„ყველაფერი ორი ძმით დაიწყო, რომლებიც ერთ ველოსიპედზე ოცნებობდნენ...“ - ილია თოფურიას ემოციური მიმართვა უფროს ძმას ბრძოლის წინ

ილია და ალექსანდრე თოფურიები

ქართველი UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს, რომლითაც საკუთარ უფროს ძმას, ალექსანდრე თოფურიას, მოახლოებული ბრძოლის წინ ამხნევებს.

„ჩემო ძმაო, მინდა მოგილოცო ყველაფერი, რასაც შენი შრომით, თავგანწირვითა და თავდადებით მიაღწიე.

ამქვეყნად არავინ იცის ჩვენზე უკეთ, როგორი გზა გამოვიარეთ. არავინ იცის რეალურად, რა დაგვიჯდა აქამდე მოსვლა, რამდენი სირთულე გადავლახეთ, რამდენჯერ მოგვიწია დაცემის შემდეგ წამოდგომა და რამდენ რამეზე ვთქვით უარი ჩვენი ოცნებების ასასრულებლად.

ყველაფერი ორი ძმით დაიწყო, რომლებიც ოცნებობდნენ, ერთი ველოსიპედი ჰქონოდათ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. დღეს კი ამ ორი ბავშვიდან ერთ-ერთი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 

მაგრამ ყველაზე მეტად ის კი არ მაამაყებს, რასაც მიაღწიე, არამედ ის ადამიანი, როგორადაც ჩამოყალიბდი. რადგან მე ვიცი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და როგორი გული დგას თითოეული შენი ბრძოლის უკან.

ხვალ იმ ოქტაგონზე მარტო არ გახვალ. შენთან ერთად იქნებიან ჩვენი ბავშვობის ოცნებები, ჩვენი თავგანწირვა, ჩვენი ისტორია და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი რწმენა არასდროს დაუკარგავს.

ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის, რადგან ის სისხლით, ოფლითა და ცეცხლში გამოვლილი ბრძოლით დაიმსახურე.

რაც უნდა მოხდეს, ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონად დარჩები - ჩემს უფროს ძმად და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიამაყედ.

მთელი სულითა და გულით მიყვარხარ, ძმაო. ღმერთი გფარავდეს ხვალ და ყოველთვის“, - წერს ილია თოფურია.

✕