იოსებ ჯორბენაძე

პოლიტიკა • 1792679351

ჩვენი მოპასუხეები, ერთი შეხედვით, ამ პროცესის გაჭიანურებას უწყობენ ხელს. სიმართლე გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პროცესი სამდღიანი იქნება თუ სამჯერ სამდღიანი, ვერ ვხვდები - იოსებ ჯორბენაძე

ჩვენი მოპასუხეები, ერთი შეხედვით, ამ პროცესის გაჭიანურებას უწყობენ ხელს. სიმართლე გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პროცესი სამდღიანი იქნება თუ სამჯერ სამდღიანი, ვერ ვხვდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა იოსებ ჯორბენაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე საუბრისას.მისი თქმით, ამ პარტიების აკრძალვას ხალხი უკვე დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ამ პროცესის დაწყებას ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით იმ სიმაღლეზე დგომა სჭირდებოდა, რომელზეც ის ახლაა.„ეს სარჩელი, რომელიც შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენი საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა გახლდათ. ხშირად, სხვათა შორის, გვესმოდა სამართლიანი, ლეგიტიმური შენიშვნები ხალხის მხრიდან, თუ რატომ ჭიანურდებოდა ეს პროცესი და აქამდე რატომ არ მოხდა ამ წლების განმავლობაში. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. უმთავრესი გახლდათ პირველ ეტაპზე ძალდატანებული, თავსმოხვეული კოჰაბიტაციის პროცესი, რამაც ხელი შეუშალა ბევრი რამის გასწორებას იმ პერიოდისთვის. შემდეგ, სხვადასხვა ეტაპზე, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოში მყოფი ადამიანებისგან გათავისუფლების პროცესი — ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, იმართებოდნენ ქვეყნის გარედან სხვადასხვა ძალების მხრიდან. ამასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს უმტკივნეულოდ უნდა გაკეთებულიყო. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უნდა მისულიყო იმ სიმაღლემდე სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება დგას“, - აღნიშნა ჯორბენაძემ.მან ასევე შეაფასა მიმდინარე სასამართლო პროცესის განვლილი ორი დღე.„ეს სარჩელი არის ძალიან მაღალკვალიფიციურად შედგენილი, მომზადებული, არგუმენტებზე დაფუძნებული. როგორც შევხედეთ გუშინ და დღეს, ძირითადად, ჩვენი მოპასუხეები სხვადასხვა შუამდგომლობას აყენებენ და, ერთი შეხედვით, ისინი ამ პროცესის გაჭიანურებას უწყობენ ხელს. სიმართლე გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პროცესი სამდღიანი იქნება თუ სამჯერ სამდღიანი, ვერ ვხვდები. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, საკონსტიტუციო სასამართლო, დარწმუნებული ვარ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას ამ სარჩელთან დაკავშირებით. აუცილებლად ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ განხილვების საჯაროობა უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას და მათ კომპეტენციაზე ზედმეტია საუბარი“, — განაცხადა ჯორბენაძემ.

იოსებ ჯორბენაძე

პოლიტიკა • 1792678568

ეს სარჩელი სწორედ იმისთვის შეიქმნა და წარედგინა სასამართლოს, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდოს ისეთი სუბიექტებისგან, რომლებიც ამ 14 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ - იოსებ ჯორბენაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ჯორბენაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. ამ თემაზე დეპუტატმა „დღის ქრონიკაში“ ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მმართველი პარტიის სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს. ის ასევე გამოეხმაურა პროცესთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს.„ეს სარჩელი სწორედ იმისთვის შეიქმნა და წარედგინა სასამართლოს, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდოს ისეთი სუბიექტებისგან, რომლებიც ამ 14 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანონ. მოგეხსენებათ, რომ ეს პარტიები ძირითადად ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობენ, პარლამენტის საქმიანობაში ჩართვა მხოლოდ ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, ერთი წლის შემდეგ. თვალნათელია, რატომ მოხდა ასე, იმიტომ, რომ გარე ძალების დავალებით ბევრს ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის იმედი და როდესაც ეს არ გამოვიდა, გადაწყვიტეს პარლამენტში შემოსვლა ჩვენმა კოლეგებმა. ეს სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დემოკრატიული, სუვერენული განვითარება ჰპოვოს ჩვენმა სახელმწიფომ, მათ შორის საგარეო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, შევქმენით ეს პრეცედენტი და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მაქსიმალური ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით გამოიტანს საბოლოო განაჩენს ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჯორბენაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტიკა • 1792674993

