„უნდა დაინერგოს ფარმაცევტული პროდუქტის ელექტრონული რეცეპტის სისტემა“ - ნახეთ, დეტალები

წამლები

„უნდა დაინერგოს ფარმაცევტული პროდუქტის ელექტრონული რეცეპტის სისტემა - ზოგი „მერსედესს“ შეიძენს, ზოგი კი „ოპელს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ  #FORBES HEALTH-ში განაცხადა.

„ელექტრონულ რეცეპტში ექიმმა არ უნდა მიუთითოს, რომელი მედიკამენტი შეიძინოს მომხმარებელმა. არჩევანის უფლება უნდა გადავიდეს პაციენტზე - შესაბამისი გენერიკის რომელი ბრენდის ან ბიუჯეტის მედიკამენტს შეიძენს. ვისაც აქვს შესაძლებლობა, იყიდის „მერსედესს“, ვისაც აქვს შესაძლებლობა, იყიდის „ოპელს“ - ორივე კარგი ხარისხისაა, თუმცა სხვადასხვა ბრენდია და სხვადასხვა კომფორტი აქვს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში არის სამედიცინო პერსონალის გარკვეული კატეგორია, რომელიც არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას ეწევა და ესეც მოსაგვარებელია, თუნდაც მკაცრი სანქცირების მექანიზმითაც“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ელექტრონული მედიკამენტების სისტემა უკვე დიდი ხანია გამოიყენება კერძო სადაზღვევო სისტემაში.

„ერთმანეთს რომ შევადაროთ ის მოქალაქეები, რომელთაც კერძო დაზღვევა აქვთ და ისინი, ვისაც არ აქვთ, დავინახავთ, რომ ესენციურ მედიკამენტებზე ფინანსებს სხვადასხვანაირად ხარჯავენ - კერძო დაზღვევის მქონე მოსახლეობის ხარჯი არის მინიმუმ ორჯერ ნაკლები, ვიდრე - არადაზღვეულების, რადგან დაზღვეული მოსახლეობა ერთგვარად მართულ სქემაშია ჩართული, რომელსაც კერძო სადაზღვევო კომპანიები უზრუნვლეყოფენ. ეს სქემა მუშაობს უკვე 10 წელზე მეტია. ჯერ კიდევ 2010 წელს, „ალდაგში“ გვქონდა დანერგილი ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რა დროსაც ოჯახის ექიმი გარკვეული სიიდან ახდენდა მედიკამენტების გამოწერას; ეს სადაზღვევო კომპანიისთვისაც და მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანი დანაზოგი იყო. თუ ეს სქემა მუშაობს 500 ათას კერძო დაზღვეულზე, მაშინ ამის დანერგვა შესაძლებელია დანარჩენ მოქალაქეებზეც“, - ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

 

წყარო: bm.ge