გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
დასვენება, განტვირთვა, მზე, ზღვა ყველას სჭირდება. როგორც წესი დასაქმებულთა უმეტესობა მთელი წლის განმავლობაში ელის ივლისს, აგვისტოსა და სექტემბერს, რათა კუთვნილი შვებულებით ისარგებლოს და საქართველოში თუ საზღვარგარეთ დასვენებით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, ახალი ენერგია მიიღოს.
გარდა იმისა, რომ წყალი აკაჟებს ორგანიზმს, ეზოტერიკოსები ენერგიის საუკეთესო გამწმენდად, სწორედ წყალს ასახელებენ. გარდა ამისა, სულიერი სიმშვიდისთვის უმეტესად ისეთ ადგილებს ირჩევენ, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. ეზოთერიკისა რა გითხრათ, მაგრამ დღეს გაგაცნობთ ქალბატონს, რომელიც არათუ ზაფხულსა და შემოდგომაზე, არამედ ზამთარში, ყოველ დილით თბილისის ზღვაზე, დაახლოებით ერთ საათს ცურავს.
მაია ნაცვლიშვილი ახლა 50 წლისაა და სამი შვილის დედაა. უკვე ხუთი წელია, ზამთარსა და ზაფხულში, ამინდის და ტემპერატურის მიუხედავად, ყოველდღე ადის თბილისის ზღვაზე და ცურავს. მაია ამჟამად უმუშევარია. განათლებით ექიმ-ლაბორანტი, ეკოლოგი, 20 წელი მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროში.
„ყინულის ქალი“ - ასე შეარქვეს ქალბატონ მაიას, მისი სიკაჟით გაოცებულმა თვითმხილველებმა. ერთმა იხუმრა კიდეც. „ამას სისხლი კი არა, ანტიფრიზი აქვს ძარღვებშიო“...
მაია ნაცვლიშვილი: 2012 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ყოველთვის ვიყავი სპორტით დაკავებული, მაგრამ ცივ წყალში ცურვა, როგორც ჰობი ისე იყო ჩემთვის, ახლა უკვე ცხოვრების წესად მექცა. ვარ უფრო ენერგიული, ჯანსაღი. ეს ჩემს განწყობაზეც აისახა.
ცივ წყალში ცურვა და ცივი წყლიდან ამოსვლა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთას გადადგამ, ისეთი ენერგია და ძალა გემატება. ეს თუ არ გამოცადე ადამიანმა, სიტყვებით ვერ გადმოცემ. ბევრი ადამიანი ისე უყურებს ამ თემას, თითქოს ეს არის შეუძლებელი. მე ცივ წყალში ცურვა დავიწყე 2012 წელს.
ცივ წყალში ცურვასა და გაკაჟებას თავისი წესები აქვს. არ შეიძლება ადამიანი მოვიდეს და პირდაპირ ზამთარში წყალში ჩახტეს. ეს რა თქმა უნდა ორგანიზმზე კარგად არ აისახება. აუცილებელია, ორგანიზმი შეეგუოს ტემპერატურის ცვლილებას. მე დავიწყე ზაფხულიდან. ვცურავდი მთელი ზაფხული. მერე ვთქვი, მოდი მივაყოლებ სექტემბერს, მერე მოდი - ოქტომბერი. ოქტომბერი რომ დამთავრდა, გავიფიქრე, მოდი, აბა ნოემბერსაც შევეჩვიო. შევაჩვიე ორგანიზმი თანდათან. დასაწყისისთვის 5 წუთი იყო ცივ წყალში ჩემი ყოფნის დრო. მაგრამ სადღაც 10 წელში 5 წუთიდან უკვე 45 წუთზე ავედი. არავის ვურჩევ, პირდაპირ ზამთარში სცადოს ცივ წყალში ცურვა.
- ქალბატონო მაია, ბევრი მიმდევარი გყავთ?
