პროკურატურა

სამართალი 1764755488

დააკავეს სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელმაც 73 მოქალაქის მიერ ბინის შეძენისთვის გადახდილი 3 596 254 ლარი მიითვისა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ერთი პირი დააკავა.საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა.„საქმიანობის წარმოების პროცესში, კომპანიის დირექტორმა და 49.99%-იანი წილის მფლობელმა ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა კომპანია დააფუძნა, რის შემდეგაც, „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ კომპანიისთვის გადახდილი ჯამში 3 596 254 ლარი, პირადი მიზნებისთვის, პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, ბრალდებულმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით, 160 000 აშშ დოლარად და 23 290 ლარად ღირებული უძრავი ქონებები და 83 560 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები შეიძინა.გარდა ამისა, ბრალდებულმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ისანი კომფორტის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის ჯამში 119 273 ლარს მოტყუებით დაეუფლა, შემდეგ კი ხსენებული უძრავი ქონებების რეალიზაცია სხვა პირებზე მოახდინა.საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 2025 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1764596978

პარტია „ქართული ოცნება“ BBC-ის კითხვებსა და მათთვის მიწოდებულ პასუხებს აქვეყნებს

პარტია „ქართული ოცნება“ BBC-ის კითხვებსა და მათთვის მიწოდებულ პასუხებს აქვეყნებს.BBC-ს შეკითხვები. მოგმართავთ ლონდონში ბაზირებული, ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, საერთაშორისო ამბების (BBC World Service Eye Investigations Unit) სახელით. საგამოძიებო განყოფილების (BBC World Service Eye Investigations Unit) სახელით.ჩვენ ვმუშაობთ დოკუმენტურ ფილმზე, რომლის შინაარსი შეეხება საქართველოში მიმდინარე პროტესტებსა და „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, ბევრი საქართველოს მოქალაქის აზრით, მიმართულია ამ პროტესტების ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვისკენ.ფილმის ერთ-ერთი მთავარ ფოკუსს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომხდარი პოლიციური ძალადობა წარმოადგენს. აგრეთვე, განიხილება წყლის ჭავლთან ერთად მოძველებული სპეცსაშუალებების გამოყენებაც. აქედან გამომდინარე, ვგეგმავთ თქვენდამი რიგი ბრალდებების წაყენებას, თქვენს მიერ ბოლო წლის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.როგორც პასუხისმგებელი ჟურნალისტები, გვსურს შესაძლებლობა მოგცეთ პასუხი გასცეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს.ჩვენი ფილმი 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოვა. ფილმი BBC WorldNews-ის არხზე, აგრეთვე BBC-ის სხვა პლატფორმებზე და YouTube-ზე განთავსდება. თუ აღნიშნულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა გსურთ, გთხოვთ ეს 2025 წლის 21 ნოემბრამდე გააკეთოთ, რათა დროულად მოხდეს თქვენი პოზიციის ფილმში ასახვა. საინფორმაციო ფონი:2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე გადაავადებს. ამასთან ერთად, მოქალაქეების ეჭვმა, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ქვეყნის მთავარ ქალაქებში, განსაკუთრებით კი, დედაქალაქ თბილისში, მასობრივი პროტესტები გამოიწვია. პროტესტების დროს ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებმა საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო.აღნიშნულ ფილმში ვამტკიცებთ შემდეგს:1. ზოგადია) თქვენ დასანქცირებული ბიზნესმენი ბრძანდებით და, საზოგადოებისთვის, საქართველოს დე ფაქტო მმართველად ხართ ცნობილი.ბ) თქვენი ქონება მილიარდობით დოლარს შეადგენს და ამ თანხის დიდი წილი, თავდაპირველად რუსეთში ბიზნეს ინტერესების მეშვეობით მოიპოვეთ.გ) საქართველოს ბევრ მოქალაქეს ეშინია რომ თქვენი ზეგავლენით, მთავრობა საქართველოს ისევ რუსეთის გავლენის სფეროში აბრუნებს.დ) მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს მიზანი ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი და „ქართული ოცნების“ პარტია სწორედ ამ დაპირებით ატარებდა კამპანიას, მთავრობა, ამჟამად, ამ მიზანს შორდება.ე) ფილმის ერთ-ერთი მონაწილე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ყველაზე „პრორუსული“ მთავრობაა და რომ მათ აქვთ „ყველა რესურსი და ინსტრუმენტი, რათა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში შეაჩერონ“.ვ) 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს, გავრცელდა მრავალი ბრალდება „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბების თაობაზე. ეს მოიცავდა ამომრჩეველთა დაშინებას, სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩეველთა მოსყიდვას. 2025 წლის ივლისში ევროკავშირის პარლამენტმა დაასკვნა, რომ არჩევნები „გაყალბებული“ იყო. მთავრობისა და პოლიციის ქმედებები2. ძალადობა საპროტესტო აქციებზე – 2024 წლის ნოემბერი და დეკემბერია) 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების, პოლიციის მიერ დარბევისას, შსს-ს დაქვემდებარებული თანამშრომლები ძირითადად მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობდნენ.ბ) დარბევის პერიოდში, ე.წ. ტიტუშკებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე ძალადობის ფაქტები. ეს პირები სავარაუდოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წევრები არიან და მიიჩნევა, რომ მათ კავშირი აქვთ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.