მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა- Le Figaro საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე

Le Figaro საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე

ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას ეხმაურება და ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა" - წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა.

"1977 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი მსახურების მქონე რელიგიურ ლიდერად მოგვევლინა. მისი მწყემსმთავრობის პერიოდში ეკლესიამ საგრძნობლად განამტკიცა ავტორიტეტი და გავლენა ქვეყნის საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

სამშობლოში უდიდესი ავტორიტეტის მქონე ილია II-მ, საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში; ხშირად იყო მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

მისი პიროვნული გავლენით ეკლესიამ არა მხოლოდ საზოგადოებრივი პოზიციები გაიმყარა, არამედ სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიციასაც ჩაუყარა საფუძველი.

საქართველოს ეკლესიის - მსოფლიოს 14 ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათაგან ერთ-ერთის ისტორია IV საუკუნის დასაწყისიდან იწყება, როდესაც იბერიის სამეფოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა", - წერს Le Figaro.