- ძალიან ბევრი მიმდევარი გვყავს. კლუბში დაახლოებით 300 ადამიანი ვართ. თუმცა ბევრი გამოგვაკლდა, ზოგი ასაკით, ზოგიც სხვა პრობლემით. დილის 6 საათიდან, ვისაც როგორ აქვს დრო ,ყველა მოდის თბილისის ზღვაზე. ბევრმა მიხვდა ამ აქტივობის სიკეთეს, ორგანიზმი კაჟდება. ენერგია ემატება ადამიანს. ძალიან უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ. ხორცი ხომ ინახება საყინულეში. სიცივეში, არ ფუჭდება, ასევეა სხეულიც. ორგანიზმს თუ სწორად მიაჩვევ, კანზეც აისახება ცივი წყლის აბაზანები. კანიც უფრო მკვრივი და ელასტიური ხდება. როცა წყლიდან ამოდიხარ, ისეთი ფერი გაქვს, როგორც პატარა ბავშვებს ვარდისფერი ლოყები. ამას ჰქვია ჯანსაღი ფერი.
ჩემი ორგანიზმი წყალში შესვლისას შოკს იღებს. ეს შემიძლია შევადარო დენის დარტყმას. ეს ხდება წამებში და მერე უკვე სხეულის ტემპერატურა უერთდება წყლის ტემპერატურას და ბალანსირდება. ჩემი ორგანიზმი მიჩვეულია ამ მდგომარეობას.
რეკორდსმენ ბეგლარ ელბაქიძეთან ერთად
ჩვენს კლუბში არის ქალბატონი, რომელსაც აწუხებს დიაბეტი, მაგრამ ამბობს, რომ რაც ცივ წყალში ცურვა დაიწყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. უფრო ენერგიულია და უკეთესადაა. ასევე კარგი შედეგები აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც სისხლ-ძარღვების პრობლემა აქვს. მეც მქონდა ეს პრობლემა, მაგრამ ახლა ბევრად უკეთესად ვარ.
მთელი პანდემიის პერიოდი, ერთი დღეც არ შემიწყვეტია ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი არ იყო, ფეხით ავდიოდით თბილისის ზღვაზე და ვაგრძელებდით ფიზიკურ აქტივობას. გვქონდა პირდაპირი ჩართვები და ვამხნევებდით ხალხს.
ერთი ჩვენი გუნდის წევრი დიდ დიღომში ცხოვრობს და საათ-ნახევარი ფეხით გადიოდა გზას, რომ ამოსულიყო და გაეცურა. ეს იმხელა შეგრძნებაა, რომ ვერ აღწერ.
- გაყინული წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ალბათ, სიცივის შეგრძნება უფრო იმატებს...
- წყლიდან რომ ამოვდივარ, 10 წუთი ტანსაცმელსაც არ ვიმშრალებ, ვატარებ სუნთქვით ვარჯიშებს. და მერე ვიცმევ.
ასეთ დროს კარგია ცხელი შხაპის მიღება, მაგრამ სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა არ გვიწყობს ხელს. ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს, არის ინფრასტრუქტურა - არ არის ელემენტარული გასახდელი. რამდენჯერ ყოფილა, ამოვსულვართ წყლიდან და ტანსაცმელი გაყინული დაგვხვედრია.
სასურველია ამ დროს ცხელი ჩაის და ყავის დალევა, რომ ორგანიზმი ნელ-ნელა გათბეს და გარემოს შესაბამის ტემპერატურაზე გადმოვიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება ასეთ დროს, რომ სხეულის ტემპერატურის გადაციება არ მოხდეს.
- ოჯახის წევრები თუ ცურავენ თქვენთან ერთად?
ზოგადად, სპორტული ოჯახიდან ვართ. მამა ცნობილი ჩოგბურთელია. ძმა კალათბურთელი. ჩემი შვილებიც დროის შესაბამისად აქტიურობენ. მე პირადად, როგორც გითხარით ყოველთვის ვიყავი დაკავებული სპორტით და შესაბამისად, სპორტული ოჯახი გვქვია.
- გვინახავს თქვენი ვიდეოები, სადაც გაცურვა ორგანიზებულია და მას სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ვინ გეხმარებათ ღონისძიებების გამართვაში?
