1732481218
ვის აქვს შეზღუდვები დონორობაზე და რატომ ჯობია უანგარო დონორობა ფასიანს
საქართველოში ამოქმედდება რეგულაცია, რომლის თანახმად, სისხლის დონაცია მხოლოდ უანგაროდ დაიშვება. სისხლის გაღების სანაცვლოდ ფულს არავის არ გადაუხდიან. კოვიდ-პანდემიის მძვინვარების პერიოდში, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა დაინფიცირებული იყო, იმ პაციენტების ბედი, ვისაც სისხლის კომპონენტები სჭირდებოდა, ფაქტობრივად ფასიან დონორებზე დამოკიდებული იყო. ამიტომაც, ახალი რეგულაციის მოლოდინში ბუნებრივია ჩნდება კითხვა, შეიქმნება თუ არა კრიზისი სისხლის ბანკებში?
ალბათ კითხვა ასე არც უნდა დაისვას და სახელმწიფოს და საზოგადოების მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასარწმუნებლად, რომ სისხლის უანგარო დონაცია უდიდესი კეთილშობილებაა, რადგან შეგიძლია ადამიანის სიცოცხლე ისე იხსნა, მისთვის თავგანწირვა არ დაგჭირდეს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბეროძე გვესაუბრა სისხლის დონაციის მნიშვნელობაზე, რატომ არის აუცილებელი სისხლის ბანკებში მუდმივად იყოს სისხლის კომპონენტები და ვის შეუძლია გახდეს დონორი.
- ქალბატონო მაია, ახალი რეგულაციის მოლოდინში ყველაზე აქტუალური კითხვაა, რა მოლოდინი გვაქვს, შეიძლება სისხლის ბანკებში კრიზისი გაჩნდეს?
- საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, სისხლის ბანკებმა კრიზისი დაძლიონ, რათა პაციენტებმა, ვისაც სისხლის კომპონენტების გადასხმა ესაჭიროება, ადეკვატური და დროული დახმარება მიიღონ. აქედან გამომდინარე, სამუშაო ბევრია, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერაა. ახლა ჯერი იმ ადამიანებზეა, ვინც უნდა სისხლი გაიღოს.
- რატომ არის სისხლი შეუცვლელი?
- სისხლი ერთადერთი, თხიერი, შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც ყველა ორგანოს და ქსოვილს ამარაგებს. როგორც ძირითადად ჟანგბადის გადამტანს, ყველგან მიაქვს ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ჟანგბადი. სამწუხაროდ, მსოფლიოში, მეცნიერებმა ჯერაც ვერ შეძლეს ისეთი ნივთიერების მიღება, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს სისხლს და მის კომპონენტებს, აქედან გამომდინარე თითოეულ სისხლის დონაციას უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
- რატომ ჯობია უანგარო დონორობა ფასიანს?
- პირველ რიგში უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ფასიანი დონორების მიმართ, რომელთა წილი დღეს საქართველოში მნიშვნელოვანია. მათ გარეშე სისხლის კომპონენტების სერიოზული დეფიციტი შეიქმნებოდა. რაც შეეხება უანგარო დონორობას, ეს არის მოხალისეობრივი, კეთილი ქმედება, რა დროსაც კითხვარის შევსებისას საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ არაფერს არ მალავს.
- ფასიანმა დონორმა შეიძლება დამალოს?
- შესაძლებელია. აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, ამიტომაც არის საკვანძო საკითხები, რომლებზეც გულწრფელი და ამომწურავი პასუხები უნდა გასცენ დონორებმა. ამას ყოველთვის აკეთებს უანგარო დონორი.
- ვის შეიძლება დასჭირდეს სისხლის გადასხმა?
