„დენის „გრელკაში“ ჩავაწვინეთ, მაღალზე იყო აწეული, ბავშვი დაიწვა და მოკვდა“ - რა მოხდა წლების წინ, კახეთის სამშობიაროში

ჩვილი 2

ფეისბუკ-ჯგუფში „ვეძებ“ ვრცელდება მორიგი, ერთ-ერთი უმძიმესი ისტორია კახეთიდან, რა დროსაც ოჯახს სამშობიაროდან მოტყუებით სხვა ჩვილის გვამი გაატანეს.

„დედა იყო მეოთხე შვილზე ორსულად, ცხრა თვეს რამდენიმე კვირა აკლდა, რომ წელის ტკივილით კაჭრეთის საავადმყოფოში წაიყვანეს. მეორე დღეს ისე, რომ პატრონსაც არ დაეკითხნენ, გურჯაანში გადაიყვანეს და საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ეს მოხდა 1991 წლის 7 მარტს, ეყოლა ბიჭი, თეთრი, ცისფერთვალება, ქერა.  დედამ მხოლოდ ერთხელ ნახა, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, ორი კილო და ხუთასი..

მეორე დღეს დედამ შვილი მოიკითხა და უთხრეს, რომ გარდაიცვალა.  გადარეულა, ჯანმრთელი იყო და რა დაემართა, ამიხსენითო, ყვიროდა. უთხრეს, რომ დენის „გრელკაში“ ჩავაწვინეთ, მაღალზე იყო აწეული, ბავშვი დაიწვა და მოკვდაო. ეს უკვე ცხრაში, დილით, მიზეზი მოიდეს, რომ ქეიფობდნენ და სათანადოდ ვერ მიხედეს, არადა, იმ დღისით მამა იყო მისული, ბებია, ნახეს ბავშვი, იმ დროს ფული ფულობდა და ცხრაასი მანეთი გამოართვეს მამას, ექიმებმა და ექთნებმა ჩაიჯიბეს.

დედაჩემს რაღაც ნემსი გაუკეთეს, რომ რამის თქმის ძალა და ენერგია აღარ ჰქონოდა, სულ გაბეჩავებულა. მაგრამ ახსოვს ლოყაზე დიდ-მეჭეჭიანი ქალი როგორ ეკითხებოდა ვინაობას, თუ სადაური იყო, რამდენი შვილი ჰყავდა, რა გვარები იყვნენ და ა.შ.

მოითხოვეს ცხედარი. მამას და ბებიას ორ-კილო-ნახევრიანი ბავშვის მაგივრად ოთხ-კილოიანი , მორგში ნამყოფი, პროსტინაში გამოკვანძული გვამი მისცეს. ისე ყოფილა გამოკრული, რომ საავადმყოფოში ყოფნისას ვერ გახსნეს, დედა ითხოვდა მკვდარი შვილის ნახვას და არც ამის საშუალება მისცეს.

ბებიაჩემს სახლში მაკრატლით გაუჭრია, რომ ნაყიდი ტანსაცმელები ჩაეცმია და გადარეულან, პატარას ფეხის ქუსლები და იდაყვები სულ მოჭმული და მოგლეჯილი ჰქონია, დიდი ხნის მკვდარი იყო ის ბავშვი. ძალიან დიდი თოვლი ყოფილა, მამას ფიცრის კუბო შეუკრავს და ჩვენს ეზოში, ნუშის ხის ქვეშ დაუმარხავს, რადგან სასაფლაომდე ვერ მივიდოდნენ თოვლის გამო.

შემდეგ დაიწყეს ძიება და მერე მოხდა ზუსტად ის, რომ ექთანი ფეხებში ჩაუვარდა ტირილით და სთხოვდა, შეეშვი, ნუ ეძებ, შენს შვილებს მიხედე, თორემ ციხე არ ამცდება და ჩემს შვილებს რა ეშველებათ, უპატრონოდ დარჩებიანო. დედა ისე ცუდად იყო, ჩვენზე ზრუნვის თავი აღარ ჰქონდა. არც ის დრო იყო, რომ სამართალი ეპოვათ და არც პატრონი ჰყავდათ ვინმე, რომ გვერდით დასდგომოდა. თუ ხარ ამ დროს დაბადებული და ეძებ ბიოლოგიურ ოჯახს, შეგვეხმიანე“, - ვკითხულობთ პოსტში.