1753907905
ზედმეტი ძილი ჯანმრთელობისთვის შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე ძილის ნაკლებობა - ახალი კვლევა

ახალი ამბების სტატიებსა თუ სოციალური მედიის პოსტებში გამუდმებით გვახსენებენ, რომ მეტი უნდა გვეძინოს. ალბათ აღარ გსურთ იმის მოსმენა, რომ არასაკმარისი ძილი საზიანოა თქვენი თავის ტვინისთვის, გულისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კანზე და სექსუალური ლტოლვაზე.
თუმცა, რაც შეეხება ზედმეტ ძილს? შეიძლება გესიამოვნოთ ახალი ცნობები იმის შესახებ, რომ ცხრა საათზე მეტხანს ძილი შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის იმაზე უარესი იყოს, ვიდრე ძალიან ცოტა ძილი.
რამდენი ძილია საჭირო? რას გვეუბნება ზედმეტი ძილი ჯანმრთელობის შესახებ?
კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ძილი ჯანმრთელობის ერთ-ერთი დედაბოძია.
ძილში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც გაღვიძების შემდეგ ჩვენს სხეულს ეფექტიანად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. მათ შორისაა კუნთების აღდგენის პროცესი, მეხსიერების კონსოლიდაცია და ემოციური რეგულირება.
ავსტრალიის ძილის ჯანმრთელობის ფონდი — ავსტრალიის წამყვანი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გვაწვდის ძილის ჯანმრთელობის შესახებ — ზრდასრულებს ღამეში შვიდიდან ცხრა საათამდე ხანგრძლივობის ძილს ურჩევს.
ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად სძინავს ცოტა და კარგად ფუნქციონირება შეუძლიათ შვიდ საათზე ნაკლები ძილის შემთხვევაშიც კი.
თუმცა, უმეტესი ჩვენგანისთვის, შვიდ საათზე ნაკლებ ძილს უარყოფითი ეფექტები აქვს. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი ეფექტები; მაგალითად, ღამით ცუდი ძილის შემდეგ, შეიძლება იყოთ უენერგიოდ, ცუდ განწყობაზე, დასტრესილი და სამსახურში გიჭირდეთ კონცენტრაცია.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმარისი ოდენობის კარგი ხარისხის ძილის გარეშე ყოფნა ჯანმრთელობის პრობლემების ძირითადი რისკფაქტორია. დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან — როგორიც არის თუნდაც გულის შეტევა და ინსულტი — მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის მეორე ტიპის დიაბეტი, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება, როგორიცაა დეპრესია და შფოთვები, კიბო და სიკვდილი.
შესაბამისად, აშკარაა, რომ არასაკმარისი ძილი ჩვენთვის ცუდია. თუმცა, რაც შეეხება ზედმეტ ძილს?
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა მიმოიხილეს 79 სხვა კვლევის შედეგები, რომლებშიც ადამიანებს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში იკვლევდნენ და ზომავდნენ, თუ რა გავლენას ახდენს ძილის ხანგრძლივობა ცუდი ჯანმრთელობის რისკზე ან სიკვდილზე; მკვლევრებს აინტერესებდათ, გამოიკვეთებოდა თუ არა რაიმე ზოგადი ტენდენცია.
ასე დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ცოტა ეძინათ — ღამეში შვიდ საათზე ნაკლები — კვლევის პერიოდში სიკვდილის 14 პროცენტით მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც ღამეში შვიდიდან-რვა საათამდე ეძინათ. შედეგები სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცუდი ძილის რისკები ჯანმრთელობაზე ისედაც დადგენილი იყო.
თუმცა, მკვლევრებმა ასევე გაარკვიეს, რომ ვისაც ბევრი სძინავს — რასაც ისინი განსაზღვრავენ ღამეში ცხრა საათზე მეტს — სიკვდილის უფრო დიდი რისკი აქვთ: 34 პროცენტით მაღალი, ვიდრე მათ, ვისაც ღამეში შვიდიდან რვა საათამდე სძინავს.
შედეგები მხარს უჭერს 2018 წელს ჩატარებული ასეთივე კვლევის შედეგებს, რომელშიც შეაჯამეს წინა 74 კვლევის შედეგები. ამ კვლევებში მონაწილეთა ძილს და ჯანმრთელობას დიდი დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ, 1-დან 30 წლამდე. ამ მასშტაბურ კვლევაში დადგინდა, რომ ცხრა საათზე მეტხანს ძილი დაკავშირებული იყო კვლევის პერიოდში სიკვდილის 14 პროცენტით მაღალ რისკთან.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დიდხანს ძილი (თქვენი ასაკისთვის საჭიროზე მეტი) დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა დეპრესია, ქრონიკული ტკივილი, წონის მატება და მეტაბოლური აშლილობები.
შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ გადამწყვეტია გახსოვდეთ, რომ ამ კვლევებში დადგინდა მხოლოდ კავშირი დიდხანს ძილსა და ცუდ ჯანმრთელობას შორის, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდხანს ძილი აუცილებლად არის ჯანმრთელობის პრობლემების ან სიკვდილის მიზეზი.
დიდხანს ძილსა და ცუდ ჯანმრთელობას შორის კავშირზე შეიძლება მრავალი ფაქტორი ახდენდეს გავლენას.
ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დიდხანს ძილი ისედაც დამახასიათებელია. მათ სხეულს შეიძლება დამატებითი დასვენება სჭირდებოდეს აღსადგენად, ანდაც შეიძლება საწოლში დიდ დროს ატარებდნენ სიმპტომების ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო.
ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონეებს ასევე შეიძლება არ ჰქონდეთ მაღალი ხარისხის ძილი და ამიტომ, საწოლში უფრო დიდ დროს ატარებდნენ იმის ცდაში, რომ როგორმე მეტი იძინონ.
ამას გარდა, ცნობილია, რომ ცუდი ჯანმრთელობის ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა მოწევა და ჭარბწონიანობა ასევე დაკავშირებულია ცუდ ძილთან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს დიდხანს შეიძლება ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემების ან ცხოვრების სტილის გამო ეძინოთ და არა იმას, რომ დიდხანს ძილი განაპირობებს ცუდ ჯანმრთელობას.
მარტივად რომ ვთქვათ, დიდხანს ძილი შეიძლება ცუდი ჯანმრთელობის სიმპტომი იყოს და არა მიზეზი.