"ვისაც გინდათ, რომ ცხოვრების ტკივილებს გავუტყდე, იმედს გაგიცრუებთ... მყავს მოაზროვნე და უფლისმოყვარე მეუღლე და ყველაფერს ერთად ვუძლებთ" - გელა დაიაური საზოგადოებას მიმართავს

gela

ოთხი დღის წინ გელა დაიაურმა ფეისბუქზე ლექსი გამოაქვეყნა. ლექსს თეონას და პატარა დემეტრეს ფოტო დაურთო...

"შენგან უამრავ წერილებს ველი,
მექნება სულის საგზალი, ხემსი,
ვიგონებ: შენი პატარა ხელი
ბეღურასავით მეჭირა ხელში.
და ჩემი ფიქრი, ტრფობის გზავნილი,
მიმოქრის, წვალობს და მებუტება,
სახლიდან გარეთ გასულ მგზავრით,
ისევთ და ისევ შენთან ბრუნდება.
უერთმანეთოდ როგორ წაგვივა,
დღეები: „ხვალე“, „გუშინწინ“, „გუშინ“,
ვწევარ მარტოკა და შენს მაგივრად
სიცარიელეს ვიხუტებ გულში."

ამ კაცის განუზომელი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბი, აგერ უკვე 14 წელია ყველამ იცის. იციან, თუმცა თან ეადვილებათ "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირის" დარად.  ეადვილებათ და მარტივად აკომენტარებენ ამგვარი ტკივილიანი ლექსების ქვეშ. შეიძლება გაოცდე და არის კომენტარები გამკიცხავი ელფერითაც.

რამდენი ამგვარი არამკითხე ადამიანის ფრაზა უნდა წაეკითხა გელა დაიაურს, ამ სტატუსის დაწერა რომ გადაეწყვიტა, წარმოიდგინეთ!

***

"არ ვიცი, ღირს თუ არა ამ სტატუსის დაწერა... უბრალოდ, ერთის თქმა მინდა - ჩემი ცხოვრება მარტივად გასავლელი არ ყოფილა. ეს ყველამ იცის, მაგრამ გრძნობით მარტო ის იგრძნობს, ვისაც მსგავსი ან თუნდაც მიახლოებული ტკივილი განუცდია.

ცუდია, როცა არ იცნობ ადამიანს, არ იცი მისი ცხოვრებისეული დეტალები და კომენტარს (თუ ვარაუდს) გამოთქვამ მის ცხოვრებაზე, პირადულზე. მსუბუქად რომ ვთქვათ, ჭორაობა ჰქვია ამას.
"საწყალი მაგის ცოლი"... " სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვის", " ნეტავ თუ ესმის მაგის ცოლს..." და მსგავსი კომენტარები ჭორაობაა, ჩემო კარგებო. თან ისეთი ჭორაობა, ადამიანობასთან რომ არ აქვს კავშირი.

ნორმალური ადამიანი ამ ტკივილს გაიგებს და რბილად შეეხება...

ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ... მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, მოაზროვნე და უფლისმოყვარე მეუღლე და ყველაფერს ერთად, მშვიდად და თბილად ვუძლებთ.

ვიცი, არ ღირდა ამდენ საუბრად, ის ადამიანები, ვისაც ეს სტატუსი ეძღვნებათ, მაგრამ იყოს...

P.S. მადლობა, თბილ ხალხს... ვისაც ესმის ჩემი... საბედნიეროდ, ბევრია კარგი ადამიანები" - წერს პოეტი სოციალურ ქსელში.

***

თუმცა ნეგატიურ კომენტარებს, ბუნებრივია, ამ ტიპის კომენტარები სჭარბობს:

"ნათელი თეონა ქუმსიაშვილს და მის ორ ანგელოზს. გელა დაიაურს დღეგრძელობა, ნუგეში და გამძლეობა ჰქონოდეს უფლისგან. ბედნიერი გაეზარდოს პატარა ვაჟკაცი და გაუმრავლდეს, მის მეუღლეს კი მადლობა ქართველი ერისგან გელას გადარჩენისთვის. უფალმა დალოცვილი ამყოფოს თავის ოჯახით და შეუმსუბუქოს თავის მეუღლეს ეს დიდი ტკივილი, რაც გელას გულშია, რადგან სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. უფალი იყოს თქვენი ოჯახის მფარველი..."

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"სხვაგვარად არ შემიძლია. ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო" - რას გეგმავს წიგნის - "სოფლის მოძღვრის" ავტორი

"ვუბარებ ჩიტუნას..." - რა ანდერძი დაუტოვა მეუღლეს მამა თეიმურაზმა