1746007492
"თვალსა და ხელს შუა გაივსო ჩვენი ვოლიერები..." - 14 წლის სურამელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ზოოპარკი გააშენა

უკვე 3 თვეა, რაც სურამის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე რევაზ აბჟანდაძე საკუთარი სახლის ეზოში, გაშენებულ ვოლიერებში მოთავსებულ სამოცდაათამდე ბინადარზე ზრუნავს. მათ შორის არიან იშვიათი ჯიშის ქათმები, ხოხბები, კურდღლები, ზღარბები, წყლისა თუ ხმელეთის კუები....
რევაზ აბჟანდაძე: სურამი ტურისტული ზონაა, ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ აქ დავიბადე, გავიზარდე და სხვაგან ცხოვრებას არც ვაპირებ. აქ რომ ჩამოდიან დამსვენებლები, ნახულობენ სურამის ციხეს, ცენტრში დაისვენებენ, ტბაზე წავლენ, ითევზავებენ, ლესია უკრაინკას მუზეუმს დაათვალიერებენ, ნაძვნარში გაისეირნებენ... სულ მინდოდა კიდევ ისეთი სივრცე შემექმნა, სადაც დამსვენებელი სიამოვნებით მოვიდოდა. ჰოდა მაშინ გავიფიქრე, მოდი გავაკეთოთ ზოოპარკი. იმ დღიდან სულ ამაზე ვოცნებობდი. სახლში იცოდნენ ჩემი ოცნების შესახებ და მთელმა ოჯახმა ერთად დავიწყეთ ზრუნვა, რომ ჩემი ოცნება რეალობად გვექცია... მერე მეგობრებიც შემომიერთდნენ და შედეგი სახეზეა.
ხოხბები მე და მამამ ქარელიდან მოვიყვანეთ. აი, ეს ქოჩორა ქათმები ესპანური პადუანებია, ეს ფუმფულები კი, დინჯად რომ დააბიჯებენ, ფრანგული აბრეშუმებია, დედალ-მამალი ხმელეთის კუ ოსიაურიდან მოვაბრძანეთ.. მოკლედ, ასე თვალსა და ხელს შუა, გაივსო ჩვენი ვოლიერები და ძალიან გახარებული ვარ ამით. ჰო, კიდევ კოკისპანიელი მყავს ლედი და ლაბრადორი - ბუბუ.
ჩემი დილაც და საღამოც ამ ცხოველებსა და ფრინველებზე ზრუნვით იწყება და მთავრდება. ვაჭმევ, ვოლიერებს ვუსუფთავებ, ქვიშას ვუცვლი, ბალახი მომაქვს, საქმეს რა გამოლევს, მაგრამ სულ არ მეზარება, პირიქით, მსიამოვნებს აქ ფუსფუსი. ახლა მინდა ფრანგული “მარანსის” ჯიშის ქათმები შევიძინო, რომლებიც შოკოლადისფერ კვერცხებს დებენ. ნაცრისფერი მარანსი დებს ყველაზე მუქ ყავისფერ კვერცხს, შავი - შედარებით ღიას, დიდი იმედი მაქვს, ორივე მათგანს იხილავთ უახლოეს ხანში ჩემს ვოლიერებში. საერთოდ, სანამ რომელიმე სახეობის ცხოველს ან ფრინველს მოვიყვან, მასზე უამრავ ინფორმაციას ვეცნობი, რომ კომფორტული გარემო შევუქმნა ჩემს ზოოპარკში,- ამბობს 14 წლის რეზო.