ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება დროებითია და მაინც მზად ვართ ერთმანეთს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ - ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი

მომღერალი და შოუმენი ვახტანგ ტატიშვილი პირადი უცნობის მხარეების შესახებ ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს:

გთავაზობთ, მცირე ამონარიდს ინტერვიუდან

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ამისგან არის აწყობილი ადამიანის ცხოვრება. ხან გილხინს, ხან გიჭირს, ხან ერთი მიზეზის გამო ტირი, ხან – მეორის. ყველა ცუდ ამბავზე ცრემლი მომდის. მეგობარი რომ მოგიკვდება, რა თქმა უნდა, ცრემლი წამოგივა, მაგრამ სადღაც სიხარულის ცრემლიც ჩამოგიგორდება – როგორ არ გაგიხარდება, რომ ხედავ რას აკეთებენ ჩვენი სპორტსმენები და რამხელა რეზონანსი აქვს მათ გამოსვლებს მთელ მსოფლიოში.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– ცოტას შენც მოგცემდი. ახალგაზრდა რომ ვიყო გეგმებს დავაწყობდი. ახლა რას ვიზამ, ჩემს შვილებს, შვილიშვილებს მივცემდი და ვეტყოდი, რაც გინდათ, გააკეთეთ, ახლა თქვენ უფრო მეტი ჭკუა გაქვთ და უკეთ იცით, როგორ უნდა მოიხმაროთ ეს ფული-მეთქი. იმასაც ვეტყოდი, რომ მათხოვრებს არ აუარონ გვერდი და ვისაც დახმარება სჭირდება, ხელი გაუმართონ. მათხოვარსაც გააჩნია, ზოგს პლაკატი უკავია ხელში და ზედ უწერია, „პახმელიაზე“ ვარ და გთხოვთ, დამეხმაროთო. პახმელიაზე თუ ხარ, შენი ბრალია, მე რატომ მთხოვ ფულს? ეს ცოტა არასრიოზულია, მაგრამ როცა შავებში ჩაცმული ქალი ზის მოწყალების სათხოვნელად, შეიძლება, აღარავინ ჰყავს მიმხედავი, შვილი ან ქმარი დაეღუპა და თვითონ აღარ შეუძლია მუშაობა. იმას გვერდი არ უნდა აუარო. ქალს განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ქალი უფრო ცოდოა სიბერეში, ვიდრე კაცი. ამიტომ როცა ასეთ ადამიანს დაინახავ, ისე არ უნდა მოიქცე, თითქოს ვერ ხედავ. ცუდი გრძნობაა, თუ ასეთი ადამიანი შემხვდა და ჯიბეში ფული არ მაქვს. ვფიქრობ ხოლმე, ნეტა რა იფიქრა ახლა ჩემზე თუ მიცნო-მეთქი. იქნებ ფიქრობს, ეს რანაირი ცნობილი მსახიობია, გვერდით გამიარა და არ დამეხმარაო, მაგრამ ხომ შეიძლება, იმ მომენტში მართლა არ მქონდა ფული და ამიტომ ვერ დავეხმარე.

– გიოცნებიათ, ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

– სულ არ მჭირდება მსოფლიო მასშტაბის ცნობადობა. მე მინდა, მთელი მსოფლიო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ომი შეწყვიტონ. აქამდე განვითარდა კაცობრიობა და ეს ვერ შეიგნო ადამიანმა. არა, ჩემია, არა ჩემია – ეს ცხოველური ინსტინქტი რამენაირად უნდა მოვიშოროთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ როდის მოხდება ასე? ჯერ ყველაფერი პირიქით ხდება. ახლა ბევრი ქვეყანაა მზად სხვა ქვეყნის დასაპყრობად. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება დროებითია და მაინც მზად ვართ, ერთმანეთს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ. ასე არ შეიძლება, კაცობრიობამ ცხოველური ინსტინქტები უნდა მოვიშოროთ. ერთმანეთის ჩაგვრის სურვილი არ უნდა გვამოძრავებდეს.