1766083043
ზაზა თელია საუბრობს გადაუდებელი შემთხვევების დროს რომელი 5 წამლის გამოყენება შეიძლება
რამდენად შესაძლებელია, ვარგისიანობის ვადის შემდგომ მედიკამენტის გამოყენება და ხომ არ გამოიწვევს ვადაგასული პრეპარატისა თუ სხვა საშუალების მიღება მოწამვლას - თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- სპეკულაცია რომ არ იყოს, პირველ რიგში, აღვნიშნავ - მე არ ვამბობ, რომ ადამიანებმა ვადაგასული მედიკამენტები უნდა მოიხმარონ. მე ამას არ ვამბობ. უბრალოდ, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ჩემს ბევრ პაციენტს დაუსვამს შეკითხვა - "რა მოხდება, თუ ვადაგასულ მედიკამენტს მივიღებ?" ამიტომ, ჩვენ ამ შეკითხვას ვპასუხობთ.
პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რას ნიშნავს წამლის ვარგისობის ვადა - 1979 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ ფარმაცევტული მწარმოებელი კომპანიები, დაავალდებულა, რომ მედიკამენტებზე ვარგისიანობის თარიღი დაეტანათ. ეს ნიშნავს იმას, თუ რა თარიღამდე შეუძლია, კონკრეტულ მედიკამენტს 100%-იანი პოტენციურობა ანუ ეფექტურობა შეინარჩუნოს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის წარსადგენად FDA-იმ 122 სხვადასხვა გავრცელებული ფორმის მედიკამენტის ანალიზი ჩაატარა - The Shelf-Life Extension Program (SLEP), რომელიც მათ მარაგში არსებული პრეპარატების გრძელვადიან სტაბილიურობას იკვლევდა.
3000 სხვადასხვა ლოტი/პარტიის მედიკამენტების ტესტირების შედეგად, 10-დან 9 წამლის ლოტს ჰქონდა 90%-ზე მეტი პოტენცია (სიძლიერე) ვადის გასვლიდან 1 წელიწადში.
პოტენციის საშუალო მაჩვენებელი იყო 5 წელი ვადის გასვლიდან. ანუ 5 წლის გასვლის შემდეგ, მედიკამენტი პოტენციას საშუალოდ ინარჩუნებდა.
კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც 15 სხვადასხვა ნივთიერების შემცველი 8 წარმოების მედიკამენტი შეისწავლეს - ვარგისობის ვადიდან 28-დან 40 წლის გასვლის შემდგომ.
უმრავლესობა (86%) - სულ მცირე 90% პოტენციის ანუ ეფექტურობის იყო.
14-დან 12-მა 100%-იანი პოტენცია შეინარჩუნა 336 თვის განმავლობაში.
8 შემთხვევაში კი სრული პოტენცია სულ მცირე 480 თვე შენარჩუნდა.
არ ვეწევი აგიტაციას, რომ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მედიკამენტი გამოვიყენოთ. მაგრამ, გარკვეული ტიპის გადაუდებენ შემთხვევებში მისი გამოყენება შესაძლებელია.
British Antarctic Survey Medical Unit-ის მიერ შესწავლილი იქნა წამლები, რომლებიც გემის საშუალებით გადაჰქონდათ. ჰაერის ტემპერატურა 3 კვირის განმავლობაში 25-30 გრადუსი იყო და შემდეგ მკვეთრი ცვლილება - 30 გრადუსიდან 0 გრადუსამდე.
შეისწავლეს 5 მედიკამენტი. მათ შორის:
ატროპინი (ანტიქოლინერგული)
ნიფედიპინი (კალციუმის არხის ბლოკერი)
ფლუკლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი)
ნაპროქსენი (ანთენის საწინააღმდეგო არასტეროიდი)
ბენდროფლუმეთიაზიდი (შარდმდენი)
ყველა მათგანმა შეინარჩუნა სტაბილურობა. მიუხედავად იმისა, რომ შენახვის პირობები დაცული არ იყო.
არ არსებობს მონაცემი, რომ ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ გამოყენებულმა მედიკამენტმა ადამიანის მოწამვლა/ინტოქსიკაცია გამოიწვია. ერთადერთი შემთხვევა იყო, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკზე. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მოიხმარა ადამიანმა და ინტოქსიკაცია დაფიქსირდა. თუმცა, ის მედიკამენტი დღეს აღარ მოიპოვება იმიტომ, რომ ხმარებიდან ამოიღეს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვარგისობის ვადა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული მედიკამენტი რა ვადამდე ინარჩუნებს მაქსიმალურ პოტენციას. აქ მოწამვლაზე საუბარი არ არის.
პოტენციას უფრო უპირატესად ინარჩუნებს: ფხვნილები, ტაბლეტები და კაფსულები.
თუმცა, არის საშუალებები, რომლებიც ვადის გასვლის შემდეგ პოტენციას ნაკლებად ინარჩუნებენ:
ხსნარები
სუსპენზიები
თვალის და ცხვირის წვეთები
კანის მოვლის საცხები ( კრემები, ლოსიონები)
გარეგანი გამოყენების მალამოები
შამპუნები, კანისა და თმის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები
ჩამოთვლილი საშუალებების ვადის გასვლის შემდგომ გამოყენება რეკომენდებული არ არის. ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ზიანი გამოიწვიოს. აქ მათ პოტენციაზე ანუ ეფექტურობაზე ვსაუბრობთ.
სამივე კვლევით, რომლებზეც ვისაუბრე, დადასტურებულია, რომ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ეფექტურობას უფრო მეტად ინარჩუნებს ისეთი საშუალებები, როგორებიცაა: ტაბლეტები, კაფსულები და გარკვეული ტიპის მზა შპრიცები.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ რეკომენდებული არ არის და არ შეიძლება, გამოვიყენოთ მედიკამენტი, რომელსაც მაცივარი სჭირდება.











