1747034530
ძლიერი აფეთქება ინდონეზიაში - ვადაგასული სამხედრო აღჭურვილობის უტილიზაციისას 13 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში ვადაგასული სამხედრო აღჭურვილობის უტილიზაციის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას შეიარაღებულ ძალებში განუცხადეს. შემთხვევა დასავლეთ იავის პროვინციაში მოხდა.
არმიის პრესსპიკერის განცხადებით, აფეთქების შედეგად ცხრა დაღუპული სამოქალაქო პირია, ოთხი კი – სამხედრო. ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს სამხედროები იძიებენ. გამოძიების ფარგლებში ასევე უნდა დადგინდეს, რატომ იმყოფებოდნენ სამოქალაქო პირები დეტონაციის ტერიტორიის სიახლოვეს.
ეს ბოლო დროს ინდონეზიაში ვადაგასულ სამხედრო აღჭურვილობასთან დაკავშირებით მომხდარი მეორე შემთხვევაა. გასული წლის მარტში ხანძარი გაჩნდა ინდონეზიის სამხედრო საწყობში, სადაც ვადაგასული საბრძოლო მასალები ინახებოდა, რასაც აფეთქებების სერია მოჰყვა.