ვოლსკი

პოლიტიკა • 1792677327

გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში - გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო

არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია! ვხედავთ და არც მალავენ. მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი! - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, სოციალურ ქსელში.როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს წინააღმდეგ მომართულ ამ შეთქმულებაში მეთაურებად მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, რომლებმაც უკიდურესი სისასტიკით მართეს ქვეყანა. ვოლსკის თქმით, მოსალოდნელი იყო თავდასხმებიც, თუმცა, საკვირველი ისაა, რომ შეტევის ავანგარდში ისეთი ევროპელი ლიდერები დგანან, რომლებიც ფინანსურად და პოლიტიკური მხარდაჭერით ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში."მთელი ევროპა შეძრულია სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ომით, მისი მასშტაბის გაფართუების რეალური საშიშროებით, ისევე როგორც უკიდურესად სახიფათო პროცესებით, რომელიც წამყვან ქვეყნებში მიმდინარეობს.შემზარავია საერთო სურათი, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს ტელეეკრენებით თუ სხვა მედიასაშუალებებით.ასეთ ვითარებაში, არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია! ვხედავთ და არც მალავენ.მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი!ასეთივე ხასიათისაა შიდა და გარე აქტორების მხრივ კარგად კოორდირებული პროპაგანდა საქართველოში “დემოკრატიისგან უკუსვლის” შესახებ, როდესაც თავად შექმნეს დამნაშავეები და მათ ქმედებაზე კანონიერი რეაგირება ევროპული სტანდარტებისაგან გადაცდომად შეაფასეს; ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის საზოგადოებას დააზარალებს და, მათი აზრით, რევოლუციურ მუხტს გაზრდის.საქართველოს წინააღმდეგ მომართულ ამ შეთქმულებაში მეთაურებად მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, რომლებმაც უკიდურესი სისასტიკით მართეს ქვეყანა, ფიზიკურად გაანადგურეს, აწამეს და უფლებები აჰყარეს ათასობით საქართველოს მოქალაქეს, წინაპირობები შეუქმნეს ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაციას და დღესაც ცდილობენ გლობალური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანონ საქართველო საზარბაზნე ხორცად, ეკონომიკურად მოშლილი და უფლებააყრილი.ესაა კონკრეტული ფაქტებით დადასტურებული რეალობა, რის გამოც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს.რასაკვირველია მოსალოდნელი იყო თავდასხმებიც, საკვირველი ისაა, რომ შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც სულ ახლახანს, ფინანსურად და პოლიტიკური მხარდაჭერით ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში, თანაც ახლა მაინც ხომ ნათლად ხედავენ ადრე უხილავ ძაფებს მართულ ქაოსსა და ევროპისათვის მწვავე პრობლემების გაჩენას შორის.გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, თუ რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო, რატომაა საქართველოსათვის სასარგებლო ეკონომიკურ ან მითუმეტეს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა ან რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის მომართული ორგანიზებული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას," - წერს გიორგი ვოლსკი.

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792583387

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, გამოქვეყნებული ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები

ვფიქრობ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეულ ადამიანს შეუძლია ნახოს, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის.„გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის აგენტურიდან, შესაბამისი მედიასაშუალებებიდან იმასთან დაკავშირებით, თითქოს გაიფლანგა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები და ამის საპასუხოდ, ჩვენ პირობა გავეცით ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ ყველა ხარჯი თითოეული კომპონენტის დონეზე გამოქვეყნდებოდა და ეს გამოვაქვეყნეთ. საბოლოო ჯამში დგინდება, რომ ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, აქედან დახარჯეს მხოლოდ, დაახლოებით 722 000 ლარი. დანარჩენი თანხა, დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასზე მეტი დაბრუნდა საქართველოს ბიუჯეტში. ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ წესით აქ ფული არ უნდა ყოფილიყო მოპარული. რაც შეეხება ამ 722 000 ლარს, ეს არის დეტალურად კომპონენტებად ჩაშლილი და რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი - მაგალითად იქ წერია, რომ ლოტბარების ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაიხარჯა ესა და ეს. ამა და ამ საკითხებზე, მაგალითად უწყვეტი ელექტროენერგიის მომარაგებაზე დაიხარჯა ამდენი და ამდენი. რატომ გამოვაქვეყნეთ ეს ყველაფერი, რომ თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს, შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის. ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე, საჯარო. ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციით უკვე მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ცალსახაა პასუხი, თუმცა თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით არის თუ არა კიდევ კითხვის საფუძველი, ეს შეგიძლიათ დაადგინოთ. მაგალითად 400 ლარი რომ არის თითო სატრანსპორტო საშუალება გამოყოფილი, ხომ არ უნდა ყოფილიყო გამოყოფილი 350 ლარი.პირადად მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ყველაფერში მთავრობის ადმინისტრაციამ. 400 ლარი არის თუ არა ადეკვატური ხარჯი ტრანსპორტისთვის კონკრეტული ტრანსპორტირებისთვის ამას განვსაზღვრავთ ჩვენ საბაზრო ფასების შესაბამისად და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადახედოს საბაზრო ფასებს და დაადგინოს, არის თუ არა აქ რაიმე ჭარბი ხარჯი გაწეული.  თქვენ დარჩით ბოლო მოჰიკანი, ვისაც სჯერა, რომ სამი მილიონიდან 2 მილიონი 200 დააბრუნო უკან და მაინც მოიპარო ფული, შეგიძლიათ, გჯეროდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლო

