1774797639
ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად... - მიტროპოლიტი დავითი მომავალ პატრიარზე
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის არჩევის საკითხს ამბიონიდან გამოეხმაურა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
სასულიერო პირმა ქადაგებისას, პატრიარქის თემაზე გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, სპეკულაცია და სულიერი დაბნეულობის მცდელობა უწოდა.
მეუფე დავითმა მორწმუნეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ ჭორებს და ილოცონ ღირსეული კანდიდატის არჩევისთვის.“დიდი მითქმა-მოთქმა არის, მინდა გაგაფრთხილოთ და გითხრათ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ტელევიზიებში ათას რამეს ჰყვებიან, ათას რამ გეგმას დასახავენ. ბევრ კანდიდატს დაასახლებენ, მიჰყვებიან ყველა თითქოს მნიშვნელოვან ამბავს. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდან შეგახსენებთ - უფალი გვაფრთხილებს მოვა დრო, როცა იტყვიან, აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე. ნუ დაუჯერებთ ნურავის. ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება.ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა. ამიტომ, ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ. ეს არის დიდი სიმძიმეც, უკეთე არა ღირსებით იმსახუროს თითოეულ, მაშინ მისთვის პასუხისმგებლობა დიდი იქნება. რაც სახარებაში ნათქვამია - ბევრის მქონეს დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრი მოეკითხება. ამიტომ ნუ აჰყვებით ამ ზღაპრებს. დაუკვირდით, თქვენს შინაგან მდგომარეობას, რა უფრო გსურთ”…- თქვა მეუფემ, ალავერდის ტაძარში ქადაგებისას.









