ვინ არის ფრანგი მზარეული, რომელმაც ინგლისურ - ქართულ - მეგრული სასაუბრო შეადგინა

gotie

ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა „ამაზონზე“ თუ „ინგლისურ - ქართულ - მეგრულ“ სასაუბრო წიგნს გადააწყდით, არ დაიბნეთ. არც ლექსიკონის ფრანგმა ავტორმა დაგაბნიოთ.

27 წლის გოთიე ჰენი, მეგრულის შემდეგ, მალე სვანურ და აფხაზურ სასაუბროსაც გამოსცემს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მან საქართველოში მხოლოდ სამი წელი იცხოვრა და ქართულთან ერთად მეგრულიც „დაამუღამა“.

„ჩემი პირველი წიგნი, ინგლისურ - ქართულ - მეგრული სასაუბრო სახელმძღვანელო, რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, ორი წლის წინ გამოვიდა. სასაუბრო ხელმისაწვდომია amazon-ზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ მეგობრებს, დახმარებისთვის: გივი, პაატა, მაიკო, გივი და გიგა!“

ის პოლიგლოტი არ არის, მზარეულია. ქართული კერძების ინტერესმა, ხუთი წლის წინ ჩვენ ქვეყანაში ჩამოიყვანა და ასე გადაიშალა მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი უცხო მიწაზე. საქართველოთი მოხიბლულმა ყველა რეგიონი შემოიარა და გაოცებას ვერ მალავდა. გულის სწორიც ჩვენს ქვეყანაში იპოვა, ქართველ გოგონაზე იქორწინა.

„საქართველოს შესახებ ჩემს ქალაქში შემთხვევით შევიტყვე. მერე ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე. მალევე გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა. დაახლოებით სამი წელი ვიცხოვრე თქვენს ქვეყანაში. პროფესიით მზარეული ვარ. თბილისში ჩემი პროფესიით ვიმუშავე. მაშინვე, ჩამოსვლისთანავე დავიწყე ქართული ენის შესწავლა, ამაში ჩემი ქართველი მეგობრები დამეხმარნენ.

მეგრელი მეგობრების წყალობით, მათი სასაუბროს შესწავლის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ წიგნების მოძიება გამიჭირდა. ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე. მეგრულის შესწავლა ცოტა რთული აღმოჩნდა, თუმცა საინტერესო. ამის შემდეგ გადავწყვიტე თავად დამეწერა სასაუბრო და წიგნად გამომეცა. როგორც მეუბნებიან გამომივიდა.

ასევე სპეციფიურია სვანური სასაუბროც, დიდი სურვილი მქონდა ისიც შემესწავლა, თუმცა, იმის გამო, რომ სვანი მეგობრები არ მყავს, მისი შესწავლა ვერ შევძელი. ჩემი მეუღლე ქართველია, ახლა საფრანგეთში ვცხოვრობთ. მე ისევ ჩემი პროფესიით ვმუშაობ. პარალელურად ვწერ წიგნს ქართული ენის შესახებ, სადაც ფრანგულად იქნება ახსნილი გრამატიკა.“ - ამბობს გოთიერ ჰენისმა.