გ) 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს პოლიციის მიერ ჩადენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებულა. არცერთი პოლიციელი სრულად არ გამოძიებულა ან დასჯილა საკუთარი ქმედებებისთვის, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახური – პოლიციის ომბუდსმენი – 2025 წლის მაისში გაუქმდა და მისი ფუნქციები პროკურატურას გადაეცა.დ) დარბევის დროს პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანებში ქიმიური ნივთიერებები აურია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქიმიკატები გამოიყენეს. ჩვენს გამოძიებებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ ეს იყო ორი ქიმიკატი: UN3439 და UN1710. მიიჩნევა, რომ ესენია გამხსნელი ტრიქლოროეთილენი და მოძველებული, საშიში სამოქალაქო არეულობის საწინააღმდეგო საშუალება კამიტი. იმის გამო, რომ „კამიტი“ ათწლეულებია აღარ გამოიყენება და არსებობს უფრო უსაფრთხო თანამედროვე ალტერნატივები, მისი გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს „ქიმიურ იარაღად“. 3. მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მიზანში აღებაა) ჩვენი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე რომ მთავრობა მიმდინარე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას ახორციელებს – აწესებს დიდ ჯარიმებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ დაკავებებს და აპატიმრებს ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პროტესტების შეჩერების მცდელობის მიზნით.ბ) მთავრობა ასევე მიზანში იღებს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სულ უფრო შემზღუდველი კანონმდებლობის მეშვეობით. 4. თქვენი როლი საქართველოს მთავრობაშია) თქვენი ყოფილი თანამშრომელი ჰყვება რომ პირადად უნახავს, როგორ სტუმრობდნენ თქვენს თბილისის რეზიდენციას მინისტრები, პროკურორები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები რეგულარულად. ეს ხდებოდა როგორც მაშინ, როდესაც თქვენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდით, ასევე ამის შემდეგაც. მისი თქმით, თქვენ ის პირი ბრძანდებით, ვინც (ოფიციალურად თუ არაოფიციალურად) ნიშნავს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებს და, იმის მიუხედავად, იკავებდით თუ არა ოფიციალურ თანამდებობას, აღნიშნული პირები თქვენი „პირდაპირი მითითებების შესაბამისად მოქმედებდნენ“.ბ) აქედან გამომდინარე, ეს პირი მიიჩნევს რომ მთავრობისა და პოლიციის ქმედებები მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ, თქვენი თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. 5. გიორგი ბაჩიაშვილია) არსებობს ვარაუდი რომ თქვენ განახორციელეთ კოორდინირებული კამპანია გიორგი ბაჩიაშვილის, ფინანსისტის და თქვენი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ.ბ) ამ კომპანიის ნაწილია ის ბრალდებები, რომლებზეც ბატონ ბაჩიაშვილს მოგვიანებით გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და მიუსაჯეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აღნიშნული საქმე „სპექტაკლად“ შეაფასა.გ) ხელისუფლებამ ორგანიზება გაუწია ბატონი ბაჩიაშვილის იძულებით გადმოყვანას არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც ის მიმალვაში იმყოფებოდა. აღნიშნული გადმოყვანა ჩვეულებრივი ექსტრადიციის პროცედურების დაცვით არ განხორციელებულა. მოგვიანებით გავრცელებული განცხადება, თითქოს ბაჩიაშვილი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე აღმოაჩინეს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.დ) მოგვიანებით, ბატონ ბაჩიაშვილზე ციხეში ფიზიკურად იძალადეს. ის ამტკიცებს, რომ ეს თქვენი ბრძანებით მოხდა. პასუხები BBC-ს. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საპასუხო წერილი BBC World Service Eye Investigations Unit-ს.მოგესალმებით. გავეცანით რა თქვენს წერილს სრულყოფილად, რადგან აღნიშნავთ, რომ ობიექტური საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის გასაკეთებლად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მოისმინოთ ჩვენი პოზიცია, სწორედ ამ დამოკიდებულებამ გადაგვაწყვეტინა თქვენთვის ამომწურავი პასუხები გაგვეცა შეკითხვებზე. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ასევე, აქვე გიდასტურებთ, რომ ნებისმიერ ჩვენს პასუხზე მზად ვართ წარმოვადგინოთ კონკრეტული მტკიცებულება. ასევე, გვაქვს იმედი, რომ ყველა თქვენს რესპოდენტს, ვისგანაც დოკუმენტური ფილმის მზადების პროცესში იღებთ ინფორმაციას და ფაქტია, რომ უკვე, თუნდაც შეკითხვების ფორმირების პროცესში გარკვეული აქცენტები გაკეთებული გაქვთ, ყველა მათგანს მოსთხოვთ მტკიცებულებებს და გაგვაცნობთ ჩვენც.იმედს ვიტოვებთ, რომ საბოლოო პროდუქტი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, ნამდვილად ობიექტური დოკუმენტური ფილმი, არ იქნება აგებული ის თქვენ მიერ მოძიებული რესპოდენტების მონათხრობზე, არამედ ნებისმიერი ფაქტი, რომელსაც რეალობად წარმოაჩენთ საბოლოო ნამუშევარში, სწორედ რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება გამყარებული. ამ იმედით ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან კომუნიკაციას, მუშაობას თითოეულ დეტალზე და როგორც აღვნიშნეთ, მზად ვართ ჩვენ მიერ გაცემული ყველა პასუხი დავასაბუთოთ კონკრეტული მტკიცებულებით და ეს მტკიცებულებები ასევე გავხადოთ საჯარო.