სამართალი • 1792518918

საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების ტრანსლირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების ტრანსლირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა.აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე – პირდაპირი ეთერის რეჟიმში.მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

პენიტენციური

სამართალი • 1792502752

სპეციალური პენიტენციური სამსახური, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.უწყებაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგირიულად გამორიცხავენ.„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან.

ესპანეთში ძლიერი შტორმი

მსოფლიო • 1792414320

ესპანეთში ძლიერი შტორმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - გაუქმდა სასწავლო პროცესი და გადაიდო ავიარეისები

ესპანეთში ძლიერმა შტორმმა  „დანა ადამმა“ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ნგრევა გამოიწვია. ვალენსიასა და ალიკანტეში კი განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ RTVE იტყობინება.მედიასაშუალების ცნობით, 19 ოქტომბერს  ვალენსიისა და ალიკანტეს გარკვეულ ნაწილში ასევე ბალეარის კუნძულებზე, სასწავლო პროცესი შეჩერდა შეჩერდა.ბალეარის კუნძულებზე სამხედრო დანაყოფები განლაგდნენ, რათა სტიქიასთან გამკლავება გახდეს შესაძლებელი.  19 ოქტომბრის დილით მაშველებმა დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ასევე, ნაპოვნია 18 ოქტომბერს დაკარგული ერთი ადამიანის ცხედარიც. ქალაქის საბჭომ გლოვის დღე გამოაცხადა.სამხედრო საგანგებო სიტუაციების განყოფილებამ განაცხადა, რომ მათი დანაყოფები ვალენსიაში მდებარე ბაზას ტოვებენ და იბიცასა და მალიორკაზე გაემგზავრებიან, რათა კუნძულების საგანგებო სიტუაციების სამსახურებს დაეხმარონ. ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, იბიცაში უამინდობის გამო 27 ავიარეისი გაუქმდა. 

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1792401334

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები“, - წერს ექპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. მისი თქმით, საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული.მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. აქვე, წერს, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს.„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა  და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები და ა.შ.ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თავის შეფასებებში ყურადღებას ამახვილებს იმ მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების მართვას. ამ სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური პრობლემების გამწვავება, საწვავისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება, ომების თანმდევი კრიზისები და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. გაღარიბებული, მუდმივ სტრესში მყოფი საზოგადოება კი გაცილებით მოწყვლადი ხდება პოლიტიკური მანიპულაციების მიმართ.ამას ემატება ახალგაზრდებში ისეთი ცხოვრების წესისა და ღირებულებების პოპულარიზაცია, რომელიც კრიტიკული აზროვნების ნაცვლად შემგუებლურ აზროვნებას აძლიერებს და ახალგაზრდებს უფრო ადვილად სამართავ ჯგუფად აქცევს. ფაქტია ახალგაზრდები არასდროს ყოფილან ისეთი მართულები, როგორც დღეს არიან, პარადოქსია, მაგრამ მონური ფსიქოლოგიის ახალგაზრდები, საკუთარ უმწეო მდგომარეობას ვერ ხვდებიან და  თავს თავისუფალ თაობას უწოდებენ, მაშინ როცა აზროვნება და ფიქრიც კი აკრძალული აქვთ. პარალელურად, დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვები ცენზურისა და იმ შეხედულებების შეზღუდვის შესახებ, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტს, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტრადიციულ პოლიტიკურ ხედვებს ემყარება.კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული. დღეს ამ როლს ხშირად რუსეთი ასრულებს, ხვალ კი, შესაძლოა, სხვა ქვეყანა ან ძალა შეარჩიონ. რუსული ჩარევის თემა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით არჩევნების წინ. საზოგადოებას წინასწარ აფრთხილებენ შესაძლო ჩარევის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მიუღებელი ძალა იმარჯვებს, თავად არჩევნების ლეგიტიმურობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რისი ნათელი მაგალითიც რუმინეთი და იქ გაუქმებული არჩევნებია (პირველი ტური)  ამასთან, საგულისხმოა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უცხოური ჩარევის თემა ხშირად კარგავს აქტუალობას.მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს. პარადოქსულია ისიც, რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.ეს შედარება არ ნიშნავს, რომ რომელიმე ხელისუფლების პოლიტიკა ავტომატურად გამართლებულია. თუმცა ის აუცილებლად აჩენს კითხვას: რეალურად რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ კურსს და ვის ინტერესებში შედის საზოგადოებისთვის მუდმივად ერთი და იმავე საფრთხის წინაშე ყოფნის განცდის შექმნა?ზაზა შათირიშვილის შეფასებების მთავარი ღერძიც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება,  გლობალური გავლენების, არაფორმალური ძალაუფლების, მედიის როლისა და საზოგადოებრივი აზრის მართვის მექანიზმების გააზრებას. დღევანდელ მსოფლიოში კი კრიტიკული აზროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ეფექტიანი მანიპულაცია ის არის, როდესაც ადამიანს სხვისი ინტერესების დაცვა საკუთარი თავისუფალი არჩევანი ჰგონია“, - წერს ჩიხელიძე.