- ნებისმიერ ადამიანს. ამ წუთში სადღაც ბავშვი იბადება მოსალოდნელზე ადრე, დღენაკლულია, ვიღაცას მოულოდნელად ორსულობა გაურთულდა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ვიღაც ავტოკატასტროფაში მოხვდა. იმიტომ რომ ვერ მოვიცალეთ სისხლის ჩასაბარებლად, ან არ გვქონდა სათანადო ცოდნა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქმედება თითოეული ადამიანისგან. შესაძლოა, სისხლის კომპონენტების დეფიციტი გაჩნდეს, ვიღაცას სერიოზული პრობლემები შეექმნას. არადა, 10 წუთს, რომელიც სისხლის გაღებას სჭირდება, თუ უანგარო დონაციას მოვახმართ, სულ ცოტა, სამი ადამიანის გადარჩენის გარანტიას შევქმნით. თითოეულ ჩვენგანს შესაძლოა, მოულოდნელად დაგვიდგეს ეტაპი, როდესაც სისხლი დაუყოვნებლივ დაგვჭირდება და თუ არ გვექნება, კრიზისულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
- მაშინ მივხვდებით რა შედეგი მოაქვს უანგარო დონორობისთვის ჩვენს მოუცლელობას?
- სამწუხაროდ, ასეა. დღეს საქართველოს უამრავ კლინიკაში კეთდება ისეთი სირთულის ოპერაციები, რისთვისაც 20-25 წლის წინ უცხოეთში უნდა წასულიყავი, რომ აღნიშნული სერვისი მიგეღო. ნებისმიერი ოპერაციის წარმატებას განაპირობებს არამხოლოდ ქირურგების პროფესიონალიზმი, ისიც, თუ როგორ უმაგრებენ ზურგს ანესთეზიოლოგიური და სისხლის სამსახურები.
ყველაზე არაკომფორტულ სიტუაციაში ექიმიც და პაციენტიც მაშინ ვარდება, როდესაც გადაუდებელი, სასწრაფო ოპერაციები კეთდება. კლინიკაში პოლიტრამვის სტატუსით რომ შემოდის პაციენტი, საჭიროებს საოპერაციოში ერთდროულად რამდენიმე სპეციალიზაციის ქირურგის მუშაობას და ბევრ სისხლის კომპონენტს, რომელიც შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. ასეთ დროს ქირურგები წარმატებით ვერ იმუშავებენ და დადებით შედეგს ვერ დადებენ.
- ალბათ რამხელა მნიშვნელობა აქვს სისხლის მარაგს სამეანო სექტორში?
- ცხადია. ბავშვი უნდა დაიბადოს, სიხარულით უნდა იზეიმოს ოჯახმა და მოულოდნელად, მეხის გავარდნასავით პლაცენტის ახლა იწყება და დგება ნაადრევი მშობიარობა, რომელსაც ვერავინ ვერ გათვლის…სამეანო პრაქტიკაში ტრაგიკული მდგომარეობაა, თუ სისხლის კომპონენტები არ გაქვს. გარდა იმისა, რომ სისხლი აუცილებელია გართულებული მშობიარობის პერიოდში, შემდეგ, თუ ჩვილი დღენაკლულია, ინკუბატორში განვითარების და მკურნალობის რაღაც ეტაპზე აუვილებლად სჭირდება სისხლის კომპონენტების გადასხმა. შეიძლება კლინიკას ჰქონდეს სისხლის კომპონენტების მარაგი, მაგრამ ძირითადად, ახალშობილებს სჭირდებათ ახლად დამზადებული სისხლის კომპონენტები, კერძოდ ერითროციტული მასა ხუთიდან 7 დღემდე ვადით.
- ავადმყოფობების გარდა, სხვა შეზღუდვებიც აქვს დონორობას?
- საქართველოს კანონით, დონაცია დაშვებულია 18- 65 წლის ინტერვალში. ამა ასაკში დონორობა ნებისმიერს შეუძლია, თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს დონორობისთვის საჭირო კრიტერიუმებს. სისხლის ბანკებში დონორთან წინასწარ გასაუბრებას აწარმოებს პროფესიონალი, რომელიც გამოკითხვის პერიოდში პოტენციურ დონორს უსვამს ყველა იმ შეკითხვას, რაც დღევანდელი კანონმდებლობით გათვლილია.
სისხლის გაღების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება იყოს 250 მლ- 450 მლ პლუს-მინუს 50 გრამი. ხშირად კითხულობენ, A ჰეპატიტი მაქვს გადატანილი და მაქვს თუ არა უფლება, რომ დონორი ვიყო? A ჰეპატიტის გადატანა არცერთ ასაკში არ ქმნის დონორობის პრობლემას და შეგიძლიათ აკეთოთ სიკეთე ნაკლები გარჯის შედეგად.