1745299467
VIDEO: რა ჩანს სათვალთვალო კამერის კადრებში, რომელიც ალეკო ელისაშვილის დაკავების მიზეზი გახდა

ვრცელდება სათვალთვალო კამერის კადრები, რომელიც ალეკო ელისაშვილის დაკავების მიზეზი გახდა.
3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბაბაევის თქმით, ინციდენტი 2 დეკემბერს, საღამოს საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისივე განცხადებით, თავდასხმის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
"ქართული ოცნების" წევრზე ალი ბაბაევზე თავდასხმის გამო, ალეკო ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.
ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია განცხადებაში.
ნახეთ კადრები ⇓