დაფნის ფოთოლი

რჩევები • 1792263093

რატომ უნდა ჩავდოთ დაფნის ფოთოლი სარეცხ მანქანაში - სპეციალისტის რჩევა

ბევრი ადამიანი რეცხვის დროს ქსოვილის დამარბილებელ საშუალებას იყენებს, რომლის დეფიციტიც მაღაზიებში ნამდვილად არ არის, თუმცა ბევრი დიასახლისი ეძებს სწორედ ნატურალურ, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო საშუალებებს. ერთ-ერთი მათგანი, დაფნის ფოთოლი, ბოლო დროს განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს, წერს Fakt.pl.გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა გამოგვადგეს ჩვეულებრივი დაფნის ფოთოლი, რომელიც ძირითადად ცნობილია, როგორც კერძების სანელებელი.„საკმარისია 3–5 დაფნის ფოთოლი მოათავსოთ პატარა ქსოვილის ტომარაში ან სარეცხის ბადეში და ჩადოთ დოლურაში ტანსაცმელთან ერთად. სითბოსა და ტენიანობის ზემოქმედებით ფოთლები გამოყოფენ ბუნებრივ ეთერზეთებს, რომლებსაც გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო და გამაგრილებელი თვისებები“, - ნათქვამია სტატიაში.გგამოცემაში განმარტავენ, რომ მაღაზიაში ნაყიდი ქსოვილის გასავლები საშუალებები, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი არომატი აქვთ, შეიცავენ საკმაოდ ბევრ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაც შეუძლიათ კანის გაღიზიანება, განსაკუთრებით ბავშვისა და მგრძნობიარე კანის. გარდა ამისა, ავტორის თქმით, ასეთი საშუალებების ხშირი გამოყენება უარყოფითად მოქმედებს სარეცხი მანქანის მდგომარეობაზე: ეს პროდუქტები ილექება დოლურაში და მილებზე, რაც მათ უფრო სწრაფ ცვეთას იწვევს.„ამის სანაცვლოდ, ღირს შინაურ საშუალებებს მივმართოთ. დაფნის ფოთოლი არა მხოლოდ აახლებს, არამედ, როგორც ამტკიცებენ, ეხმარება სარეცხი მანქანის უკეთეს მდგომარეობაში შენარჩუნებასაც. ამ ნატურალური დანამატის რეგულარული გამოყენება აფერხებს სოკოებისა და ბაქტერიების განვითარებას, რაც ხელს უწყობს როგორც ტანსაცმლის, ისე თვითონ მოწყობილობის სისუფთავეს“, - აღნიშნულია მასალაში.დაფნის ფოთლის გარდა, რეცხვისას გამოცემა გვირჩევს რამდენიმე სხვა ნატურალური ინგრედიენტის გამოყენებასაც. კერძოდ, საჭმელი სოდა, რომელიც ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და არბილებს წყალს. ავტორის თქმით, საკმარისია 1–2 სუფრის კოვზი სოდის ჩაყრა სარეცხი მანქანის დოლურაში.ქსოვილის დამარბილებლის ალტერნატივად ასევე რეკომენდებულია სპირტიანი ძმრის გამოყენება თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთთან ერთად, მაგალითად, ლავანდის ან ლიმონის. ეს დაეხმარება ქსოვილების დაბილებასა და მათთვის ახალი არომატის მინიჭებაში.ყველა ეს დანამატი, როგორც სტატიაშია ნათქვამი, შესაძლებელია უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული რეცხვისას, კანისა თუ სარეცხი მანქანის დაზიანების შიშის გარეშე.