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაეგზავნათ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით.„ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეცედენტულ საქმეზე ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა, რა სტანდარტები შეიძლება არსებობდეს კონვენციის უფლებებთან მიმართებით.როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა განმარტა, შუამდგომლობის საფუძველია ის, რომ არ არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, ხუთი პარტია ერთი სარჩელით იკრძალებოდეს.„საკონსულტაციო დასკვნით თუ მიმართავთ, იქნება მთავარი კითხვა – ერთობლივი სამართალწარმოება როცა მიმდინარეობს სხვადასხვა მოპასუხეზე, რომლებთაც აქვთ სხვადასხვა კონსტიტუციური ბრალი, რაც ბუნდოვანია, რა სტანდარტი უნდა იქნას გამოყენებული? მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეცედენტულ საქმეზე გვქონდეს სტრასბურგის სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა. მივმართოთ იმასთან დაკავშირებით, რა სტანდარტები შეიძლება არსებობდეს კონვენციის უფლებებთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა და დაადგინა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.„შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ არ ენდობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის, რომ მნიშვნელოვანია და უნდა დადგინდეს კრიტერიუმები, რაც დადგენილია. არსებობს კრიტერიუმები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ის, რომ მხარე აცხადებს, მე არ ვენდობი საკონსტიტუციო სასამართლოს, მით უმეტეს, პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია.გავიგეთ, ობიექტურად, საქმე არის მნიშვნელოვანი, პირველი პრეცედენტია, მაგრამ ამ საფუძვლით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის საკონსულტაციოდ გადაგზავნა, სრულიად დაუსაბუთებელია. უფლებებთან მიმართებით ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი ნამდვილად, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან მიმართებით. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰკითხოს ეროვნულმა სასამართლომ, შეიძლება თუ არა, ერთად იყოს მოპასუხედ ხუთი პარტია, ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.შუამდგომლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უარის შესახებ განმარტება გააკეთა მოსამართლე ევა გოცირიძემაც. ევა გოცირიძის თქმით, მთავარი, რასაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს უარი, არის, რომ მხოლოდ ისეთი საკითხების დაყენება შეიძლება, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არ არსებობს ცხადი პასუხი.ევა გოცირიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს განსახილველად, თუ მართლაც არსებობს გაურკვევლობა პრეცედენტული სამართლის მიდგომებში. ევა გოცირიძის თქმით, მისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა ზოგად მიდგომებს იყენებს სტრასბურგის სასამართლო.„კონვენციის მე-16 ოქმით გათვალისწინებული საკონსულტაციო დასკვნით მიმართვის უფლება, ცხადია, გათვალისწინებულია. მართლაც, საკონსტიტუციო სასამართლო, უზენაეს სასამართლოსთან ერთად, არის ის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია, კონვენციის განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. პროცედურის ფარგლებშიც სასამართლოს დიდი პალატა გამოსცემს საკონსულტაციო დასკვნას, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის. თუმცა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რას ნიშნავს ეს პროცედურა და რა ფარგლებს გულისხმობს ამ დასკვნის მიცემა. პირველ რიგში, თუ ასე გვაქვს წარმოდგენილი, რომ ჩვენ ნებისმიერ საკითხს ზოგადად და თეორიულად დავაყენებთ და სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა აქ მეცნიერულ გამოკვლევას დაგვიწერს, მოგვცემს სახელმძღვანელო მითითებებს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, პროპორციულობასთან დაკავშირებით, თუ სხვა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ეს მცდარი წარმოდგენაა. სტრასბურგის სასამართლო ყოველთვის, ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მსჯელობს. პირდაპირ არის ჩაწერილი კონვენციის მე-16 ოქმში, რომ იმ კონკრეტული საქმისთვის უნდა იყოს არსებითი მნიშვნელობის მქონე და იმ კონკრეტული საქმის გარემოებები უნდა გადაეგზავნოს სტრასბურგის სასამართლოს. ეს ცალკე საკითხია. მთავარი, რასაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს უარი, არის, რომ მხოლოდ ისეთი საკითხების დაყენება შეიძლება, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არ არსებობს ცხადი პასუხი. არ დაგიმალავთ და მეც და ჩემი კოლეგებიც მიჩვეული ვართ, საქმე პასუხისმგებლობით გავაკეთოთ, სტრასბურგის სასამართლოს აბსოლუტურად ყველა საქმე ვნახე, რომელიც შეეხებოდა პარტიების აკრძალვას და ჩემთვის პირადად ძალიან კარგად არის ცნობილი – დარწმუნებული ვარ, ასევე არიან ჩემი კოლეგები – რა ზოგად მიდგომებს იყენებს სტრასბურგის სასამართლო, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება, შეზღუდვის საფუძვლები რა შეიძლება იყოს, აკრძალვის საშიშროება, როგორ ხდება ფაქტების მიკუთვნება, რას ნიშნავს გამიჯვნის ვალდებულება, ასე ვთქვათ, განცხადების