დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტელეკომპანია „იმედი“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ „სანსეტ შოვის“ ტერიტორიის დატოვების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
„იმედის“ ინფორმაციით, „ქრონიკამ“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ოფიციალურად გამოითხოვა ვიდეოკადრები.
„საუბარია, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ კამერების ჩანაწერებზე. მასალა კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების პერიოდს ასახავს, 3 აგვისტო – 14:08 საათზე. კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილით ტოვებენ“, – ნათქვამია „იმედის“ ინფორმაციაში.
ამასთან, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო ვერტმფრენის საშუალებით შვილები სტიქიის ზონიდან გამოიყვანა. მისივე თქმით, დიდი სიბოროტეა, როდესაც ცრუ ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება.
„საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მომმართა ტელეკომპანია „იმედმა“, რომ მიმეცა ნებართვა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოეპოვებინათ, რომელიც შოვიდან ჩემი ოჯახის გამოყვანას ასახავს. რა თქმა უნდა, მივეცი თანხმობა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. იყო ასევე ბევრი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია და მათაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს, რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება ანგრევს და აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ხვალინდელ დღეს. დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ“, – აღნიშნა კალაძემ.