ინ

საზოგადოება • 1792091871

„ჩვენ ბავშვებიც გვყავს, უბრალოდ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი“ - რას ჰყვება შეფი ლევან კობიაშვილი

ცნობილი ქართველი შეფი, ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე, ნინა ილურიძე ანა ტყებუჩავას გადაცემის - „მეხუთე ელემენტის“ სტუმრები იყვნენ.წყვილმა გადაცემაში საკუთარი ოჯახური ცხოვრებისა და იმ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელმაც მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.„ჩვენ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით და ბავშვებიც გვყავს, უბრალოდ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ ჯვრისწერამ ჩემი დაბადების დღე გადაფარა. საიუბილეო თარიღი იყო და გადავწყვიტეთ აღგვენიშნა. რადგან დაბადების დღის გადახდა გადავწყვიტეთ, 10 დღით ადრე ისიც მოვიფიქრეთ, რომ ჯვარიც დაგვეწერა. ხალხი წლობით ემზადება და ეს ამბავი კი ასე სპონტანურად გადაწყდა. ჩემი დაბადების დღე ყველას დაავიწყდა - ჯვრისწერას გვილოცავდნენ და არა დაბადების დღეს.ნინა სახლში ჩვეულებრივი კონკიაა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფერს აკეთებს. არაჩვეულებრივი დედაა, არაჩვეულებრივი დიასახლისია, მართლა ყველაფრის კეთება უწევს. მე მთელი დღე სახლში არ ვარ, ის კი სახლში დედად მუშაობს," - ამბობს ლევან კობიაშვილი. 

ნიკა გვარამია

პოლიტიკა • 1792063190

ნიკა გვარამია: ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად

ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ალიანსის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი ნიშნავს არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის თანამდებობების წართმევას, არამედ ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის, ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა.„ოპოზიციის ალიანსი“ აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას. ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით უარი ვთქვით, რადგან ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და მიიტაცა ქვეყანა. ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ის, რაც დღეს ხდება, არ არის ჩვენთვის თანამდებობების წართმევა, ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, ჩვენი დიდი წინაპრებისთვის და დიდი ქართული ისტორიისთვის მთავარი ოცნების, ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა. ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა, ეს არის ჩვენი მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა, ჩვენი პენსიონერებისთვის მაღალი პენსიის წართმევა, სამაგიეროდ, მათთვის უმაღლესი ხელფასების დანიშვნა. ეს არის ჩვენი დიასახლისებისთვის პროდუქტებზე დაბალი ფასების წართმევა და ეს არ არის ხუმრობა, სხვათა შორის. ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქები, ქართველებისთვის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა და მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად. აქვე გავიხსენებ, ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის წართმევა. ეს არის ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრის წართმევა და დატოვება მხოლოდ რუსული ბაზრის ამარა, რომელიც შეგახსენებთ, გუშინწინ ქართველი ფერმერებისთვის დაიხურა, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა, ვიღაცას ასე დასჭირდა. ეს არის თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის თავისუფალი სიტყვის წართმევა და აკრძალული სიტყვათა ინდექსის დაწესება. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე პირებისთვის და დიდი პატრიოტებისთვის სამშობლოსთვის მსახურების უფლების წართმევა. შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანს აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და ეს თაობები საერთოდ ამოიღეს პოლიტიკური ცხოვრებიდან.  ის, რაც მოხდა 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, იყო არა ჩვენი თანამდებობების წართმევა, არამედ „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყნის მითვისება, იმიტომ, რომ გაგრძელდეს კორუფცია, გაგრძელდეს თქვენი ძარცვა, მათ მიერ დიდი ფულის შოვნა. ჩვენ აქედან რა მივიღეთ – ყველაფერი უარყოფითი. ამიტომაც ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა. ამიტომ ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას 25 ოქტომბერს, კვირა დღეს, რაკიღა 26 ორშაბათია, ამას ანგარიშს ვუწევთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, საღამოს შვიდ საათზე. გელოდებით ყველას, ეს არის ყველა ჩვენგანის დღე, ამას გვართმევენ ყველას, ყველას გვართმევენ სამშობლოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.