მიმართ, როდის წარმოეშვება პარტიის ერთ წევრს მეორე წევრის მიმართ ამ წევრის მიერ გაკეთებული განცხადებებისადმი გამიჯვნის ვალდებულება, პარტიის მხარდამჭერის განცხადებები როდის შეიძლება შეერაცხოს ან არ შეერაცხოს ამ პარტიას, ყველა ეს თემები არის კარგად დამუშავებული პრეცედენტულ სამართალში. ჩემთვის ამ ეტაპზე არ არსებობს კითხვები, რომლებზეც შეიძლება, დავსვა. ანუ, ისეთ საკითხებზე უნდა ვკითხოთ, რომელზეც არ არის ცხადი პასუხი და ამჯერად ჩემში არ არის ასეთი კითხვა, რომელიც ჩემთვის იყოს ბუნდოვანი. მეტიც, ჩვენთვისაც რომ იყოს ბუნდოვანი და ვკითხოთ სტრასბურგის სასამართლოს, თვითონ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა უნდა დარწმუნდეს, რომ მართლაც გაურკვევლობა არის პრეცედენტული სამართლის მიდგომებში, სწორედ იმ საკითხში, რომელიც დავაყენეთ, გაურკვევლობა არის და თვითონ უნდა დარწმუნდეს, რომ დიახ, ამ საქმეში მეტი გარკვეულობა იქნებოდა სწორი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს დიდი პალატა საქმეს განსახილველად.მეტსაც გეტყვით, კონკრეტულად მე-16 ოქმთან დაკავშირებული საკითხი ჩემი პროფესიული ინტერესის საგანიც იყო და ამ სფეროშიც ძალიან კარგად მაქვს გამოკვლეული, ყველა საქმე ვიცი, რაც იყო დაყენებული –  სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის, სომხეთის საკონსტიტუციო, სომხეთის უზენაესი, საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ვიცი, რა შემთხვევაში იღებს სტრასბურგის სასამართლო განსახილველად და რა შემთხვევაში არ მიღებს. შემიძლია, გითხრათ, რომ ამ სფეროში ჯერჯერობით, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, მე ვერ მოვიფიქრებ ისეთ შეკითხვას, რომელიც შეიძლება, დავსვა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და ისიც დარწმუნდეს, რომ დიახ, ამაზე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში პასუხი არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ამ კონკრეტულ თემატიკაზე არსებობს საკმარისი, ფართო პრაქტიკა და ჩამოყალიბებული მიდგომები, რომელსაც თქვენ ყველა კონკრეტულ საქმეში შეხვდებით, არსებობს სხვა დამატებითი კონცეფციები, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს და ამ კონცეფციების ერთობლივი გამოყენების შედეგადაც, საშუალო დონის იურისტსაც კი შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა, რა და როგორ შეიძლება, გადაწყდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.ისიც მინდა, გითხრათ, ამ შემთხვევაში პირად მოსაზრებას მოგახსენებთ – ჩემში ისედაც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს ეს იურისდიქცია, რომელიც იქნა შემოღებული ლუქსემბურგის იურისდიქციის პარალელურად და იმისი ანალოგის კონტექსტში. იქ ეს მეტად გასაგები იყო, რადგან ევროკავშირი საერთო რეგულაციებს ექვემდებარება და აქ მსგავსი ვითარება არ გვაქვს. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ისეთ ვითარებასთან, როდესაც ეროვნული უმაღლესი ინსტანციის სასამართლო საერთაშორისო სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე ეკითხება, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის სუვერენიტეტის დარღვევაც კი. თავის დროზე, მე ხელისუფლებაც კი გავაკრიტიკე, რომ ამ ოქმის რატიფიცირება მოახდინეს. მეტსაც გეტყვით, ძლივს იქნა მოგროვებული ათი ქვეყანა, რომელმაც ამ ოქმს ხელი მოაწერა და ძალიან ბევრი და დიდი ქვეყანა დასავლეთ ევროპიდან, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, თუ სხვა, ამ ოქმს არ მიუერთდნენ. ფაქტობრივად, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნები არიან ამ ოქმს მიერთებული“, – განაცხადა მოსამართლე ევა გოცირიძემ.ამავდროულად, ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის საკონსულტაციო დასკვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და არ არის სავალდებულო, სასამართლო მას დაექვემდებაროს.„კიდევ ერთი, ბრძანეთ, თითქოს ეს საჭიროა ნდობისთვის. დიდი პალატის საკონსულტაციო დასკვნა არ არის და ვერც იქნება სავალდებულო. მას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც კიდეც მიიღოს და კიდეც გარკვეული დასკვნა მოგვცეს, სასამართლო არ არის ვალდებული, დაექვემდებაროს. თუ არ დაექვემდებარა, ამას რა მოჰყვება? მოჰყვება მთელი აჟიოტაჟი, აი, სტრასბურგის სასამართლომ ასე ბრძანა და ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო მას არ დაექვემდებარა. ეს ნდობის საკითხებს ხელს შეუწყობს, თუ უფრო გააუარესებს? თუ დაექვემდებარა, მაშინ მეორე მხარე იტყვის, აი, საკუთარი შეხედულებით კი არ იმოქმედა, სხვისი აზრით მოქმედებს. ყველა შემთხვევაში, ამას ექნება ძალიან ნეგატიური ეფექტი. ეს არის ჩემი პირადი აზრი.მთავარი არგუმენტი არის, რომ ისეთ საკითხზე შეიძლება, დააყენო, რომელზეც არ არსებობს ცხადი და ზუსტი პასუხი, თვითონ სტრასბურგის სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ამაზე მართლაც არ არსებობს ცხადი პასუხი და საჭიროდ მიიჩნიოს დამატებითი განმარტებების გაკეთება კონკრეტულ საქმესთან მიმართებით“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.საკონსტიტუციო სასამართლო მეორე დღეა, განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.სხდომაზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1792666625

