უკრაინაში მეგობარ პროფესორს ვესაუბრე, ისინი იბრძოლებენ უკანასკნელ შესაძლებლობამდე - ზაზა ცოტნიაშვილი

ცოტნიაშვილი

პროფესორი, კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი უკრაინაში შექმნილ საომარ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რომელიც რეზერვისტებთან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს.

„ღმერთმა დალოცოს უკრაინა, ღმერთმა დალოცოს საქართველო. ვესაუბრე მეგობარ პროფესორს ჟიტომირში, თვითონ დამირეკა, რამაც ძალიან გამახარა. მისი განწყობა იყო საიმედო; მუშაობს რეზერვისტებთან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერის მიმართულებით, ემზადებოდა ონლაინ ტრენინგის ჩასატარებლად მოსახლეობის გარკვეული სამიზნე ჯგუფებისთვის.

ჩანს, არ აპირებენ უკრაინელები დიქტატორის ჩექმის ქვეშ ცხოვრებას, ისინი იბრძოლებენ უკანასკნელ შესაძლებლობამდე. მთელი უკრაინის მასშტაბით იბომბება აეროპორტები, სამხედრო ბაზები (იხ. რუკა).

უკრაინის სამხედრო დანაყოფები წინააღმდეგობას უწევენ რუსულ მძლავრ სამხედრო აგრესიას, მოსახლეობა ინარჩუნებს სიმშვიდეს, ცდილობენ არ გავიდნენ ქუჩაში, სადაც ძირითადად უკრაინელების მიერ ჩამოგდებული უპილოტო რუსული სამხედრო თვითმფრინავების ნარჩენები ყრია.

ვითარება არ არის მარტივი უკრაინისთვის, მაგრამ, ჩანს, საოკუპაციო ძალები ადვილად ვერ მიაღწევენ საწადელს.იმედია, გამოიღვიძებს დასავლეთი და თუ სურს, იგივე სცენარი არ იხილოს, ძალიან მალე, ევროპის სხვა ქვეყნებში, უფრო მეტი თავდადებით დაუდგება უკრაინას მხარში, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისთვის დღეს ღვრის სისხლს“, - წერს ცოტნიაშვილი.