მარტა კოსი

მსოფლიო • 1791987368

მარტა კოსი აცხადებს, რომ მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, 2028 წელს დასრულდეს

ევროკომისარი მარტა კოსი მიიჩნევს, რომ მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, 2028 წელს დასრულდეს.ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალება „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.გაფართოების საკითხებში ევროკომისრის შეფასებით, ტექნიკურად შესაძლებელია მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება 2028 წლის პირველ ან მეორე კვარტალში.„ამჟამად ყველაფერი მართლაც შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვის მისწრაფებას, 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს. წარსულ გამოცდილებას თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ტექნიკურად შესაძლებელია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება უკვე 2028 წლის პირველ ან მეორე კვარტალში“, – განაცხადა მარტა კოსმა.როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ევროკომისიის მიერ გაწევრიანების პროცესში სავარაუდო ვადების დასახელება საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. „ამიტომ კოსს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვს. რაც შეეხება უკრაინას, ამჯერად მსგავსი პროგნოზები არ გაკეთებულა“, – ნათქვამია მასალაში.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვა მუშაობს, რათა 2028 წლის დასაწყისისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის საჭირო ტექნიკური პროცესი დაასრულოს და ამგვარად, ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მზად იქნება.ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ევროკავშირმა და მოლდოვამ მოლაპარაკებები დაიწყეს ორ კლასტერზე – „შიდა ბაზარი“ და „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“.

20 წლის ტიმოთეს ამბავი

ისტორიები • 1791984600

„რაღაც შეეჯახა კედელს და ყველაფერი შეზანზარდა, ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...“ - ღვთის სასწაულის ერთი ამბავი