წერილის პირველ პუნქტში თქვენი მხრიდან საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. წერთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი დასანქცირებულია აშშ-ის მხრიდან, ის მიიჩნევა ქვეყნის დე ფაქტო მმართველად, კითხვას სვამთ ბიზნეს საქმიანობაზე, წამოყენებულია პრორუსულობის პრეტენზია, საუბარია იმაზე, რომ საქართველო მიდის რუსეთისკენ, ნაცვლად კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროატლანტიკური მისწრაფებისა, ნახსენებია 2024 წლის არჩევნების სავარაუდო გაყალბება – მაგალითად კი მოყვანილია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები.არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის ამ ბრალდებებში ახალი და გასაკვირი არაფერია. პროპაგანდისტული ხაზებს, რომელსაც  ამჯერად იყენებთ, თითქოსდა შეკითხვების ფორმულირებისათვის, წლებია გვესმის, ხან ადგილობრივი აგენტურული პოლიტიკოსებისგან, ხან ევროპარლამენტარებისგან, ხან ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნების ლიდერებისგან, ხან – ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, ასევე, მედიად წოდებული სხვადასხვა დაჯგუფებებისგან, რომლებიც პირდაპირ არაფორმალური მმართველების მიერ კონტროლდებიან და არაფერი აქვთ საერთო თავისუფალ სიტყვასთან. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოში „რუსული ინტერესების გატარებისთვის“, თუმცა, არც ერთი ფაქტი, რათა დაწესებული სანქციები დაესაბუთებინათ, წინა ადმინისტრაციას არ მოუყვანია. არავინ იცის და ვერავინ ამბობს, რომელი რუსული ინტერესი გაატარა საქართველოში პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, რადგან ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს. მაშინ, როდესაც საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს, ზოგადი საუბარი რუსული ინტერესების გატარებაზე არის ტყუილი. რადგან თქვენ მიერ გამოგზავნილ წერილში თქვენ თავად, ხოლო პასუხის დასაწყისში მე ხაზი გავუსვით ობიექტური ჟურნალისტიკის პრინციპებს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრის დროს, ფილმში გთხოვთ წარმოადგინოთ კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოში „რუსული ინტერესების“ გატარებაზე, თქვენ ვალდებულნი ხართ რომ არ დაეყრდნოთ სახელმწიფო დეპარტამენტის მშრალ განცხადებას და დაასაბუთოთ, რომელი რუსული ინტერესის გატარებაზეა საუბარი.ზოგადად, „პრორუსულობის“ საკითხი არის სიცრუეზე დაფუძნებული ერთ-ერთი მთავარი იარაღი არაფორმალური მმართველების ხელში, რომლითაც აშანტაჟებენ ყველას, ვინც წინააღმდეგობაში მოდის მათ გეგმებთან. შანტაჟის აღნიშნულ ფორმას სპეცსამსახურები იყენებენ არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ, ყველგან, სადაც კი მათ გეგმებს წინააღმდეგობა ხვდება. პრორუსია ყველა, ვინც არათუ ეწინააღმდეგება „დიპ სტეიტის“ მიზნებს, არამედ, კითხვაც კი შეიძლება დასვას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეცსამსახურების პროპაგანდა პრორუსად მოიხსენიებს ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოს, ალექსანდრ ვუჩიჩს და ახლა უკვე ჩეხეთის ახალ მთავრობასაც კი, რამეთუ მათ არ შეეშინდათ და „დიპ სტეიტის“ გეგმებისგან  განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს არაერთ საკვანძო საკითხზე. ქართული საზოგადოების საამაყოდ უნდა აღინიშნოს, რომ „პრორუსულობის“ ყურით მოთრეული და ხელოვნურად მიკრული იარლიყი საერთოდ არ მუშაობს, ვინაიდან ქართველებმა ძალიან კარგად იციან შავისა და თეთრის გარჩევა.გამოგონილი „პრორუსულობის“ გაგრძელებაა სიყალბის მტკიცება, თითქოს საქართველო შორდება ევროპას. აქაც, იმედს ვიტოვებთ, რომ როდესაც თქვენ გექნებათ საუბარი საკითხზე, ნუ დაეყრდნობით თქვენი რესპოდენტების მონათხრობს, არამედ მოიყვანეთ კონკრეტული მტკიცებულებები. ჩვენი მხრივ კი გპასუხობთ, რომ დღევანდელი მოცემულობა არის საპირისპირო – ევროკავშირი დღეს სრულად არის დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან. განადგურებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები, ევროპელი ბიუროკრატების აბსოლუტური უმრავლესობა კი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების ხმას წარმოადგენდნენ, არაფორმალური მმართველების მარიონეტებად არიან ქცეულნი და მათი დავალებების შესრულების პროცესში ყველაფერს კადრულობენ: თეთრზე ამტკიცებენ შავს, აშანტაჟებენ მიუღებელი პოზიციის მქონე ქვეყნებსა და კონკრეტულ პოლიტიკოსებს, საქართველოსთან მიმართებით კი, ევროკავშირში გაწევრიანება შანტაჟის იარაღად აქვთ ქცეული. გვიქნევენ თითს, რომ თუ არ შევასრულებთ მათ დავალებებს, რაც უმეტეს შემთხვევაში საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ჰარაკირის ტოლფასია, ისინი უარს გვეტყვიან ევროკავშირში გაწევრიანებაზე და უფრო მეტიც, უვიზო მიმოსვლას გაგვიუქმებენ. სწორედ ეს არის არაევროპული საქციელი, არაევროპული პოლიტიკა და არაევროპული დამოკიდებულება. ამიტომ, არათუ საქართველო შორდება ევროპას, სადაც პრინციპულად დაცულია ყველა ევროპული ფასეულობა, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატია უკვე დაშორდა ევროპულ ღირებულებებს.