მაცივარი

საზოგადოება • 1792698908

საყინულეში შავი პოლიეთილენის პარკით საკვების შენახვა არ შეიძლება - სპეციალისტის გაფრთხილება

ქიმიის დოქტორი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ელიზა მარქარაშვილი აცხადებს, რომ საყინულეში ხორცპროდუქტების ან სხვა საკვების შენახვა შავი პოლიეთილენის პარკით არ შეიძლება და ამის მიზეზს ხსნის:„არ შეიძლება საყინულეში შავი პოლიეთილენის პარკით საკვების შენახვა, ვინაიდან ის არის მეორადი გადამუშავების საფუძველზე შექმნილი და იქ შესაძლებელია, ბევრი მავნე ნივთიერებაც იყოს მოხვედრილი. ამიტომ არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება შავის გამოყენება. უფერულში შევინახოთ,“ - ამბობს სპეციალისტი.

მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა • 1792221900

გილოცავთ 17 ოქტომბერს - ვეტერანის დღეს, თარიღს, რომელსაც მთელი საქართველო განსაკუთრებული პატივისცემით, სიამაყითა და ღრმა მადლიერებით აღნიშნავს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა, მათი ღვაწლი და თავდადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია."გილოცავთ 17 ოქტომბერს - ვეტერანის დღეს, თარიღს, რომელსაც მთელი საქართველო განსაკუთრებული პატივისცემით, სიამაყითა და ღრმა მადლიერებით აღნიშნავს.ეს არის დღე, როდესაც სრულიად ერი ერთსულოვნად ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით, თავდადებითა და უტეხი სულით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია დაწერეს.საქართველო გმირების სამშობლოა. ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია - ეს არის ისტორია, რომლის ცოცხალი, ღირსეული და განუყოფელი ნაწილიც აქ მყოფი თითოეული თქვენგანია. ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში სამარადჟამოდ უკვდავყოფილია და საპატიო ადგილი უკავიათ იმ გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საქართველოს თავისუფლებისთვის. დიდება და პატივი მათ ხსოვნას, სწორედ მათმა თავგანწირვამ შთაბერა სიცოცხლე ჩვენს სახელმწიფოებრიობას.პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ერთგულება, სიმამაცე და სამშობლოსადმი უანგარო სამსახური უმაღლესი პატრიოტიზმის გამოვლინებაა. თქვენ ხართ ის მისაბაძი მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ. თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ვეტერანებზე ზრუნვა, თქვენი ღირსების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია. ხელისუფლების ვალდებულებაა თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად იგრძნოს სახელმწიფოსგან ჯეროვანი პატივისცემა, თანადგომა და დაფასება.დღეს, როდესაც მსოფლიოში განსაკუთრებით რთული და არასტაბილური პერიოდია, როდესაც გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ომები და კონფლიქტები არაერთ კონტინენტზე მძვინვარებს, ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ გესმით მშვიდობისა და თავისუფლების ჭეშმარიტი ფასი.თქვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა; ის მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, სიმტკიცეს, ძლიერ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობას.ჩვენი ეროვნული სულისკვეთება სწორედ ისტორიულ მეხსიერებასა და თაობათა შორის უწყვეტ კავშირზე დგას. ღრმად მწამს, რომ ქვეყანას, რომელსაც ახსოვს საკუთარი გმირები, აფასებს მათ ღვაწლს და იცავს მათ მემკვიდრეობას, მყარი საძირკველი და ნათელი მომავალი გააჩნია.კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და მადლობას გიხდით იმ თავდადებისა და ერთგულებისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე გამოიჩინეთ.ღმერთმა დალოცოს საქართველო!"- განაცხადა პრეზიდენტმა. 