- ჩვენ მივუძღვენით გაცურვა „არა ძალადობას“, „არა ნარკოტიკს“, დიდგორობას, 3 მარტს - ქალბატონებს. ნათლისღებას სულ დიდი ზეიმით ვხვდებით. ამ ყველაფერს კლუბის წევრები საკუთარი სახსრებით ვაორგანიზებთ და ვცდილობთ საზოგადოება გავამხნევოთ და გამოვაფხიზლოთ. ჩვენი სპორტული კლუბის პრეზიდენტი გახლავთ მწერალი, აფხაზეთის ომის გმირი, მიხეილ მორჩილაძე მე ვიცე პრეზიდენტი ვარ.
ფოტოზე: კლუბის პრეზიდენტი მიხეილ მორჩილაძე, მაია ნაცვლიშვილი, მოქანდაკე ლევან ტაბატაძე(რომელმაც შექმნა კლუბის ლოგო „აია არგო“) და შოთა გოგიბერიძე გაცურვების გამარჯვებული.
- ალბათ, კითხვის დასმაც უხერხულია, რომ გკითხოთ, ვირუსების სეზონზე როგორ ხართ?
- ვირუსებს აქეთ ეშინია ჩვენი - ასე ვხუმრობთ...
- ვნახეთ ვიდეო, სადაც გაოცებული ადამიანი ამბობს, ამ ქალს ძარღვებში სისხლი კი არა ანტიფრიზი აქვსო...
- რაც შეეხება ვიდეოს, ვიდეოს ავტორი ბატონი როლანდ მალანიაა. დამსახურებული პედაგოგი. წლების მანძილზე სკოლის დირექტორი. მე მისი ძალიან მადლიერი ვარ. იმ დღეს სრულიად შემთხვევით შემხვდა და გადამიღო. მაგრამ ვერ შეძლო ბოლომდე გადაღება. მე ჯერ კიდევ წყალში ვიყავი, მას ხელები გაეყინა და ვერ გააგრძელა გადაღება.
მაია ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ ბევრი მცდელობის, შესაბამის სამსახურებთან შეხვედრების მიუხედავად, დღემდე მოუგვარებელი საკითხი ერთ დღეს მაინც გადაწყდება და, მინიმალური პირობები შეექმნებათ თბილისის ზღვაზე, ზამთარში მოცურავე ადამიანებს. (მთავარი, რაც ამ ადამიანებს სურთ, გასახდელის მოწყობაა).
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს ახალგაზრდები შემოგვიერთდნენ, არ მინდა რომ დაბოლილებმა და ცხოვრებაზე ხელჩაქნეულებმა იცხოვრონ. ეს რეჟიმი ისეთ ენერგიას და ხალისს აძლევს ადამიანს, რომ უნდა გამოცადოს ყველამ. წყალი ხომ ენერგიებსაც წმენდს. ძალიან მინდა გვქონდეს ხელშეწყობა, ელემენტარული გასახდელი მაინც გვქონდეს.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერა. სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ გიორგაძე ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევდა. როცა ღონისძიებები გვაქვს, ყოველთვის მხარში გვიდგას სამაშველო სამსახური, რადგან ყველა ღონისძიებას უსაფრთხოება სჭირდება. გადაცურვის დროს ორი ნავით მაშველები სულ თან დაგვყვებიან. თუ ვინმეს რამე გაუჭირდება, მიეშველონ. ძალიან მადლობელი ვართ სამაშველო სამსახურის. მადლობელი ვარ ჟურნალისტების იმ ტელევიზიებს, ვინც გააშუქა ჩვენი აქტივობები.
ჩვენს ღონისძიებას ესწრებოდა ნაძალადევის დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე ირაკლი ანდღულაძესთან ერთად. იმედი მაქვს კიდევ ბევრი წარმატებული გადაცურვა, ღონისძიება და ენერგიული დღეები ექნება ჩვენს კლუბს და საზოგადოებას“,- ამბობს ქალბატონი მაია.