არჩევნების სავარაუდო გაყალბების პუნქტზე დიდ დროს არ დავხარჯავთ, რამეთუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვლენილი იყო არჩევნების შემფასებელი უმთავრესი ინსტიტუცია, „ეუთო/ოდირი“, რომელმაც ჩატარებულ კენჭისყრას კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა. ნაცვლად იმისა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას მათივე ორგანიზაციის ეს დასკვნა ცნობად მიეღო, ფეხქვეშ გათელეს „ეუთო/ოდირის“ დასკვნა, ლაფი დაასხეს მათსავე ინსტიტუციას მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ქართველმა ხალხმა ხმა სწორედ „ქართულ ოცნებას“ მისცა. მეორე მხრივ, არ არსებობს იოტისოდენა ფაქტიც კი, რომელიც რაიმე ფორმით არათუ გაყალბებაზე, არამედ კენჭისყრის პროცესში ხარვეზებზე მიუთითებს.  ევროპარლამენტის რეზოლუციების სამტკიცად მოყვანა ღრმად არასერიოზულია – დღეს ქართულ საზოგადოებას ევროპარლამენტის რეზოლუციები სასაცილოდაც კი არ ჰყოფნის. ეს ინსტიტუცია, არაფორმალური მმართველების დავალებების შესრულებამ, სრულიად უფასურ ორგანოდ აქცია, ტყუილების კორიანტელი კი, რასაც რეზოლუციაში უტიფრად იწერება, როგორც აღვნიშნეთ, ქართველ ხალხს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნის. აქვე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ როდესაც საუბარი იქნება თქვენს დოკუმენტურ ფილმში არჩევნების გაყალბებაზე, როგორც ობიექტურ და მაღალი დონის ჟურნალისტს შეეფერება, ნუ დაეყრდნობით რესპოდენტთა მონაყოლ ამბებს, არამედ წარმოადგინოთ არჩევნების გაყალბების თუნდაც 1 მტკიცებულება.თქვენ წერილში წამოჭრილია ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს ხელისუფლების ფუნქციონირების პროცესში და საუბარია არაფორმალურ გავლენაზე, რაც ასევე ღრმად არასერიოზულია. საქართველო არის საპარლამენტო მოწყობის რესპუბლიკა, პარლამენტის უმრავლესობას კი დღეს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ის აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ ცხოვრებაში კონკრეტული, პარტიული პოზიციიდან და როდესაც ყველაფერი ხელის გულზე დევს, რაიმე არაფორმალურ გავლენაზე კითხვის დასმა, რბილად რომ შევაფასოთ, საკითხისადმი გაურკვევლობაზე მიანიშნებს. ამიტომ, ჩვენი თხოვნა იქნება, კარგად გამოარკვიოთ საქართველოში არსებული დემოკრატიული მმართველობის ფორმა, შემდეგ კარგად გამოარკვიოთ ბატონი ივანიშვილის პარტიული პოზიცია, პარტიის როლი ფუნქციონირებად ბიუროკრატიაში და თავადვე მიხვდებით, რომ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია.რაც შეეხება კითხვებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, აქაც ყველაფერი ნათელია. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე არის ერთ-ერთი სამაგალითო ბიზნესმენი მსოფლიოში, რომელსაც აბსოლუტურად ყველა აქტივი და წარსულში ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა, ნებისმიერ ეტაპზე, ჰქონდა დეკლარირებული, საჯაროდ წარმოდგენილი. ამ მხრივაც არაერთხელ იყო მცდელობა, რომ მოარული ხმების თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მოეხდინათ მისი დისკრედიტაცია, თუმცა, არასოდეს არავის არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია, რაც თუნდაც კითხვის ნიშანს გააჩენდა ბიძინა ივანიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, ცნობილია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა აქტივების უდიდესი ნაწილი, თითქმის 95% გადასცა საქველმოქმედო ფონდს, რომელიც როგორც წარსულში, ასევე ამჟამადაც საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავ საქველმოქმედო პროექტს აფინანსებს. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ – თუ დოკუმენტურ ფილმში მაინც აპირებთ კითხვის ნიშნები გააჩინოთ ბატონი ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე, თუნდაც შორეულ წარსულში, ნუ დაეყრდნობით სხვადასხვა ადამიანთა მონაყოლ ისტორიებს, არამედ პატივი ეცით საკუთარ თავს, საკუთარ პროფესიას და მოიყვანეთ მტკიცებულება.თქვენ ასევე ინტერესდებით საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძალადობით და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით, თუმცა, რატომღაც – აღნიშნულ საკითხს ცალმხრივად ეხებით – ინტერესს იჩენთ მხოლოდ პოლიციელთა ქმედების მიმართ, ძალადობრივი აქციის მონაწილეებს, შეკითხვაში, აპრიორი მსხვერპლად წარმოაჩენთ, ასევე წუხხართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე, რომელსაც “სამოქალაქო საზოგადოების” და NGO სექტორის “შემზღუდავ ცვლილებად” მოიხსენიებთ. შეკითხვაში ასევე საუბარია შს სამინისტროს მხრიდან, ძალადობრივი აქციების დაშლის დროს გაურკვეველი “ქიმიკატების” გამოყენებაზე. მოძალადე მომიტინგეებს მოიხსენიებთ მშვიდობიან დემონსტრანტებად. ახსენებთ სიტყვას „ტიტუშკა“.აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელის გულზე დევს თქვენი დამოკიდებულება ძალადობრივი აქციების მიმართ, კიდევ ერთხელ, მოკლედ მიმოვიხილავთ ძალადობრივი აქციების ქრონოლოგიას. საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, თითქოსდა გაყალბების საბაბით, უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა და უცხო ქვეყნების სამსახურში მყოფმა ოპოზიციის ლიდერებმა, ძალადობრივი აქციები დააორგანიზეს, გადაწვეს პარლამენტის შენობა, დალეწეს რუსთაველზე საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურა, დაზიანება მიაყენეს ასობით სამართალდამცავს და ბოლოს, ძალადობრივი აქციების ერთი წლის თავზე, დაგეგმეს სახელმწიფო გადატრიალება.არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ, საერთაშორისო საზოგადოება ერთი წლის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს გარედან დაფინანსებულ და წახალისებულ ძალადობას, სახელმწიფოზე შტურმს, ინსტიტუციების ფეხქვეშ გათელვას და ბოლოს ღია მოწოდებას და ქმედებას სახელმწიფოს დასამხობად. ამის მიუხედავად, არც ერთ საერთაშორისო აქტორს- ბრიუსელს, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, სხვადასხვა ორგანიზაციებს, დღემდე არ დაუგმიათ ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ამის პარალელურად – შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურისა და ზოგადად, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედება იყო პასუხი მოძალადე კრიმინალების უკანონო ქმედებაზე. ძალოვანი სისტემა მოქმედებდა საპასუხო რეჟიმში, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი მოქმედებს უმაღლესი ლეგიტიმაციით, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება სწორედ საზოგადოებრივ კეთილდღეობას და მის საუკეთესო ინტერესს. შევახსენებთ ყველას, მათ შორის თქვენ, BBC-ის წარმომადგენლებს, რომ ადამიანთა მცირე  ჯგუფის ინტერესები და უფლებები შესაძლოა დაცული იყოს მხოლოდ იმ საზღვრამდე, სადაც იწყება ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობის უფლებები. ჩვენს ქვეყანაში უმცირესობა ვეღარ იძალადებს უმრავლესობის ნებაზე! დაბოლოს, აპელირება შსს-ს მხრიდან ძალადობრივი აქციების დაშლის დროს გაურკვეველი ქიმიკატების გამოყენებაზე ღრმად არასერიოზულია კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე არ გეკადრებათ მსგავსი აბსურდული მინიშნებები. აქვე, კიდევ ერთხელ გთავაზობთ, რომ გამოგიგზავნოთ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ამსახველი რამდენიმესაათიანი ჩანაწერები, მხოლოდ იმ პირობით, რომ მასალა გამოყენებული იქნება თქვენს დოკუმენტურ ფილმში.ბოლო საკითხი, რომლითაც ინტერესდებით – მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ეხება. შეკითხვების ფორმულირებისას, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებთ ბაჩიაშვილის მიმართ ხელოვნურად წარმოებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში, სამტკიცად მოგყავთ ეკა გიგაურის NGO-ს შეფასება, ასევე, ხელისუფლება დადანაშაულებულია ბაჩიაშვილის „მოტაცებასა“ და ციხეში, მასზე ძალადობაში.კონკრეტულად თქვენთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ კრიმინალი ბაჩიაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. წლების წინ, ბიზნესის წამოწყების იდეით მან მიმართა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეთავაზება განეკუთვნებოდა მაღალი რისკის კატეგორიას, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განახორციელა დაახლოებით 5-მილიონიანი ინვესტიცია, შესაბამისი საპარტნიორო პირობებით. ბაჩიაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი კეთილსინდისიერად, შეთანხმების შესაბამისად მიემართა ინვესტორის სასარგებლოდ, კანონსაწინააღმდეგოდ მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება, ხოლო, სამართლებრივი დავის პროცესში მალულად დატოვა ქვეყანა მოსალოდნელი სასჯელისგან თავის ასარიდებლად. ბაჩიაშვილი აპელირებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია არ იყო ინვესტიცია და იყო კრედიტი, თუმცა ვერ წარადგინა ვერც ერთი მტკიცებულება. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს ვერც ერთი ქვეყნიდან, როდესაც კონკრეტულმა პირმა დაახლოებით 5 მილიონი კრედიტი მიიღო უზრუნველყოფის გარეშე. საპირწონედ, ჩვენ წარმოგიდგენთ არაერთ სამტკიცს, მათ შორის ეროვნული ბანკის დოკუმენტებს, რომ სწორედ ბატონმა ივანიშვილმა განახორციელა ინვესტიცია აღნიშნულ ბიზნესში. აქაც ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება თქვენ მიმართ, რომ სამართლებრივ დავაზე შეფასების გაკეთების დროს დაეყრდნოთ მტკიცებულებებს და არა რომელიმე NGO-ს შეფასებას.რაც შეეხება სამართალს გაქცეული ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანას და ციხეში მასზე განხორციელებულ თითქოსდა ძალადობას, ნებისმიერი შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული კრიმინალი წარადგინოს მართლმსაჯულების წინაშე. თუ დამნაშავე ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანაში მართლაც მონაწილეობდნენ ქართველი სამართალდამცველები, როგორც ამას თქვენ ამტკიცებთ, ეს კიდევ უფრო ამაღლებს სამართალდამცველთა პრესტიჟს და პროფესიონალიზმს. „ციხის ინციდენტზე“ კი უკვე ყველაფერი გარკვეულია – გამოძიებამ დაადასტურა, რომ ეგრეთ წოდებული „ცემის საქმე“ სწორედ ბაჩიაშვილის მიერ იყო დადგმული, მასში მონაწილე პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსანი კი უკვე დაკავებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დამნაშავე ბაჩიაშვილის საქმეზე მოგაწოდოთ სრული მასალა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აღნიშნული მასალები სრულად გაშუქდება.კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი მზაობისთვის, რომ დაიცვათ ობიექტური ჟურნალისტიკის სტანდარტები. ჩვენი მხრივ, უკვე მერამდენედ აღვნიშნავთ, რომ მზად ვართ თითოეული ჩვენი პასუხი გავამყაროთ კონკრეტული მტკიცებულებით. ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია ასევე გამყარებული იქნება ფაქტებით და დოკუმენტური ფილმი არ იქნება ცალკეულ პირთა მოსაზრებების კრებული.ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროს ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.დღესვე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

