1773951610
ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს - ემიგრანტებს, რომლებიც ძალიან უყვარდა პატრიარქს - დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი
სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან. ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე.
დეკანოზ ხვთისო სეხნიაშვილის თქმით, სჯერათ და სწამთ, რომ ილია II თეთრი, მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის.
"ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს - ემიგრანტებს, რომლებიც ძალიან უყვარდა პატრიარქს და ყოველთვის ლოცავდა, განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა, უსურვებდა ყოველთვის სიკეთეს, როგორც მთელს საქართველოს. ის სიყვარული, რომელიც მან გვასწავლა ღვთის შესახებ და ის ამაგი, ის ღვაწლი, რომელიც მან გასწია, რა თქმა უნდა, ადამიანის გონებისთვის შეუფასებელია. რაღაცას შეაფასებ, მაგრამ ბოლომდე ამას ვერ ჩასწვდები, რადგან ეს ძალიან დიდი სიღრმეა. გვჯერა და გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი, მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს", - განაცხადა დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა.
მათთვის, ვისაც ილია II-ისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. 21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ. პატრიარქს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა ქართულ ეკლესიას, კვირას, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალავენ.











