“ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი”განცხადებას ავრცელებს

ნკ

დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა განცხადება გაავრცელა. ტექსტის შინაარსი თეატრის შენობის წინ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა. მასში ნათქვამია, რომ დასი "არ აღიარებს არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ დოიაშვილის გაშვებაზე".

"ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს. ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ, ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე," - ნათქვამია განცხადებაში.

აღმაშენებლის გამზირზე შეკრებილებს მიმართა დავით დოიაშვილმაც. მისი თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას ის დიდი ხანია ელოდა.

"ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. დღეს, თეატრი არ დაბრუნდება, თუ მე ვარ ხელმძღვანელი - თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. საერთოდ არ ვნერვიულობ, რადგან ამ ყველაფერს ველოდი, ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა - მიკვირს, კიდევ ამდენი ხანი რომ გვაცალეს. მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები - საერთოდ მეორეხარისხოვანია," - აცხადებს დავით დოიაშვილი.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გუშინ, 16 აპრილს გაათავისუფლა. უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყვეტი დაფინანსებისა და "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს არ ასრულებდა.