„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1779048241
ჰანტავირუსის უფრო იოლად გადამდებ დაავადებად ქცევის საფუძველი არ არსებობს და მისი გავრცელება ეპიდემიის ან პანდემიის ფორმით მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით გადადის, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მის გავრცელებას. ამასთან, ინფექციის ძირითადი გადამტანი მღრღნელებია და სწორედ მათგან ხდება ადამიანზე ინფიცირება.
ჩხაიძის თქმით, ჰანტავირუსს ორი განსხვავებული ფორმა აქვს. ე.წ. „ძველი სამყაროს“ ვირუსი ძირითადად აზიაში გვხვდება და იწვევს თირკმელების დაზიანებას, რაც შესაძლოა მძიმე ჰემორაგიული სინდრომით, ანუ სისხლჩაქცევებით მიმდინარე დაავადებით გართულდეს. „ახალი სამყაროს“ ფორმა კი უფრო მეტად ამერიკის კონტინენტზე, მათ შორის სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და ფილტვების დაზიანებას იწვევს.
სპეციალისტის ინფორმაციით, დაავადება ხშირად იწყება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა სწრაფად მძიმდება. ვითარდება სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რასაც შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებიც დაემატოს. ფილტვის ფორმის შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია და 30–60%-ს აღწევს, მაშინ როდესაც თირკმლის ფორმის დროს სიკვდილიანობა შედარებით დაბალია და მაქსიმუმ 30%-ს შეადგენს.
პროფესორის განცხადებით, ჰანტავირუსის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ეფექტური მედიკამენტი და ვაქცინა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მისი გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს ფართომასშტაბიან გავრცელებას.
„არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს ვირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. შესაბამისად, შეუძლებელია, მან ეპიდემიის ან მით უმეტეს პანდემიის სახე მიიღოს,“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.