რა ჭირის მოტანა ძალუძს სიხარბეს საკუთარი თუ სხვისი სულისათვის, ან რა არის მისი წამალი, საუკუნენახევრის წინანდელი ქვემოთ მოყვანილი ამბავიც ცხადყოფს, რომელიც ერთ-ერთ ციმბირულ სოფელში მოხდა და ერთმა იქაურმა კაცმა ჩაიწერა:"მამა ნაკითხი კაცი იყო და წიგნი მეც შემაყვარა. ამდენად, ვისაც ჩემსავით კითხვა უყვარდა, უპირველეს მეგობრად მიმაჩნდა...ერთ მშვენიერ დღეს უფალმა ნუგეშად ახალგაზრდა კაცი მომივლინა, ოციოდ წლის ტიმოთე, და სწორედ მისი ამბის მოყოლას ვაპირებ:იგი ჩვენს დაბაში სულ ახალგაზრდა გადმოასახლეს, - ხმები დადიოდა, ობლად დარჩენილს გამზრდელმა ბიძამ, რომელიც მის ქონებას დახარბდა, ყველაფერი წაართვა, რის გამოც ტიმოთემ იარაღით გული გაუგმირაო, მაგრამ რადგან ახალგაზრდა გახლდათ, თანაც - პირველი გილდიის ვაჭარი, მხოლოდ გადასახლება აკმარესო.მის სულში კარგა ხანს დუღდა წყენა, რის გამოც ყველასგან შორს ეჭირა თავი... მუდამ შინ იჯდა და სასულიერო ლიტერატურას კითხულობდა და ერთმანეთსაც სწორედაც წიგნის სიყვარულმა დაგვაახლოვა. ხშირად ვსტუმრობდი და ისიც დიდი ხალისით მმასპინძლობდა ხოლმე...თავიდან მშობლებს ეუცხოვათ ჩვენი სიახლოვე, შემდეგ შეეჩვივნენ და აღარც შემწინააღმდეგებიან...მოგვიანებით მამაც ესტუმრა, შემდეგ ტიმოთეც გადმოვიპატიჟეთ და ჩვენები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ჩინებული ახალგაზრდა იყო. მალე შეუყვარდათ, თან ებრალებოდათ, სულ ნაღვლიანი რომ იარებოდა...თუ ვინმე, ნებსით თუ უნებლიეთ, ბიძას ან გადასახლების მიზეზს უხსენებდა, ფითრდებოდა და მოღუშული დაიწყებდა ხოლმე ბოლთის ცემას. ასეთ დროს აღარც წიგნი ახსოვდა და თვალებიც რისხვით წამოენთებოდა. უაღრესად პატიოსანი გახლდათ, თანაც შრომისმოყვარე, მაგრამ თავისი ჯავრის გადამკიდემ საქმეს გული ვეღარ დაუდო...უფალმა მის დარდს მალე უწამლა - თვალში ჩემი და მოუვიდა, ცოლად შეირთო და თითქოს დამშვიდდა... ათი წლის შემდგომ კი იმხელა ქონება დააგროვა, დაბის ყველაზე შეძლებული მოსახლე გახდა: - სასახლესავით ბინა წამოჭიმა, კარგი ცოლ-შვილი ჰყავდა, სხვა რაღა უნდა ესურვა?! თითქოს წარსულის დავიწყებაც შეიძლებოდა, თუმცა ტიმოთეს მაინც ტანჯავდა თავისი დარდი და ერთხელ, როდესაც ურმით მოვდიოდით, ფრთხილად დავეკითხე:- ძმაო, უწინდებურად განიცდი, რაც ადრე მოხდა?- რას გულისხმობ?- რაც დაკარგე, ახლა ხომ ყველაფერი შეიძინე!გაფითრდა და არაფერი უთქვამს... მოვუბოდიშე, - მეგონა, წყენამ გაგიარა-მეთქი.- რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მაინც ყველაფერი მემახსოვრებაო...შემებრალა, ასეთი ამღვრეული სული რომ ჰქონდა... წმინდა წერილი კარგად იცოდა და სხვებსაც ჩინებულად მოძღვრავდა ხოლმე, მაგრამ თავად წყენას ვერ მორეოდა, რადგან, როგორც ჩანს, წმინდა სიტყვას გულამდე არ უშვებდა.ტიმოთემ შენიშნა, რომ გავირინდე და აღარ მომეშვა:- რამ ჩაგაფიქრა?- არაფერმა-მეთქი.- ვგრძნობ, ჩემზე ფიქრობ.- შენზეც ვფიქრობ და ნუ მიწყენ, თუ პირდაპირ გეტყვი: - წმინდა წერილი მშვენივრად იცი, მაგრამ გული მაინც მრისხანებით და ბოღმით გაქვს სავსე-მეთქი.მშვიდად მიპასუხა: - ქვეყნად ისეთი წყენაც არსებობს, რომლის არხსოვნაც შეუძლებელიაო და ბოლოს და ბოლოს გამიმხილა, რომ ბიძაზე ფულის გამო კი არა, იმ მიზეზით იყო ნაწყენი, რომ სიხარბის გამო მამამისს სასტიკად აწყენინა, დედა დარდით სამარემდე მიიყვანა, თავად ტიმოთეს ცილი დასწამა, შემდეგ კი მუქარით შეირთო გოგო, რომელიც ტიმოთეს ბავშვობიდან უყვარდა და ცოლად შერთვასაც აპირებდა.- განა შეიძლება ამის პატიება?! - ამას არასოდეს ვაღირსებო, - დასძინა ბოლოს.- მართლაც, საშინელება გადაიტანე, მაგრამ წმინდა წერილი რომ გულს გარეთ გრჩება, ესეც ფაქტია-მეთქი.ტიმოთე შეეცადა, თავი ემართლებინა, - ხან ძველი აღთქმიდან მოიყვანა მაგალითები და ხან - საიდან, მე კი ვურჩიე, ბიძისთვის მიეტევებინა და სული განეწმინდა.მისმინა, მისმინა, ხელზე ხელი მომიჭირა და ბოლოს მოკლედ მოჭრა: - თავი დამანებე, არ შემიძლია, ძალიან მიმძიმსო.გავიდა ექვსი წელიწადი, მაგრამ უწინდებურად იტანჯებოდა და სადმე ბიძამისს რომ გადაჰყროდა, წმინდა წერილს გვერდზე გადადებდა და შურს იძიებდა. მაგრამ რატომღაც მშვიდად ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ მალე რაღაც შეიცვლებოდა და უფალი მას ამ სატანჯველისგან გამოიხსნიდა.ტიმოთე იმ დროს 37 წლისა იქნებოდა, შეძლებული და პატივცემული. ყვავილები, განსაკუთრებულად კი ვარდები უყვარდა და მთელი კარ-მიდამო სხვადასხვა ჯიშის ვარდებით ჰქონდა სავსე... წესად ჰქონდა, საღამოობით თავის ბაღნარში გამოსულიყო და იქაურობას მოჰფერებოდა, შემდეგ კი სკამზე ჩამომჯდარიყო და ასე ელოცა.ერთ მშვენიერ დღეს მივიდა ბაღში, გადაშალა სახარება და წაიკითხა, როგორ ესტუმრა ქრისტე ფარისეველს, რომელმაც ფეხსაბანად წყალიც კი არ მიართვა...ტიმოთეს იმდენად შეემუსრა გული, რომ ატირდა და სწორედ იმ წუთიდან დაიწყო ყველაფერი... აქედან უკვე მისივე ნაამბობს გავიმეორებ:"გარშემო მიმოვიხედე და გავიფიქრე: - რა სიმდიდრესა და ფუფუნებაში ვარ, უფალი ჩემი კი ასე ღარიბი და მიუსაფარი იყო-მეთქი... ისე ამევსო თვალები ცრემლით, ვეღარც ვახამხამებდი, ირგვლივ ყველაფერი გავარდისფრდა, შემდეგ თითქოს გული შემეკუმშა და უეცრად წამოვიძახე: - უფალო, ჩემთან რომ მოსულიყავი, საკუთარ თავსაც არ დაგიჭერდი-მეთქი!...