ტაკერ კარლსონი

მსოფლიო 1764002015

ტაკერ კარლსონი: ანდრეი ერმაკმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი მიითვისა - Wall Street Journal-ის რედაქტორები ერმაკს იცავენ, იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობს უკრაინის მცდელობებს, ჩაშალოს ტრამპის სამშვიდობო გეგმა, Wall Street Journal-ის მფლობელებს არ სურთ რუსეთთან მშვიდობა

თვეების განმავლობაში, Wall Street Journal აქვეყნებდა სტატიას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ანდრეი ერმაკის პირადი კორუფცია. ერმაკმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი მიითვისა- წერს ამერიკელი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი, X-ზე. მისი განცხადებით, WSJ-ის მიერ ანდრეი ერმაკის დაცვის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ერმაკი ხელმძღვანელობს უკრაინის მცდელობებს, ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩაიშალოს. ის ასევე აკრიტიკებს გამოცემის მფლობელებს, მერდოკების ოჯახს და აცხადებს, რომ გაზეთს ისინი რუსეთთან ომის გასაგრძელებლად იყენებენ რაც არა საინფორმაციო ორგანიზაციის, არამედ, სადაზვერვო სააგენტოს დამახასიათებელი ნიშანია."თვეების განმავლობაში, Wall Street Journal აქვეყნებდა სტატიას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ანდრეი ერმაკის პირადი კორუფცია. ერმაკმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი მიითვისა. გამოცემის რედაქტორებს ამის დამტკიცება შეუძლიათ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ამის ნაცვლად, ისინი ერმაკს იცავენ. რატომ? იმიტომ, რომ ერმაკი ხელმძღვანელობს უკრაინის მცდელობებს, ჩაშალოს ტრამპის სამშვიდობო გეგმა აღმოსავლეთ ევროპისთვის.Wall Street Journal-ის მფლობელებს არ სურთ რუსეთთან მშვიდობა. მათ სურთ ომი. ამავდროულად, WSJ-ის სარედაქციო გვერდი აკრიტიკებს ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო შეთანხმების დადების მცდელობისთვის. ეს ნამდვილი კორუფციაა. მკითხველის ინფორმირების გარეშე, მერდოკების ოჯახი იყენებს თავისი გაზეთის ორივე მხარეს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად. ეს არ არის საინფორმაციო ორგანიზაციის ქცევა. ეს სადაზვერვო სააგენტოს დამახასიათებელი ნიშანია." - წერს ტაკერ კარლსონი.  For months, the Wall Street Journal has held a story detailing the personal corruption of Andrii Yermak, the second most powerful man in Ukraine. Yermak has skimmed hundreds of millions in Amercian tax dollars meant for Ukraine aid. The Journal’s editors can prove that. But… — Tucker Carlson (@TuckerCarlson) November 24, 2025

