ყაზბეგის გამზირზე, N52-ე საჯარო სკოლასთან რეკრეაციული სივრცე რეაბილიტირდა

რეკრეაციული სივრცე

საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, N52-ე საჯარო სკოლასთან რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, წიგნის ვიზუალის სკამები. მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემებიც.

შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

„მთლიანად ჩაუტარდა რეაბილიტაცია აღნიშნულ სივრცეს და მოეწყო დასასვენებელი პარკი. საუბარია, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სივრცეა გადაბმული. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სასეირნო ბილიკები, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი და განათების სისტემები. შემოტანილია საპარკო ავეჯი, ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლებული და მოწესრიგებულია. ძალიან სასიამოვნო გარემოა. ჩვენ გავაგრძელებთ საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეების გამწვანებას, რეაბილიტაციას, რათა, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს დასასვენებელი, სავარჯიშო და გასართობი სივრცეები. მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება პარკების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობაა. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ. გამგეობები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ტერიტორია აღიჭურვა უსაფრთხოების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით. სივრცე გამწვანდა - დაიგო რულონური ბალახი და 450-მდე სახეობის სხვადასხვა ხე-მცენარე, მათ შორის, ზეთისხილის ხე. რეკრეაციულ სივრცეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად განთავსდა დაფა, სადაც ამოტვიფრულია მისივე სიტყვები.

ახლად რეაბილიტირებული სივრცე დაუკავშირდა ე.წ. პრაღის სკვერს, სადაც ასევე სრულად შეიცვალა საპარკო ინვენტარი და ბავშვთა გასართობი სივრცე. განახლდა სარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარესა და სეზონურ ყვავილებთან ერთად.

ორივე სივრცის გაერთიანებით, კეთილმოეწყო 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტერიტორია. პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.