ბათუმში უცხოელი სტუდენტი დაიკარგა - ცნობილია, სად მიაკვლიეს ახალგაზრდის მობილურ ტელეფონს

 ჯანარდან სინევა

ბათუმში უკვე მეხუთე დღეა 19 წლის ინდოელ სტუდენტს ეძებენ.

19 წლის ჯანარდან სინევა მეგობრებმა ბოლოს მის საცხოვრებელ სახლთან 5 დღის წინ, საღამოს 11 საათზე ნახეს. მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭს სავარაუდოდ, მეგობართან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც ის ბულვარის მიმართულებით წავიდა. სინევას გაუჩინარების შემდეგ ახლობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. მოგვიანებით, სანაპიროზე სტუდენტის მობილური ტელეფონი იპოვეს და შვილის გაუჩინარების შესახებ მამას შეატყობინეს.

გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანარდან სინევა მეგობრებთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა. სტუდენტებს უცნაური არაფერი შეუნიშნავთ, თუმცა ამბობენ, რომ ბიჭს დეპრესია ჰქონდა, ბევრი მეგობარი არ ჰყავდა და არც პრობლემებზე საუბრობდა.

19 წლის ჯანარდან სინევა ინდოეთის მოქალაქეა. ის ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს. სასწავლო დაწესებულებაში ჯანარდან სინევას გაუჩინარების მიზეზებზე ვერ საუბრობენ. დეკანი ამბობს, რომ ბიჭი, 21 აპრილს ლექციაზე აღარ მივიდა, რის შემდეგაც უნივერსიტეტმა საგამოძიებო უწყებას მიმართა.

ინდოეთის 19 წლის მოქალაქეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და გამოკითხეს სინევას მეგობრებიც. პოლიცია ადგენს სინევას გადაადგილების ტრაექტორიას.