კი

მსოფლიო 1763525187

The Wall Street Journal: ომის განმავლობაში, უკრაინელები სამხედრო დანაყოფებს თანხებს სწირავდნენ - ახლა ბევრი ეჭვობს, რომ მათი ლიდერები მდიდრდებოდნენ მაშინ, როცა ღარიბი უკრაინელები მსხვერპლს იღებდნენ

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი ხელისუფლებაში კორუფციისა და მექრთამეობის აღმოფხვრის დაპირებებით მოვიდა, სამოქალაქო აქტივისტები ახლა ეჭვქვეშ აყენებენ, არის თუ არა ის კვლავ ამ იდეის ერთგული, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.„ღამის 2 საათს გადაცილებული იყო, როდესაც ტიმურ მინდიჩმა გასულ კვირას პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა - რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე დეტექტივები მის სახლში მივიდოდნენ, მაღალი დონის კორუფციის გამოძიების ფარგლებში, რომელმაც ომისგან განადგურებული ქვეყანა შეძრა. ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის მასშტაბით, დაახლოებით 70 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დააკავეს. მინდიჩი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და ერთ-ერთი ოფიციალურად ბრალდებული, უკრაინის ფარგლებს გარეთ მიმალვაში რჩება“, - წერს The Wall Street Journal-ი.„გაფრთხილებული იყო?“ - განაცხადა სემიონ კრივონოსმა, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს დირექტორმა. „ეს უნდა იყოს გამოძიებული“.ეს გამოძიება ზელენსკის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, ყველაზე მაღალ სამთავრობო დონეს - და თვით ზელენსკისთან ყველაზე ახლოს მყოფ პირებს - შეეხო.„კორუფციის შესახებ ბრალდებებმა განარისხა უკრაინელები, რომლებიც ომისდროინდელ სირთულეებს უძლებენ - ეს ახლა ყველაზე აშკარა საფრთხეს უქმნის ზელენსკის ლიდერობას“, - ნათქვამია სტატიაში.გამოძიების თანახმად, მინდიჩი, რომელმაც ზელენსკისთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააფუძნა საპროდიუსერო კომპანია, იყო „კრიმინალური ორგანიზაციის“ ლიდერი, რომელმაც 100 მილიონი დოლარი უკრაინის სახელმწიფო ატომური ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ მეშვეობით მიითვისა.მას ოფიციალურად ბრალი ედება ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კრიმინალური ორგანიზაციის შექმნასა და ხელმძღვანელობაში, ასევე ფულის გათეთრებაში.„ომის განმავლობაში, საშუალო და მუშათა კლასის მოქალაქეები სამხედრო დანაყოფებს დრონებისა და ავტომობილების შესაძენად თანხებს სწირავდნენ. ახლა ბევრს ეჭვი უჩნდება, რომ მათი ლიდერები საკუთარ გამდიდრებაზე ზრუნავდნენ, მაშინ როცა ღარიბი უკრაინელები მსხვერპლს იღებდნენ. გამოძიების დრო კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას: ქვეყნის დიდი ნაწილი უმკლავდება ელექტროენერგიის გათიშვებს - რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შემდეგ ბევრი სახლი გათბობის გარეშე რჩება“, - ნათქვამია სტატიაში.„საზღვარგარეთ, ზელენსკისთვის საფრთხე არანაკლებ ცხადია. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოხატა ყოყმანი, გაეგრძელებინა უკრაინისთვის იარაღისა და სხვა დახმარების გაგზავნა, მაშინ როცა სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეჭვქვეშ დააყენეს, თუ როგორ იყენებს კიევი ამერიკულ სახსრებს. ზელენსკის ადმინისტრაციაში კორუფციის ბრალდებები კი ზრდის რისკს, რომ აშშ-მა დახმარების ონკანი გადაკეტოს“, - აღნიშნავს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

პოლიცია

სამართალი 1763446877

შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს.მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა.ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას – ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონო მიითვისა.ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

პროკურატურა

სამართალი 1762502430

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი, რის შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

hj

სამართალი 1762233575

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პენსიონერს თანხა მოტყუებით გამოსძალა

 პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პენსიონერს თანხა მოტყუებით გამოსძალა. ახალგაზრდა მამაკაცი მსხვერპლ პენსიონერს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის ანგარიშზე არსებული თანხა საფრთხეში იყო და თანხის უსაფრთხო ანგარიშზე გადატანა შესთავაზა. ამ სქემით, მან 18 000 ზლოტი (დაახლოებით 4,000 ევრო) მიითვისა.სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ საქმეში, შესაძლოა, სხვა პირებიც ფიგურირებდნენ.მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ელისო კილაძე

პოლიტიკა 1759742100

ნანუ ნანა სანდერი, ადამიანი, რომელმაც ემიგრანტების აკრეფილი ფული მიითვისა და აქციის წინა ხაზს აღჭურვილობა არ შეუძინა - ელისო კილაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