და უეცრად საიდანღაც სუნთქვასავით გავიგონე:- მოვალ!"ტიმოთემ აღლვებულმა მოირბინა ჩემთან და მითხრა: - შენ როგორ ახსნიდი ამას, ნუთუ უფალს მართლა შეუძლია ჩვენთან სტუმრად მოსვლა?- ეს ჩემი ცოდნის მიღმაა, სახარება რას ღაღადებს ამის შესახებ?- წმინდა წერილი გვეუბნება: - იესო ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნისამდე. უფლება არ მაქვს, ეს არ ვირწმუნო.- ჰოდა, გწამდეს-მეთქი.- ვბრძანებ, სახვალიოდ სუფრა გაშალონ მისთვის, - წამოიძახა ტიმოთემ.მეორე დღესვე ტიმოთემ ცოლს სთხოვა, სუფრასთან ერთი თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა... დასხდებოდნენ სატრაპეზოდ ხუთნი - ტიმოთე და მისი ოჯახი, სუფრის თავში მეექვსე, ყველაზე საპატიო ადგილი კი ცარიელი რჩებოდა. დიასახლისს ცნობისწადილი კლავდა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ადგილი, ტიმოთე კი პასუხობდა: - უპირველესი სტუმრისთვისააო, მაგრამ ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდა, თუ ვის უცდიდა....ელოდა ტიმოთე მაცხოვარს ბაღში გაგონილი სიტყვიდან მეორე, მესამე, მეოთხე დღეს... გადიოდა კვირები, თვეები, საეკლესიო დღესასწაულები, მაგრამ მოლოდინს ბოლო არ უჩანდა. თუმცა იმედი არ დაუკარგავს და სწამდა, რომ უფალი დანაპირებს უცილობლად შეუსრულებდა.ერთხელაც მითხრა: - ყოველდღე ველი და ვევედრები, მაგრამ პასუხი არ ისმისო.აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა და ხშირად იმასაც ვფიქრობდი, რომ ხიბლმა სძლია, თუმცა ღვთის განგებამ სხვაგვარად ინება...ქრისტეშობა ახლოვდებოდა, უმკაცრესი ზამთარი იდგა... წინა საღამოს ტიმოთემ გამიმხილა:- ძმაო, ხვალ უფალი მესტუმრება...- რატომ ხარ ამაში ასე დარწმუნებული-მეთქი?- დღეს შევევედრე თუ არა, სულისშემძვრელმა, საყვირივით ხმამ მიპასუხა: - მალე მოვალო. ხვალ ხომ მაცხოვრის შობაა და, როგორც მგონია, ამ დღეს ინება მობრძანება ჩემნაირ ცოდვილთან. შენიანებთან ერთად მეწვიე, თორემ სული ერთიანად შიშით მითრთისო.- ხომ იცი, რომ არ ძალმიძს, ეს დავიტიო, არც უფლის ნახვას ველი, რადგან ცოდვილი ვარ, მაგრამ რადგან ასე მთხოვ, გეწვევი და მოკრძალებით გირჩევ, თუ ძვირფას სტუმარს სასოებით ელი, მეგობრები კი არა, მისთვის სათნო კრებული დაახვედრე.- მიგიხვდი და ხვალ ყველა გაჭირვებულს, მშიერს, განსაცდელში მყოფსა და სნეულს მოვუხმობ, რომ ყველაფერი მცნებისაებრ იყოსო.შობა დღეს ოჯახითურთ ვესტუმრე ტიმოთეს.მთელი სახლი სავსე იყო გაჭირვებულებით, მაგიდები ხორაგს ვერ უძლებდა...მალე ყველა მოვიდა, შიკრიკებიც დაბრუნდნენ და აღარც არავის ელოდნენ, რადგან საშინელი ქარბუქი ამოვარდა, მაგრამ უპირველესი სტუმარი არა და არ ჩანდა...მალე ჩამობნელდა და სუფრასთან დასხდომის დრომაც მოაწია. ყველანი ხატების წინ დანთებული სანთლების შუქზე ვიცდიდით, მასპინძელი კი, შეშფოთებული, მოუსვენრად მიმოდიოდა, რადგან ხვდებოდა, რომ დიდებული სტუმარი აღარ მოუვიდოდა. ბოლოს ღრმად ამოიოხრა და მითხრა:- ვხედავ, რაღაც სათანადოდ ვერ აღვასრულე, ალბათ, ვერ შევძელი იმათი შეკრება, ვინც აქ უნდა ყოფილიყო. იყოს ნება ღვთისა, მოდი, ვილოცოთ და სუფრას მივუსხდეთ...ის იყო, ლოცვა იწყო, რომ გარედან რაღაც ისე შეეჯახა კედელს, ყველაფერი შეზანზარდა, მერე სასტუმრო ოთახის კარი თავისით გაიღო და ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...უეცრად ზღურბლზე ჩამოძონძილი მოხუცი გამოჩნდა, რომელიც სიცივით ისე ცახცახებდა, ძლივსღა იმაგრებდა თავს, რომ არ დაცემულიყო... მალე მის ხელზე თვალშისაცემი, დიდი ხნის წინ შეხორცებული და ყინვისაგან გათეთრებული ნატყვიარიც გავარჩიეთ და ტიმოთემ წამოიძახა: - უფალო, ვხედავ და ვღებულობ მას შენი სახელისათვის! თავად შენ კი ნუ შემოხვალ, რადგან ცოდვილი ვარო.მერე მუხლებზე დაემხო და გულშემუსვრილმა ლოცვა იწყო... შემოიტანეს სანთლები. ტიმოთე წამოდგა, მოაჯირს ჩაბღუჯულ მოხუცს ხელი მოჰკიდა და უპირველესი სტუმრისათვის განკუთვნილ სკამზე დასვა...ალბათ, მიმიხვდით, ვინც იყო მოხუცი, - ტიმოთეს ბიძა, რომელმაც მოკლედ მოგვითხრო, როგორ წაუვიდა ცხოვრება უკუღმა და როგორ დაკარგა ოჯახიცა და ავლა-დიდებაც... შემდეგ დიდხანს ეძებდა ტიმოთეს, რომ მისთვის პატიება ეთხოვა...ამ ხეტიალსა და ქარბუქში კი გზა არეოდა, გაყინულიყო და სიკვდილსღა ელოდა...- მაგრამ უეცრად, - თქვა მოხუცებულმა, - ვიღაც უცნობმა შუქი მომფინა და მითხრა: "წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან!" შემდეგ ორივე ხელი წამავლო და ისე დამაყენა, თავადაც ვერ მივხვდი.- ვიცი, ბიძაჩემო, უფალი იყო შენი ჩემამდე მომცილებელი, რომელმაც ბრძანა: "შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და სწყუროდის თუ, ასუ მას". ჩემთან დაჯექი, მიიღე, რაც გსურს და დარჩი ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე, - ყველას გასაგონად წარმოთქვა ტიმოთემ.იმ დღიდან მოხუცი აღარსად წასულა, სიკვდილის წინ აკურთხა ძმისშვილი და როგორც იქნა, ტიმოთემაც პოვა მოსვენება.ასე განისწავლა კაცი, თუ როგორ განემზადებინა გულში აკვანი მიწაზე შობილი ქრისტესთვის. ყოველ გულს ძალუძს, ასეთ აკვნად იქცეს, თუ აღასრულებს მცნებას: "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა". 