ევრონიუსი

პოლიტიკა • 1792127548

ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაც ბიუჯეტის შეთანხმების ვადებს ეჭვქვეშ აყენებს - Euronews

ევროკავშირის ლიდერებმა უარი თქვეს პოზიციის შეცვლაზე ბლოკის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტთან დაკავშირებით და ღიად გამოთქვეს ეჭვი, რომ შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება. ვადის გადაცდენა მნიშვნელოვან შეფერხებებს გამოიწვევს და რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილ ეროვნულ არჩევნებს დაემთხვევა, - წერს Euronews-ი.მედიის ცნობით, აქამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ორიენტირებულები იყვნენ, რომ საბოლოო შეთანხმებისთვის 2026 წლის დეკემბრამდე მიეღწიათ. თუმცა, ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, სადაც მოლაპარაკებები მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა, სულ უფრო მეტი მთავრობა სვამს კითხვას, ნამდვილად აუცილებელია თუ არა ამ ვადის დაცვა?"ჩვენ ამ თვეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ვერც მომავალ თვეში მოხდება ეს. არც კი ვიცი, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.გამოცემის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა არაერთხელ იმეორებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი - მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF) - ერთსულოვნად უნდა დაამტკიცონ არაუგვიანეს დეკემბრისა.მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები 2027 წლამდე გაგრძელდება, დრო აღარ დარჩება იმ რთული საკანონმდებლო სამუშაოს დასასრულებლად, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ბიუჯეტმა 2028 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყოს."უშედეგოდ დასრულებული სამიტის შემდეგ, სადაც ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ შეთავაზებული კომპრომისული წინადადება, ბიუჯეტის საერთო მოცულობის 141 მილიარდი ევროთი შემცირების შესახებ, ძირითადად უარყვეს, მოლაპარაკებებს ანტონიო კოშტა გადაიბარებს. ეს გადაწყვეტილება დიდწილად მოსალოდნელი იყო", - წერს Euronews-ი.ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რამდენიმე კვირაში მოლაპარაკებების ახალი წინადადების წარდგენას გეგმავს. ეს წინადადება, დიდი ალბათობით, ირლანდიის მიერ შეთავაზებული მიდგომისგან სრულიად განსხვავებულ პრინციპს დაეფუძნება.ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე 26 ნოემბერს უნდა შეიკრიბონ.

„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადება

პოლიტიკა • 1792068060

„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადება – 25 ოქტომბერს დავიწყებთ ერთობლივ კამპანიას საქართველოზე ივანიშვილის გარეშე, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას

რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, არ იცვლება ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.„ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებმა 25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრება დაანონსეს.მათი განმარტებით, იწყებენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას.„ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. საქართველო ივანიშვილის გარეშე. ოპოზიციური პარტიების აკრძალვით ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მას უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია და საზოგადოება სისტემურ სიღარიბესა და კორუფციას, უპერსპექტივობასა და ემიგრაციას შეაგუოს. შეაგუოს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია. მაგრამ ერთია, მას რა უნდა, მეორეა, რის საშუალებას მივცემთ. სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს – ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული.სინამდვილეში, ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით ივანიშვილი აღიარებს, რომ ის არ ენდობა ქართველ ხალხს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია. სწორედ ამიტომ ართმევს მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლებას და დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს – ხმას.სწორად ეშინია, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია პასუხი სისტემურ სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე, ემიგრაციით დახლეჩილი ოჯახების პერსპექტივაზე, განათლების ხარისხზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე – არაფერზე, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს.სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად კრძალავს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ამ გზით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას, იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ძარცვა და გაღარიბება შეუფერხებლად განაგრძოს. მაგრამ რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რა აკრძალვაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი და არ დათმობს პერსპექტივას, იცხოვროს სამართლიან, უსაფრთხო საქართველოში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს – ივანიშვილის გარეშე. 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თსუ-თან“, – აცხადებენ „ოპოზიციის ალიანსში“.ბრიფინგს ესწრებოდნენ „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლები, მათ შორის ნიკა გვარამია, გიგი წერეთელი და თამარ ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება • 1791980880

პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.პრეზიდენტმა სვეტიცხოვლის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცხეთა ქართული ქრისტიანული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ადგილია.„სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედაეკლესიის მთავარი ტაძარი და ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მაშინ, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.მისი თქმით, ქრისტიანულმა რწმენამ და ქვეყნის სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების ჩამოყალიბებაში.„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებს და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.