"სად წავიდა ემიგრანტების 15 000€, რომელიც ერთ-ერთ ემიგრანტს ჩაბარდა აღჭურვილობის შესაძენად?!" - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში და მისივე პოსტის ერთ-ერთ კომენტარში, ერთი-ერთი აქტივისტის ნანა სანდერის ფოტოს აქვეყნებს ტექსტით: "ნანუ ნანა სანდერი - ადამიანი, რომელმაც ემიგრანტების აკრეფილი ფული მიითვისა და აქციის წინა ხაზს აღჭურვილობა არ შეუძინა"."ავტომატები და დეტონატორები კი არა, აირწინაღები და ჩაფხუტები არ ჰქონდათ წინა ხაზზე.და რატომ არ ჰქონდათ?პოსტები მახსოვს, განსაკუთრებული საჭიროებისთვის თანხა გვჭირდებაო, ანგარიშის ნომრებს დებდით!ჰოდა, სად წავიდა ემიგრანტების 15 000€, რომელიც ერთ-ერთ ემიგრანტს ჩაბარდა აღჭურვილობის შესაძენად?!" - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1759252860

პრემიერი: ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია უცხოური სპეცსამსახურების მიერ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც პროტესტის დაფინანსების სქემასა და ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარებას უკავშირდება, სადაც მთავარ როლში გიული ალასანიას უნივერსიტეტია.პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უცხოური სპეცსამსახურების სქემა.„ამაზე ჩვენ მანამდე ღიად არ ვსაუბრობდით, თუმცა ახლა შეგვიძლია უკვე თამამად და ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გასაკვირი ისიც არ არის, რომ ამ უნივერსიტეტში, თავის დროზე 1 ლარად მითვისებულ უნივერსიტეტში ხორციელდება ასეთი გეგმები. გახსოვთ, რომ თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა 1 ლარად უნივერსიტეტი, რაც იყო თავისი არსით, თავისი შინაარსით კრიმინალური ქმედება. არ გვიკვირს, რომ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება ეს ყველაფერი. ეს არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელსაც წარმატებით განხორციელება არ უწერია. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას. განსაკუთრებით, ყველა უნდა მოერიდოს ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობას.როდესაც წინა აქციებში მონაწილეობდნენ კონკრეტული ადამიანები ძალადობრივ ქმედებებში, მათ შეეფარდათ 2 წლით და მეტი თავისუფლების აღკვეთა.აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. თქვენ ნახეთ, უცხოური სპეცსამსახურების ასეთმა სქემამ რა მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, რომელიც დღეს არის თავიდან ბოლომდე ჩამოქცეული, როგორც სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ბაჩიაშვილი

სამართალი 1759152197

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2015-2017 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა, არ მოახდინა ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის გადაცემა ინვესტორისათვის და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.ორივე პირის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუსის მიერ ფულის მითვისებისთვის დღეს დაკავებული პირი

სამართალი 1759147770

სუსის მიერ ფულის მითვისებისთვის დღეს დაკავებული პირი ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორია

სუს-ის მიერ ფულის მითვისებისთვის დღეს დაკავებული პირი ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს კომპანია „გურია ენერჯის“ დირექტორი და 100%-ის მესაკუთრე ბიზნესმენი მამუკა ჟღენტი დააკავა. გამოძიება მას 403,095 ლარის მითვისებას ედავება.საუბარია 2022-2023 წლებში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზე, რომელიც კომპანია „გურია ენერჯიმ“ ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ 3.5-კილომეტრიან გზაზე ჩაატარა. აღსანიშნია, რომ 2024 წლის ივლისში გზაზე არსებული ხიდი ჩაინგრა.სუს-ის თანახმად, თანხების მითვისების საქმეში ჩართული იყო ტენდერის საზედამხედველო კომპანიაც, რომლებმაც „გურია ენერჯის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ყალბი დასკვნები გასცეს. აღნიშნულის გამო საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. დააკავეს.ბიზნეს რეესტრის თანახმად, დაკავებული ბიზნესმენი მამუკა ჟღენტი არის მიმალვაში მყოფი ბიზნესმენის - ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორი. გასულ კვირაში სუს-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიჭიკო პაიკიძის კომპანია ბ.პ. ტრანსმა სახელმწიფო ტენდერებიდან 2.4 მილიონი ლარი მიითვისა. ბიზნეს რეესტრის თანახმად, მამუკა ჟღენტი 25%-ის წილს ფლობს კომპანია ბ.პ. ბეტონში, სადაც ბიჭიკო პაიკიძეც 25%-ის მფლობელია.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა), 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თანამონაწილეობა) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება). დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სუს-ში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს დანაშაულებზე რეაგირება შეუქცევადი ხასიათის იქნება.აღსანიშნავია, რომ მამუკა ჟღენტი შპს ბ.პ. ბეტონის თანამფლობელია ბიჭიკო პაიკიძესთან ერთად, რომელსაც ასევე ბრალად ედება ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი თანხის მითვისება.

პროკურატურა

სამართალი 1758535922

დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 9 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,მეტალ +“-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის, სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1 091 329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,მეტალ +“-ის ანგარიშზე ჯამში 893 522 ლარი, მათ შორის, 763 931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. კერძოდ, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212 840 ლარს შეადგენდა, ხოლო ჩარიცხულ თანხებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა 680 682 ლარი შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე უძრავი და მოძრავი ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა, რითაც 680 682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.მას ბრალდება საქართველოს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი.