ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 127 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა

ვანი

ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 127 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.

ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა, გვირგვინით შეამკეს ტიციან ტაბიძის ბიუსტი.

მოგვიანებით შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტიციან ტაბიძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ტიციანის პოეზიაზე შექმნილი ღონისძიება გამართეს, რომელსაც ორგანიზება გაუწია მერიის კულტურის სამსახურმა. ამავე სამსახურის ინიციატივით ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დღესვე , პოეტის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში, ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო განათლების და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა მონაწილეობით, ლიტერატურულ - მუსიკალური პერფორმანსი - „გაზაფხულს ტიციანი მასპინძლობს “ გაიმართა.
ტიციან ტაბიძე დაიბადა ჭყვიშში, 1895 წლის 2 აპრილს.

„ 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა “კოლხიდაში”, “სახალხო გაზეთში”, “ერში”, “თეატრი და ცხოვრებაში”.
იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი “ცისფერყანწელთა” სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — “ცისფერი ყანწებით”.

რედაქტორობდა გაზეთ “ბარიკადს”. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

1937 წელს ტიციანი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.