1733169705
ვინაიდან დღევანდელი აქცია თავიდანვე აგრესიით დაიწყო 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგ - ვაჟა სირაძე
დღევანდელი აქცია დაიწყო ძალადობრივად, ვიდრე შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, უკვე 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნების სროლა და ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფი აგრესიით გამოირჩევა.
„ბოლო დღეებში ხედავთ, რომ შსს-ს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგენენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ აქციის მონაწილეების, აგრესიული ხალხის მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ისინი სისტემატურად ჩადიოდნენ, ფაქტობრივად გაუჩერებლად. ასზე მეტი პოლიციელია დაზიანებული. მათ ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა რკინის საგნებს და სერიოზული დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. აქედან გამომდინარე, კვლავ მოვუწოდებ იმ პირებს, ვინც აგრესიულად არის განწყობილი, ჩადიან დესტრუქციულ ქმედებებს, ასევე აზიანებენ ქონებებს, ინვენტარს, პარლამენტის შენობასთან დაწვეს რამდენიმე ადგილი, ჩაამტვრიეს შუშები, შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა აქციის აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგ“, – განაცხადა სირაძემ.