ირაკლი ქადაგიშვილი: „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა, მაშინ არ უთქვამთ, რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ახლა ზღაპრები თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა და მაშინ არ დაფიქრებულა, რომ ამ პარტიებმა საქართველოში კონკურენტუნარიან გარემოში და ამომრჩეველთა ნების ამსახველ არჩევნებში თავიანთი ამომრჩევლის ნება უარყვეს.„მათ ამ პარტიებისთვის არ უთქვამთ, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესის ჩაშლა და თავიანთი ამომრჩევლის უგულებელყოფა. რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ეს მაშინ არ უთქვამთ. მაშინ აქაურ რადიკალებს ტაში დაუკრეს, აქციებისკენ მოუწოდეს და ბარიკადებისკენ მიუთითეს. ახლა ეს ზღაპრები თავიანთ ქვეყნებში თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის“ (ALDE) განაცხადა, რომ „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას“.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში

პოლიტიკა • 1792663020

სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, შესვენებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნანა მალაშხია დაუპირისპირდნენ.ოპოზიციის წარმომადგენელმა მმართველი გუნდის წევრებს „სამარცხვინო“ და ეროვნული ინტერესების მოღალატეები უწოდა. თავის მხრივ, ოპოზიციის საპასუხოდ აღინიშნა, რომ სასამართლო პროვოკაციების ადგილი არ არის.სასამართლოს დერეფანში დაწყებული ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მედიის წარმომადგენლებმა ფაქტის ვიდეოგადაღება დაიწყეს.ინტერპრესნიუსი

ირაკლი ჭეიშვილი

პოლიტიკა • 1792656206

ირაკლი ჭეიშვილი: გერმანიაში იგეგმება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ამ შემთხვევაში ეუთო-ს პოზიციები სად არის? ეს არის ორმაგი სტანდარტი

გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება პარტიების აკრძალვა. საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა წარდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყველა ხედავდა, რა დღეში აგდებდა „ნაციონალური მოძრაობა„ საქართველოსა და ქართველ მოსახლეობას.„გარდა ამის, გვაქვს წარდგენილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ასევე, წარვადგინეთ, 2012 წლიდან დღემდე რას სჩადიოდა მოღალატეობრივი ოპოზიცია და როგორ არაკონსტიტუციურად იქცეოდნენ. მათი საქმიანობა კონსტიტუციურ წყობილებას გასცდა. მათი ნებისმიერი ნაბიჯი არაკონსტიტუციური და მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის დისკრედიტაცია მოახდინონ“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.რაც შეეხება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით „ალდესა“ და ეუთო-ს განცხადებას, ჭეიშვილის განმარტებით, ეუთო მსგავს განცხადებას არ აკეთებს ევროკავშირის ქვეყნის, გერმანიის მიმართ, რომელიც კონკრეტული პარტიის აკრძალვას ცდილობს.„გერმანიაში იგეგმება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, რომელიც პრაქტიკულად, უმრავლესობაშია გერმანიის ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში, მისი აკრძალვის მოთხოვნით იქაური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი გამოდის. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ დღეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს, ეუთო გამოდის და აკეთებს განცხადებას, სარჩელი უკან გავიწიოთ თუ – არა. ამბობენ, სხვა შემთხვევაში გარკვეული სანქციები იქნება გატარებული, რადგან თურმე, ამით საქართველო ევროკავშირის მომავალს კარგავს. ეუთო რასაც აკეთებს, ეს არის ზუსტად ზეწოლა დღევანდელ დამოუკიდებელ სასამართლოზე. არასწორი და გაუგონარი ამბავია, მაშინ, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სარჩელი უკან იყოს გაწვეული. ეს არის ზუსტად ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე.რაც შეეხება „ალდეს“, ამომრჩეველს წარმომადგენლობას გერმანია არ ართმევს? ევროკავშირის დემოკრატიის შუქურად წოდებული გერმანია ცდილობს, აკრძალოს ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია გერმანიის რესპუბლიკაში. ამ შემთხვევაში ამომრჩეველს წარმომადგენლობას არ ართმევს? ჩემი ვარაუდით, აღნიშნული პარტია მომავალი ხელისუფლება იქნება გერმანიაში. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში ეუთო-ს პოზიციები სად არის? ეს არის ზუსტად არასწორი და ორმაგი სტანდარტი. მათთვის რაც მისაღებია, რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი? თარიღების მიხედვით გვაქვს, რას სჩადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს პარტიები. სარჩელში გვაქვს, რა არაკონსტიტუციური და მოღალატეობრივი ნაბიჯები აქვთ გადადგმული. მეტი რა მტკიცებულებებია საჭირო, ვერ ვხვდები. საქართველოსთან მიმართებით მწვავე კრიტიკა პარტიების აკრძალვის მოთხოვნამდეც იყო. ვიდრე პარტიების აკრძალვას მოვითხოვდით, კრიტიკა მუდმივ რეჟიმში იყო ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“. ამასთან, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“(ALDE) აღნიშნავს, რომ „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას“.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომა დასრულებულია და სარჩელის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.

გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1792654302

გიორგი კახიანი: კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი

კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საქმის განხილვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უკან გაიხმოს სარჩელი“.კახიანის თქმით, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი.„ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის ასეთი განხილვა არ ყოფილა, პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე როცა ვსაუბრობთ, თუმცა არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არასწორია. პროცესი საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა. შესაბამისად, საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ, იმაზე, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

 გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1792653696

გიორგი კახიანი: ოპოზიციური პარტიებისგან ჯერ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით, რომ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებით დღევანდელი პროცესი კვლავ შუამდგომლობების ეტაპით გაგრძელდება და „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ შემდეგ, დღეს უკვე სხვა პარტიებს მიეცემათ შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა.კახიანის თქმით, აქამდე დაყენებული შუამდგომლობები სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო.„რაც შეეხება შუამდგომლობას მტკიცებულების ამოღების შესახებ, ამაზე უკვე მიიღო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილება და უარი უთხრა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს, ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ, მხარეები, ამ შემთხვევაში მოპასუხეები აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს. ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახლების“ პარტიას და შემდეგ დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, შუამდგომლობები დააყენონ. როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. თუ შევხედავთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან. ვფიქრობ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. მათ შეეძლოთ, შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ, ამის შესახებ არ ვართ ინფორმირებული, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები ალბათ ვერ ექნებათ, იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათი საწინააღმდეგო მტკიცებულებები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1792610400

დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც არა სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას ედგება ოპოზიციაში, მონატრებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას, პირდაპირ გეუბნებით

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას ეხმაურება.კითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ გუნდს დაშვება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, სხვადასხვა პარტიასთან მიმართებაში სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს, მათიკაშვილი პასუხობს, რომ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ არის მისაღები, თუმცა მისივე თქმით, სარჩელი სრულად არის გაჯერებული მტკიცებულებებით და თუ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება, ეს იქნება აბსოლუტურად გამართლებული სამართლებრივი გადაწყვეტილება."საუბარი იმაზეა, რომ სარჩელი არის აბსოლუტურად გაჯერებული მტკიცედ იმ ფაქტებით და მტკიცებულებებით, რომელიც ამყარებს მას. თუკი ასეთი გადაწყვეტილება ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს, სრულად დაკმაყოფილების, იქნება აბსოლუტურად გამართლებული სამართლებრივი, საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს კონსტიტუციის და ყველა სამართლებრივი დანაწესის ფონზე და, შესაბამისად, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებით მსოფლიოში მოქმედებს.თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლისგან შედგება და მათი გადასაწყვეტია ეს საკითხი, რა პასუხს გასცემენ. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც არა სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას ედგება ოპოზიციაში.და როდესაც ქვეყნის გაწევრიანებაზე იქნება საუბარი ევროსტრუქტურებში, როდესაც ქვეყნის პროგრესზე და შემოსულ ინვესტიციებზე იქნება საუბარი, იმ უცხო ძალების წისქვილზე კი არ დაასხამენ წყალს მსგავსი ოპოზიციური ძალები, დღეს რომ "მეხუთე კოლონა" ჰქვია და დავარქვით სრულიად მართებულად, არამედ ქვეყნის მიმართ არსებულ გამოწვევებს თანაბარწილად გაიზიარებენ ხელისუფლებასთან ერთად. მაგრამ სადაც გასაკრიტიკებელი იქნება ხელისუფლება, არაფერს დააკლებენ და გააკრიტიკებენ ბოლომდე. მონატრებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყო. ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და 3 დღეს გაგრძელდება.8-საათიანი სხდომის განმავლობაში მხარეებმა ჯერ პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, შემდეგ კი მოსამართლეებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს. საკონსტიტუციო სარჩელით მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა," "ძლიერი საქართველო - ლელოს, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!," "ფედერალისტური პარტიის" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს.