მსოფლიო პატრიარქი

საზოგადოება • 1791976669

მსოფლიო პატრიარქი: განსაცდელების ჟამსაც კი, რწმენამ შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება, მცხეთის ტაძრები მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის ურღვევ კავშირს

სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლობის საპატრიარქოს ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართს, რათა მადლობა შევწიროთ უფალს, ღვთისმოყვარე ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველის სიტყვაშია ნათქვამი, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.როგორც მსოფლიო პატრიარქის სიტყავშია ნათქვამი, დღევანდელი დღესასწაულის სათავეებთან დგას წმინდა ნინო – საქართველოს გამნათლებელი, მოციქულთა სწორი.„კაბადოკიიდან მოსულმა წმინდა ქალწულმა ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება როგორც სათაყვანებელი ნიში ჯვარცმული და მკვდრეთით აღდგომილი უფლის ყოვლადძლიერებისა. მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება იქადაგება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან.საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავის ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა მოწმობითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი, მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლობა განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს.ასევე, პატივისცემით მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გვავსებს. ისინი, ვინც ნათლისღებით იღებენ სარწმუნოებას, მოწოდებულნი არიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულონ იგი. ახალგაზრდები განმტკიცდებიან საღმრთო სწავლებითა და იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომლებიც სახარების მიხედვით ცხოვრობენ.ჩვენს საზოგადოებაში მყოფი ადამიანები, სიღარიბით, ავადმყოფობითა და მარტოობით შეჭირვებულნი, მაცხოვრის თანაგრძნობასა და შემწეობას საჭიროებენ. დაე, ამ საიუბილეო თარიღმა განუახლოს ყველას ამ მოწოდების ერთგულად აღსრულების გადაწყვეტილება და განამტკიცოს თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ეკლესიის სიხარულს მთელი მართლმადიდებლურო სამყარო იზიარებს. წმინდა წერილის სიტყვებით წარმოვთქვამთ ახსარებას: „ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება“. თითოეული ადგილობრივი ეკლესიის სხვადასხვა ნიჭი ამდიდრებს ჩვენს ერთობას ქრისტეს სხეულში. დაე, ამ დღესასწაულებმა კიდევ უფრო გააღრმავოს ჩვენს შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი მსახურებისთვის, რათა ჩვენმა მოწმობამ წარმოაჩინოს მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ მონიჭებული შერიგება და იმედი.მიმდინარე წლის მარტში, ჩვენ თქვენს ეკლესიასთან ერთად ვიდექით თბილისში და აღვასრულებდით ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის წესს. კვლავ ვლოცულობთ მისი სულის საუკუნო განსვენებისთვის.თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი, როგორც პირველი იერარქის მოღვაწეობის ამ დასაწყის ეტაპზე, გულითადად გისურვებთ სიბრძნესა და სიმტკიცეს, იმ სამწყსოს წინამძღვრობისთვის, რომელიც თქვენს მზრუნველობას არის მინდობილი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და საქართველოს ყველა წმინდანის მეოხებით, დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, დაიცვას თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა და მთელი ქართველი ხალხი ჯანმრთელობითა და ერთსულოვნებით. ამ წმინდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეკრებილი იერარქებისთვის, სამღვდელოებისთვის, მონაზვნებისა და მორწმუნეებისთვის გამოვითხოვთ უფლის უხვ მადლისა და კურთხევას“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება • 1791972355

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ სულიერ საწყისებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი თანაარსებობა

სვეტიცხოვლობა არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა.მისი თქმით, „ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“.„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში, ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა. სწორედ აქ განისვენებს სხვა სიწმინდეებთან ერთად ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე მაცხოვრის კვართი. სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით, „დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერ საწყისების გაფრთხილება.„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებსა და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასლჯფას

სპორტი • 1791555583

„გაფუჭებული მანქანა“ - პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი დაახასიათა

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება.სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც „გაფუჭებული მანქანა“ უწოდა.„რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდელი გამარჯვება მესიამოვნება. მინდა, რომ მეტოქე გავტეხო როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურადაც, თუმცა ცხადია, ყველანაირი მოგება იქნება სასიხარულო. როგორ დავახასიათებდი დვალიშვილს? გაფუჭებული მანქანა“, - განაცხადა „დაუნდობელმა“.შეგახსენებთ, რომ ქართველი ყოფილი ჩემპიონისა და იანის მესამე ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება.2023 წლის მარტში გამარჯვებული მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამოვიდა მერაბი, 2025-ის დეკემბერში კი ანალოგიურად უკვე რუსი ჩემპიონი.

თსუ

საზოგადოება • 1791479291

თსუ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 9 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 2 დღე დარჩათ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი საშემოდგომო მიღების ფარგლებში 389 სტუდენტს მიიღებს  12 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:· Front-end დეველოპმენტი - თბილისი/ქუთაისი· საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი· სკოლამდელი აღზრდა - თბილისი/ქუთაისი· ღონისძიების ორგანიზება - თბილისი/ქუთაისი· საფინანსო სერვისები - თბილისი/ქუთაისი· ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი - · თბილისი/ქუთაისი· საწყობის ოპერირება - ქუთაისი· ტვირთების ექსპედირება - ქუთაისი· ბუღალტრული აღრიცხვა - ქუთაისიახალი პროფესიის შესწავლის მსურველებმა 9 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინ პორტალზე https://vet.ge/ . აპლიკანტების ასაკი შეუზღუდავია.თსუში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. თსუში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება. 

მარკო რუბიო

მსოფლიო • 1791285994

მარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ეთმობა.„ამ კითხვაზე მარტივი „დიახ“ ან „არა“ პასუხი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. მოგეხსენებათ, ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა. ამ ეტაპზე, უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება ძირითადად ამ კონფლიქტის დასრულებაზეა გამახვილებული - თუკი ეს შესაძლებელია. სამწუხაროა ამდენად მაღალი ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: თუკი შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ ომის დასრულებაში, გვსურს, ეს კონსტრუქციულად გავაკეთოთ," - განაცხადა მარკო რუბიომ. 

ლევან ალიმბარაშვილი

განათლება • 1790697274

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ლევან ალიმბარაშვილი უხელმძღვანელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ახალი დირექტორი, ლევან ალიმბარაშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც მედია სფეროში 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ინფორმაციას თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი ავრცელებს. „დღეს შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც დირექტორმა გუნდს კოლეჯის განვითარების სტრატეგიული ხედვა გაუზიარა.მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მთავარ პრიორიტეტად რჩება სტუდენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“.

ევროკომისია

მსოფლიო • 1790679435

მედია: ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს

ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა, – ამის შესახებ მედია ევროკავშირის შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით წერს.გავრცელებული ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უახლოეს დღეებში წარადგენს გეგმას, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა საჭირო არ იქნება.მედია წერს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ეს ევროკავშირის შიდა ფუნქციონირების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.როგორც მედია იუწყება, ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მათი მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბევრ შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებულ უფრო მეტ საკითხზე დაინერგოს გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესი, რაც ევროკავშირის 15 ქვეყნის თანხმობას გულისხმობს.პროექტის თანახმად, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეეხოს მათ შორის სანქციებს, ადამიანის უფლებებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე გადასახადებისგან თავის არიდებას.ცნობისთვის, გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმის დანერგვას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება. თუმცა, როგორც გამოცემა ვარაუდობს, გეგმას შესაძლოა, ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნები არ დაეთანხმონ.

✕