ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1789762148
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი „კარუგდებელი“ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველებისთვის განსაკუთრებული ადგილია.
გადმოცემით, აქ 6 მაისს მორწმუნეები წმინდა გიორგისთან სათხოვნელად მიდიან, 23 ნოემბერს კი მადლობის სათქმელად.
სალოცავის სახელთან არაერთი ლეგენდაა დაკავშირებული. ერთ-ერთი გადმოცემით, სოფელში მამაკაცების დაღუპვის მიზეზი ვერავინ ახსნა. მოგვიანებით, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოაბრძანეს და ხარებმა ის მაღალ ადგილზე აიტანეს, სადაც მოგვიანებით სალოცავი აშენდა.
სახელწოდება „კარუგდებელი“ კი ტაძრის კარს უკავშირდება - გადმოცემის მიხედვით, რამდენჯერმე დაკიდებული კარი ყოველ ჯერზე თავისით ვარდებოდა. სწორედ ამ უცნაურ მოვლენას უკავშირებენ სალოცავის სახელწოდებას.
მომლოცველები ამბობენ, რომ სალოცავი დიდი მადლის მატარებელია და წმინდა გიორგი მსწრაფლშემსმენელია. აქ ხშირად მიდიან უშვილო წყვილები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებსაც ოჯახის შექმნა სურთ.
სალოცავზე არაერთი სასწაულის შესახებაც ჰყვებიან.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადმოცემით, კაცი, რომელიც ყავარჯნებით მივიდა, ლოცვის შემდეგ უკან ხელჯოხით დაბრუნდა. კიდევ ერთი ისტორია მოგვითხრობს დავრდომილ ბიჭზე, რომელსაც, როგორც სოფელში ამბობენ, წმინდა გიორგი გამოეცხადა და ტაძრის აშენება დაავალა. გადმოცემის თანახმად, ბიჭმა პირველი ლოდი თავად ამოიტანა და ამის შემდეგ სიარული შეძლო.
გოგნის „კარუგდებელი“ დღესაც რჩება ადგილად, სადაც მორწმუნეები ლოცვისთვის, სათხოვრის სათქმელად და მადლობის გადასახდელად მიდიან.