გიორგი სიორიძე

პოლიტიკა • 1792610340

გიორგი სიორიძე: ამაშიც გამოიხატება ჩვენი ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, რომ მიუხედავად შემადგენლობების მიმართ ნდობისა, დავდივართ სასამართლოებში და ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას ეხმაურება.სიორიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ბრალდებები, თითქოს ოპოზიცია ძირს უთხრის კონსტიტუციურ წყობილებას, აბსურდულია. მისი თქმით, მათი პარტიის მიერ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმის გამოყენება სწორედ კონსტიტუციისადმი ერთგულებასა და ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მცდელობას ადასტურებს."ჩვენ გვედავებიან, რომ არ ვაღიარებთ და ძირს ვუთხრით კონსტიტუციურ წყობილებას. სწორედ ამაშიც გამოიხატება ჩვენი ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, რომ მიუხედავად პერსონალური შემადგენლობების მიმართ ნდობისა, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს საქართველოს პარლამენტს, არსებობს კანონები, წესები, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დავდივართ სასამართლოებში, ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას, სწორედ იმიტომ, რომ ვართ კონსტიტუციის ერთგულები და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომელიც თავად გავიდა კონსტიტუციური სივრცის მიღმა, რომელმაც თავად დააყენა საკუთარი თავი კონსტიტუციაზე მაღლა და გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო არის თვითონ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვცდილობთ ამ ქვეყნის სწორადაც რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებას.2024 წლის არჩევნების მერეც, მიუხედავად იმისა, როგორი იყო მანიპულაციის მასშტაბი და როგორადაც მივიჩნიეთ და გამოვაცხადეთ ის ჩვენ, ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ეტაპი საარჩევნო კომისიებში შედეგების გასაჩივრების, საერთო სასამართლოებში დავის, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის. მას შემდეგაც ვიყენებთ და ჩვენი გაცხადებული პოზიცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის დრაკონული კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არის მიკერძოებული ადმინისტრაცია და ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ექვემდებარება ერთ მკაცრ პოლიტიკურ ვერტიკალს, რომლის სათავეშიც დგას ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და მისი შემსრულებელი ნაზირ-ვეზირები "ქართული ოცნების" სახით, მთავრობაში თუ პარლამენტში, შესაბამისად, სწორედ ამიტომაც, ვართ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში და ამიტომაც გვინდა, რომ დავანახოთ არა მხოლოდ ამ სასამართლოს შემადგენლობას, არამედ, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც ცდილობს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალების აღსრულებას პარტიების და ოპოზიციის აკრძალვით," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყო. ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და 3 დღეს გაგრძელდება.8-საათიანი სხდომის განმავლობაში მხარეებმა ჯერ პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, შემდეგ კი მოსამართლეებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს. საკონსტიტუციო სარჩელით მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა," "ძლიერი საქართველო - ლელოს, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!," "ფედერალისტური პარტიის" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1792598184

არჩილ გორდულაძე: რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმაში, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია

„რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმაში, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.გორდულაძის თქმით, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ, ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი - დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით, მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა.„რეალურად, კომისიის დასკვნაში მითითებულია არაერთი მტკიცებულება, რომელიც არის ან საჯაროდ და საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, ან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ან საქართველოს საერთო სასამართლოების სხვადასხვა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, განაჩენები. რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და არა დასკვნის, ზოგადად შინაარსთან, რომელიც მთლიანად ამ ფაქტებს მოიცავს და სხვადასხვა პარაგრაფში მიუთითებს“, - აღნიშნა მან.

თორნიკე ჭეიშვილი

პოლიტიკა • 1792597493

თორნიკე ჭეიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება

გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.თორნიკე ჭეიშვილის თქმით, კომისიის შექმნა, ერთი მხრივ, ოპოზიციის პრივილეგიაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება უმრავლესობას არ აქვს.„დროებითი საგამოძიებო კომისიის ბუნებასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.ეს არის, ერთი მხრივ, ოპოზიციის პრივილეგია. სხვათა შორის, რომ აეთვისებინათ შესაბამისი მანდატები, შეძლებდნენ აქ წარმოდგენილი ძალები იმას, რომ შეექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, ვინაიდან აქ არის კვალიფიციური უმცირესობის პრინციპი. მეორე მხრივ, ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება არ აქვს უმრავლესობას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია უმრავლესობის მხრიდანაც იყოს გამოყენებული, რაც ასევე აპრობირებულია კონსტიტუციურ სამართლებრივ პრაქტიკაში“, - აღნიშნა მან.

✕