ბათუმური ჩაის საღამო

საზოგადოება • 1791972777

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ „ბათუმური ჩაის საღამო“ გაიმართა

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ ,,ბათუმური ჩაის საღამო“ გაიმართა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ბათუმის ისტორია, ჩაის კულტურა, ლიტერატურა, მუსიკა და ხელოვნება.საღამო გახსნა სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ.საღამოს ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სამოვრებისა და ჩაიდნების კოლექციები, ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები, ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა, რომლებიც ჩაის კულტურისა და მისი განვითარების ისტორიას ასახავდა.„ბათუმური ჩაის საღამო“ ჩაის დაყენების მასტერკლასით გაიხსნა, რომელსაც დიპლომირებული ჩაის ოსტატი, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა კოორდინატორი, 2016 წლის ჩაის ოსტატთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ,,ქართული ველური ჩაი“ ანა ვართანოვა უძღვებოდა.„ბათუმური ჩაის საღამოს” ესწრებოდნენ მწერლები, პოეტები, ხელოვანები, მუსიკოსები, მხატვრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. სტუმრებმა ისაუბრეს ბათუმზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ქალაქის კულტურულ წარსულზე, გამორჩეულ ადამიანებსა და ისტორიულ ადგილებზე, რომლებიც ბათუმის უნიკალურ კულტურულ იდენტობას ქმნიან.საღამოს ფონად მიჰყვებოდა საოცარი სიმღერები ბათუმზე, რომელსაც მუსიკოსი ნონა დიასამიძე და მხატვარი თამაზ ზარქუა ასრულებდნენ. საღამო თბილ, შემოქმედებით გარემოში წარიმართა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბათუმის მდიდარი კულტურული ტრადიციები.

✕