩხუბებოდა და შერიგებას სთხოვდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12-ჯერ დაურტყია, ამის შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონაც თავი მოიკლა. ეს ქალი ქმართან ნაჩხუბარი იყო და ბანოჯაში დასთან იყო“, -  ამბობს მეზობელი. 

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 37 წლის პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კი უკვე მშობლიურ სოფელში, ხობშია გადასვენებული.